"მხოლოდ რუსეთს აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობები, გამოცდილება და მოტივი," - ნათქვამია წერილში.
სედვილი წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კვლავ გაგრძელდა ქიმიური იარაღის შექმნის პროცესები. სავარაუდოდ, 1993 წლისთვის, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა "ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას", "ნოვიჩოკი" და სხვა ქიმიური იარაღი უკვე იყო რუსული არმიის შეიარაღებაში, რაზედაც მან დასავლელი პარტნიორები საქმის კურსში არ ჩააყენა.
"2000-იანი წლების შუაში პრეზიდენტ პუტინს უშუალო კავშირი ჰქონდა ქიმიური იარაღის რუსულ პროგრამასთან. ნაკლებსავარაუდოა, რომ სხვა, თუნდაც დიდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკას ჰქონოდა ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამა და წვდომა. ასევე ფაქტიურად შეუძლებელია, რომ "ნოვიჩოკი" არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებს (კრიმინალურს ან ტერორისტულს) შეექმნათ და გამოეყენებინათ "ნოვიჩოკი", განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ გამოყენებული ნივთიერების "სისუფთავეს", რომელიც "მსოფლიო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის" დასკვნით არის დადასტურებული," - წერს სედვილი.
ბრიტანელი ჩინოვნიკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს ადრეც ბრალს სდებდნენ ხელისუფლების დაკვეთით განხორციელებულ მკვლელობებში. მაგალითად, ალექსანდრე ლიტვინენკოს შემთხვევაში, გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ იგი მოწამლეს რადიაქტიური ნივთიერება პოლონიუმ-210-ით. ოპერაციას სავარაუდოდ ФСБ ხელმძღვანელობდა ხოლო პუტინმა მას "გზა გაუხსნა"."2000-იან წლებში რუსეთმა დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ქიმიური იარაღის დანიშნულების ადგილამდე მიტანის საშუალებებისა და მეთოდების შესწავლა. ამ იარაღის გამოყენებაში ვარჯიშობდა რუსეთის არმიის სპეცრაზმის პირადი შემადგენლობა. ამავე პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს ნერვულ-პარალიზებელი ნივთიერებების გამოყენების მეთოდები, მათ შორის, მაგალითისთვის, მათი კარების სახელურებზე დატანის მეთოდი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთი აწარმოებდა და ინახავდა "ნოვიჩოკს" მცირე რაოდენობებით," - აცხადებს იგი, თუმცა წერილში არ უთითებს ამ მონაცემების წყაროს.
როგორც სედვილი აცხადებს, "ნოვიჩოკი" შემუშავებულია იმ პრინციპით, რომ მისი აღმოჩენა დასავლეთისთვის გართულებული ყოფილიყო და საერთაშორისო კონტროლი აეცილებინათ თავიდან.
სედვილი დასასრულს ასევე წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ადრეც იყვნენ დაინტერესებული სკრიპალების ოჯახით. 2013 წელს ГРУ-ს კიბერსპეციალისტები მათი ელექტრონული მისამართების გატეხვას შეეცადნენ.
მასალის გამოყენების პირობები






