ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ დაპირისპირება ქვარაიასთან ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, იარაღი არ გამოუყენებია:
"ტყუილია, მე არ გამისროლია. მე დავიცავი ქართული ვაჟკაცური წესების თანახმად ჩემი ღირსება, იარაღის გარეშე. იმ მომენტში მე სუფრასთან იარაღი არ მქონია. ქართველი კაცი სუფრაზე იარაღით არ უნდა შედიოდეს. ქვარაიამ თავისი გადამეტებული სიმთვრალის გამო დაარღვია სუფრაზე ვაჟკაცური ურთიერთობის წესები, რის გამოც მიიღო პასუხი. ეს ყოფილა ადამიანი, რომელიც სასმელთან ვერ არის ზომიერი. რამდენჯერმე მე მას ზრდილობიანად და თავაზიანად დავუთმე არაკორექტული დამოკიდებულებები", - უთხრა ჯგუშიამ "ლაივპრესს".
რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, ის ადასტურებს, რომ თენგიზ ჯგუშიამ იარაღი გამოიყენა და მისი მისამართით გაისროლა:
"დღეს დაპირისპირება ჩემსა და თენგიზ ჯგუშიას შორის მოხდა. მე ვადასტურებ, რომ ჩემი მისამართით გაისროლეს", - განუცხადა ქვარაიამ ჟურნალისტებს სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ინციდენტის შემდეგ დაწყებული მისი დაკითხვის შემდეგ.
ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე "ნიუპოსტი" გუშინ წერდა. თენგიზ ჯგუშიასა და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქვარაიას შორის ჯერ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ჯგუშიამ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, თუმცა, სროლის შედეგად ქვარაია არ დაზარალებულა: მას ტყვია ასცდა.
ერთერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი თენგიზ ჯგუშიას ოფიციალურად, შენახვისა და ტარების უფლებით აქვს გაფორმებული, როგორც პარლამენტის ყოფილ წევრს.
მასალის გამოყენების პირობები






