ამ ფონზე საინტერესოა „ნიუპოსტის“ „ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილის სავარაუდო გეგმებს ეხება. კერძოდ, ჩვენი წაყრო ყვება, რომ ივანიშვილი მთელი გუნდის გადახალისებას აპირებს და ეს „როტაცია“ მხოლოდ კობახიძე-მდინარაძის დაჯგუფებას კი არა, არამედ, მის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსაც შეეხება, რომელიც ბოლო დრომდე „ოცნების“ რუხ კარდინალად ითვლებოდა. ახალი კონფიგურაციის თანახმად კი, „ოცნებაში“ სიტუაციის დალაგებას ივანიშვილი საკუთარ დისშვილს მიანდობს. მართალია, ამ დისშვილის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, ეს ადამიანი ე.წ. საჩხერის კლანის „ბოსია“ და ბიძა უსიტყვოდ ენდობა.
ასეა თუ ისე, „ოცნებაში“ დაწყებული არეულობის დალაგება ადვილი არაა. ეს ვითარება კი ხელსაყრელი, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის იქნება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული საზოგადოებამ დიდი ოპოზიციური გაერთიანება იხილოს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს, მას გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა კვლავაც მიხეილ სააკაშვილთან მოუწევს.
მსოფლიო მედიას თუ გადავხედავთ, მიხეილ სააკაშვილი არათუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, არამედ, მთელი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან პოლიტიკოსად რჩება. დასავლეთში, როგორც ჩანს, იმასაც კარგად გრძნობენ და ხედავენ, რომ სააკაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ქართული ოპოზიციის გაერთიანება და ამ ფორმით რუსული ოლიგარქიული მმართველობის დამარცხება შეუძლია.
ამ მოცემულობას, როგორც ჩანს, ივანიშვილიც ხვდება და ამიტომაც გადაწყვიტა კულისებიდან გამოსვლა, მაგრამ მოვლენების 2012 წლის სცენარით განმეორება შეუძლებელია, რადგან „ოცნების“ 6-წლიანმა მმართველობამ მოსახლეობას დაანახა, რომ ეკონომიკა ჩამოიშალა, სოციალური მდგომარეობა გაუარესდა, კორუფცია აყვავდა და ქვეყანა, პრინციპში, შავ-ბნელ 90-იანებისკენ მიექანება.
ამასთან, სააკაშვილის, როგორც ლიდერის წისქვიზლე წყალი სომხეთის მოვლენებმაც დაასხა, სადაც ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო და ოლიგარქმა პრემიერმა თანამდებობა დატოვა. სომხეთის მოვლენები საქართველოზე შესაძლოა, დომინოს პრინციპით არ გადმოვიდეს, მაგრამ კავკასიაში, როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა. სამეზობლოში მიმდინარე პროცესები კი ყველა პარტნიორზე მეტ-ნაკლებ გავლენას ახდენს.
ერთი სიტყვით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილის მეორე სუნთქვა გაეხსნება, და სავარაუდოდ ოპოზიციაში დარჩენილი რესურსის მობილიზებას შეეცდება, ოცნებასთან დაახლოებული წყარო ადასტურებს, რომ ივანიშვილი და ოცნების სხვა ბოსებიც ინფორმირებულნი არიან დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის მცდელობებთან დაკავშირებით.
ერთის მხრივ, მოახერხებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოცნებაში არსებული ბზარების ამოქოლვას და აღმოჩნდება თუ არა ეს საკმარისი ხელისუფლების გასამტკიცებლად და, მეორეს მხრივ, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მობილიზებას, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ დღესვე შეიძლება დავასკვნათ, რომ წინ ცხელი და საინტერესო პოლიტიკური პროცესები გველის, ხოლო გადამწყვეტი შერკინების მთავარი ფიგურანტები სავარაუდოდ კვლავ უცვლელია - ივანიშვილი vs სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






