ისტორიული შეხვედრა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის შედგა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.
მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც საუბარია, რომ უნდა დასრულდეს ორ ქვეყანას შორის კონფრონტაცია, რომელიც 1953 წლიდან მიმდინარეობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც იურიდიულად დაასრულებს ამ ომს.
დეკლარაციაში ასევე საუბარია კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაზე - სრულ დენუკლეარიზაციაზე.
"ჩრდილოეთი და სამხრეთი შეთანხმდნენ, რომ აქტიურ ძალისხმევას განახორციელებენ, რათა ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ საერთაშორისო თანამეგობრობას კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციაში," - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ასევე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე მხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას და სამომავლოდ გაერთიანებისკენ სწრაფვას.

"ჩრდილოეთი და სამხრეთი ეცდებიან მიაღწიონ ურთიერთობების სრულ და ყოვლისმომცველ გაუმჯობესებას, რაც მოაახლოვებს სამომავლო ერთობლივი განვითარებასა და საბოლოო გაერთიანებისკენ სწრაფვას," - ნათქვამია ხელმოწერილ დეკლარაციაში.
ამ მიზნით, უკვე დაიგეგმა ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, გაყოფილი ოჯახების კავშირების აღდგენა.
ამ მიზნით, ორივე ქვეყნის სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეები დაიწყებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რათა მოხდეს სწრაფი და აქტიური ზომების მიღება პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით.
ხელმოწერილ დოკუმენტში ასევე დაფიქსირდა, რომ სამხრეთ კორეის ლიდერი მუნ ჩჟე ინი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით შემოდგომაზე ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები






