როგორც ომბუდსმენის ოფიციალური ვებ გვერდიდან ხდება ცნობილი, კანონპროექტი შეეხება სამართალდარღვევებისათვის დაწესებული სანქციების ცვლილებას, მათ შორის, შემსუბუქებას, ასევე, ზოგიერთი სამართალდარღვევის ცნების ფარგლების გაფართოებას.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სახელმწიფოს მიდგომას, რომელიც მიმართულია ნაკლებად მძიმე სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებისკენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობა ძირეულ რეფორმას მოითხოვს. კერძოდ, გადასახედია ამა თუ იმ ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებისა თუ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესუალური უფლებებისა და გარანტიების უზრუნველყოფის საკითხი. ამასთან, პრობლემურია ადმინისტრაციული პატიმრობის როგორც, ზოგადად არსებობა, ისე მისი კოდექსით გათვალისწინებული ხანგძლივობა, რაც თავისი სიმკაცრით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უტოლდება. ასევე, კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სასამართლო განხილვების არაეფექტურობა და უმეტეს შემთხვევაში, შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფა, რის გამოც შესაბამის სამართალდარღვევაში ბრალდებული პირი მოკლებულია სრულყოფილად ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამ პრობლემებზე არაერთხელ მიუთითებდა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში, ისე, სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები.
წარმოდგენილი ცვლილებებიდან, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე და 173-ე მუხლებში განსახორციელებელი ცვლილებები.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 171-ე მუხლის სათაური და დისპოზიცია ყალიბდება შემდეგი შინაარსით:
"მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა
ალკოჰოლიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა...".
ინიცირებული ცვლილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება – ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლიანი სასმელების სმა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ადგილებში ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა. განსაკუთრებით საყურადღებოა მეორე ნაწილი, სადაც ცვლილება გულისხმობს ღირსების "შეურაცხმყოფ" მდგომარეობაში ყოფნას, როგორც სამართალდარღვევას, მიუხედავად იმისა, თუ რითია გამოწვეული ამგვარი მდგომარეობა.
კოდექსის 171-ე მუხლის მოქმედი რედაქცია სამართალდარღვევად მიიჩნევს "...საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას". მაშასადამე, ნორმით გათვალისწინებული შეურაცხმყოფელი მდგომარეობა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, დაკავშირებული უნდა იყოს მთვრალ მდგომარეობასთან. თუმცა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნორმის მოქმედი რედაქციაც საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან რთულია დადგენა, ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა უნდა დავაკავშიროთ აუცილებლად სიმთვრალესთან, თუ მათ ასევე გააჩნიათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა.
ცვლილებებით გათვალისწინებულია სიტყვის "მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის" ამოღება, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, მხოლოდ ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა.
უნდა აღინიშნოს, რომ ღირსება და საზოგადოებრივი ზნეობა, უმეტესწილად, სუბიექტურად შეფასებადი კატეგორიებია. ის, რაც საზოგადოების ერთი წევრისთვის ღირსების შემლახველია, სხვისთვის შეიძლება ცხოვრების წესი, თვითრეალიზაციისა და საკუთარი თავის განვითარების საშუალება იყოს. საკმაოდ რთული და შეუძლებელია ადამიანის ღირსების ცნების ზუსტი და ამომწურავი სამართლებრივი განსაზღვრაც. ამიტომ, კანონპროექტის ამ შინაარსით მიღება საფრთხის შემცველია, რადგან არ პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის ამ შინაარსით მიღებამ და მის საფუძველზე სახელმწიფოს მომეტებულმა გულმოდგინებამ – დაიცვას ღირსება და ზნეობა, შესაძლოა თვითონ გამოიწვიოს ადამიანის სხვა კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, ღირსების ხელშეუვალობის დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც შეეხება ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნას, ან უნდა იქნეს ამოღებული, ან ჩამოყალიბდეს სხვაგვარი ფორმულირება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ცვლილება მოიცავს ორ მიმართულებას. ერთი მხრივ, ფართოვდება ამ კონკრეტული სამართალდარღვევის ცნების ფარგლები, ხოლო, მეორე მხრივ, იცვლება სანქცია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი კოდექსის იმ თავში შედის, რომელიც მოიცავს მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და მმართველობის დადგენილი წესის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, კოდექსის 173-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა და მათდამი ე.წ. "ბოროტად დაუმორჩილებლობის" აღკვეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს "ბოროტი დაუმორჩილებლობის" ზუსტად განმსაზღვრელი დეფინიცია, რაც მისი შინაარსის ერთგვარ ბუნდოვანებაზე მეტყველებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს "ბოროტი დაუმორჩილებლობის" ცნების ზუსტი განსაზღვრა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კოდექსის შესაბამისი ნორმის არაერთგვაროვანი გამოყენება.
