რა შედეგები დადგება ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე და როგორი იქნება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა - აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა.
შაშკინის განცხადებით, სომხეთი რუსული ორბიტიდან გამოსვლას და პროდასავლურ სახელმწიფოდ ქცევას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაიწყებს რეფორმების ჩატარებას და წარმატებისკენ სვლას, ეს ყოველივე კი თავად ხალხზე და მის არჩევანზეა დამოკიდებული:
„საუბარი მიდის ახლა იმაზე თუ რა გზას აირჩევს სომხეთი და დაიწყება უფრო მეტი ინტეგრირება დასავლეთთან თუ ის დარჩება რუსული ორბიტის ფარგლებში. რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. ხალხმა თავისი აზრი, უკმაყოფილება გამოხატა იმ სიტუაციით, რომელიც ახლა არის სოხეთში და ბუნებრივია, ცვლილებები იქნება. როდესაც საუბარი მიმდინარეობს რუსულ ორბიტაზე, სომხეთში რუსულ ინტერესებზე და ასე შემდეგ, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - თუ სომხეთი იქნება წარმატებული ქვეყანა, ეს ბუნებრივია რუსეთის ინტერესებში არ შევა.
როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, პირველ ეტაპზე ჩვენ ვცდილობდით, რომ ნორმალური ურთიერთობა შეგვექმნა რუსეთთან, მაგრამ ამის ყველა მცდელობა იმსხვრეოდა იმ კედელზე, რომელიც ააშენა რუსეთმა და რომელიც იცავს რუსულ ინტერესებს. რუსული ინტერესები პირველ რიგში არის ძალაუფლების შენარჩუნება თვითონ რუსეთში, მაგრამ პუტინის მთავარი ინტერესი არის, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ყველა დანარჩენი ინტერესი, რაც პუტინს და რუსეთს აქვს, ამ ინტერესიდან გამომდინარეობს.
იმ მძიმე სოციალურ ვითარებას, რომელიც რუსეთშია - კორუფცია, რეფორმების არარსებობა, პუტინის ხელისუფლება ამართლებს იმით, რომ არავის სხვას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არ გამოუვიდა ამ ჯადოსნური წრიდან გამოსვლა. კორუფცია არის უკრაინაშიც, სომხეთშიც და ასე შემდეგ... მაგრამ, როდესაც საქართველომ აჩვენა 2003 წლის შემდეგ, რომ ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო შეიძლება გახდეს ყველაზე არაკორუმპირებული; რომ ყველაზე კორუმპირებული პოლიცია შეიძლება გახდეს ყველაზე საყვარელი პოლიცია, ეს იყო პუტინისთვის მთავარი საშიშროება. ჩვენ სამხედრო საშიშროებას კი არ წარმოვადგენთ მისთვის, არამედ მთავარი საშიშროება იყო ის, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდა და შესაბამისად, რუსეთში მცხოვრებ ადამიანებსაც შესაძლოა ეფიქრათ, რომ ეს მათაც გამოუვათ.
ახლა ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სომხეთში ვითარება - თუ სომხეთი ჩაატარებს რეფორმებს, თუ შეძლებს და დაამარცხებს კორუფციას თუ ის გაზრდის ეკონომიკურ პოტენციალს და დაიწყებს უფრო სწრაფ განვითარებას, ვიდრე რუსეთი, ბუნებრივია ის რუსული სივრციდან გამოვა და იქნება პროდასავლური ქვეყანა და ამის შემდეგ დაეძაბება რუსეთთან ურთიერთობა.
რუსეთს ჩვენთან დაეძაბა ურთიერთობა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ საქართველომ გაანადგურა კორუფცია, დაიწყო სწრაფი ეკონომიკური განვითარება. ქვეყნებში, სადაც არ არის იმდენი გაზი, ნავთობი, ალმასები და ასე შემდეგ, როგორც არის რუსეთის ფედერაციაში, თუ ეს ქვეყნები ხდებიან წარმატებული სახელმწიფოები, ეს არის მისთვის ყველაზე დიდი საშიშროება.
ზოგი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ხომხეთი იმდენად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომ ის მაინც დარჩება რუსულ ორბიტაზე... საქართველოც იყო დამოკიდებული, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო რუსეთი და ვერ შევძელით განვითარება? შევძელით! ზუსტად ასევეა სომხეთის შემთხვევაშიც, მხოლოდ ამაზე დამოკიდებული მისი ბედი. ის, რომ სომხეთის ეკონომიკა დამოკიდებულია რუსეთზე, ეს არაფერს ნიშნავს. თუ ის იქნება კორუმპირებული, წარუმატებელი სახელმწიფო დარჩება რუსულ ორბიტაზე, მაგრამ თუ დაიწყებს განვითარებას - გახდება პროდასავლური“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






