ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:51, 18 Apr, 2018     2585
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით ცვლილებები შევიდა "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში." ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

მათივე ინფორმაციით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

"აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პასუხისმგებლიანი დაფინანსების წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ჯერ კიდევ 2014 წლიდან. პროცესი კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა. ამასთან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, გადადგმულ იქნა ისეთი თანმიმდევრული ნაბიჯები, როგორებიც იყო მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვა (იხ. პრესრელიზი), მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დარღვევების გამო დაჯარიმებების, მომხმარებელთა უფლებების წესების საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე გავრცელების, დაცულ მომსახურებასთან დაკავშირებული აქტივობები) და დაბალი საკრედიტო სტანდარტების მქონე სესხებისათვის კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მოთხოვნების ზრდა (იხ. პრესრელიზი). ამ უკანასკნელი ღონისძიებით ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" (ე.წ. PTI – payment to income ratio) და "სესხის უზრუნველყოფის" (LTV – Loan to value ratio) კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. შესაბამისად, 2017 წლის 1 დეკემბრიდან გაცემულ სესხებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ PTI-სა და LTV-ის განსაზღვრულ ლიმიტებს, კომერციულ ბანკებს მკვეთრად გაეზარდათ საზედამხედველო ტვირთი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. აღნიშნულმა ღონისძიებებმა თავისი დადებითი ეფექტი მოახდინა ბაზრის სტრუქტურასა და დინამიკაზე.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი აანალიზებდა მოსახლეობის მოწყვლად სეგმენტში ჭარბვალიანობის დინამიკას და მუშაობდა აღნიშნული პრობლემის კომპლექსურად და სისტემურად გადაწყვეტის გზებზე. ეს საკითხი 2018 წლის მარტში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დეტალურად განიხილა (იხ. კომიტეტის გადაწყვეტილება). კერძოდ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება, და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნეს მოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და ხდება რისკის მართვისათვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ხშირად საშულებას იძლევა მაღალი რისკი აისახოს ფასში, თუმცა მაღალი ფასი არ იწვევს მოწყვლადი ჯგუფებიდან მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას. აღნიშნული იწვევს მატერიალურ ხარვეზებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის კუთხით. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადამხდელუნარიანობის სათანადო შესწავლა. ამასთან, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მსესხებლების დიდ ნაწილს არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმის წყაროდან მიღებული შემოსავალი, და ასეთი მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვთ მიმდინარე ვადაგადაცილება არსებულ ვალდებულებებზე. ვალაუვალ მსესხებელს კი, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა.

გამოკვეთილ გამოწვევათა საპასუხოდ, კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე. მის ფარგლებში, სესხის გაცემისას შემოსავლების შემოწმება გახდება სავალდებულო და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მოთხოვნა ასევე განსაზღვრულია ევროკავშირში მოქმედი იმ დირექტივით (მომხმარებელთა საკრედიტო შეთანხმებების 2008/48/EC დირექტივა), რომელიც, ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ 2019 წლის სექტემბერამდე უნდა დანერგოს.

აღნიშნული ჩარჩოს ეფექტიანი მუშაობა მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და შემოსავლების შემოწმების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე პერიოდში შინამეურნეობების დაკრედიტების მაღალი ტემპი ნარჩუნდება, არის საფრთხე, რომ პროცესის დასრულებამდე კიდევ უფრო გაიზარდოს ჭარბვალიანი მსესხებლების რაოდენობა და დაკავშირებულმა რისკებმა ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას ზიანი მიაყენოს. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამდე, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირში მოქმედ დირექტივასთან სრულად შესაბამისობაში მოსვლას, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

დამატებით, როგორც ცნობილია, 2018 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა (იხ. ბმული). ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, ეროვნული ბანკი, მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწასთან ერთად, მუშაობს საგანმანათლებლო პროექტებსა და საინფორმაციო მასალების გავრცელებაზე, რაც ასევე ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დამკვიდრებასა და ჭარბვალიანობის პრობლემის გადაწყვეტას" - აღნიშნულია ეროვნულის ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42