ტერმინი "ბოროტი დაუმორჩილებლობა", უნდა ნიშნავდეს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი განსაკუთრებული, უხეში ფორმით – განსაკუთრებით თავხედურ დაუმორჩილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან უბრალო დაუმორჩილებლობა და ე.წ. "ბოროტი დაუმორჩილებლობა". შესაბამისად, უხეში ფორმით დაუმორჩილებლობა შესაძლოა განხორციელდეს, მათ შორის, შეურაცხმყოფელი ფორმითაც.
ამასთან, კოდექსის 173-ე მუხლზე მსჯელობისას, მხედველობაშია მისაღები, მისი გამოყენების ნეგატიური პრაქტიკა. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ხშირი იყო ამ მუხლის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ადმინისტრაციული პროცესის ნაკლოვანებების გამო, კი ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების საფრთხე კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.
შეშფოთებას იწვევს ის გარემოებაც, რომ ცვლილებით გათვალისწინებული სიტყვიერი, ან სხვაგვარი შეურაცხყოფა, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე დამოუკიდებელ ქმედებად არის ჩამოყალიბებული და არ ჩანს მისი უშუალო კავშირი ე.წ. "ბოროტ დაუმორჩილებლობასთან". ე.წ. "შეურაცხმყოფელი ქმედება" საკმაოდ ფართო განმარტების საფუძველს იძლევა. პირობითად, როდესაც ადგილი აქვს ბოროტ დაუმორჩილებლობას, იგი უნდა გამოიხატებოდეს ერთგვარ აქტიურ მოქმედებაში, აშკარა წინააღმდეგობასა და შესაბამისი მოთხოვნების დაუმორჩილებლობაში, იმ დროს, როდესაც შეურაცხმყოფელ ქმედებაში პოლიციელმა, შესაძლებელია მოიაზროს პირის ნებისმიერი ჟესტი, მოძრაობა და ა.შ. გარდა ამისა, თუ მხოლოდ მსგავსი ქმედება იქნება პოლიციელის მხრიდან შესაბამისი პირის დაკავების საფუძველი, სამართალდარღვევაში ბრალდებულს გაუჭირდება სასამართლოში საპირისპიროს დამტკიცება, მით უმეტეს, რომ სასამართლო პრაქტიკა ხშირად იხრება პოლიციელთა ჩვენებების უპირობო გაზიარებისაკენ.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ე.წ. "შეურაცხმყოფელ ქმედებად" შესაძლოა სუბიექტურად აღქმული იქნეს, მათ შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეთა, რიგ შემთხვევებში რადიკალური მოწოდებები, მათ შორის პოლიციის მიმართ გამოხატული უკიდურესი პროტესტის ფორმები და ა.შ. ყოველივე ეს კი, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ კოდექსის აღნიშნული ნორმის გამოყენება დამოკიდებული იქნება სამართალდამცავთა სუბიექტურ შეფასებაზე, რაც ართმევს კანონს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის ელემენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 173-ე მუხლში ამ ფორმით ცვლილების განხოციელება არ იქნება მიზანშეწონილი.
მასალის გამოყენების პირობები






