მისივე თქმით, „ხელისუფლება საქართველოში წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს“.
მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს და აბობს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გამოიუვანოს ქვეყანა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან.
„მინდა, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მოგმართოთ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ამ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის მაფია, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის მართვის პროცესში. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლების რუსეთიდან. კერძოდ, ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და მათ მეშვეობით დაკავებულია ქართული ეკონომიკის გაჩანაგებით, თითოეული ქართული ოჯახის ამ ბანკების მევალედ ქცევით. ციფრები არის ძალიან ჯიუტი რამ - ბანკების სუფთა შემოსავალი 2012 წელს 130 მილიონი ლარი იყო, როცა ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ივანიშვილის დროს ბანკების სუფთა შემოსავალი მინიმუმ ექვსჯერ გაიზარდა და თითქმის 900 მილიონ ლარს მიაღწია. ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს იყო 110 000, ახლა, ოფიციალურ რეესტრში მარტო, მოვალეთა რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე, ხოლო ლომბარდს მხოლოდ გასულ წელს 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი არის 45%. საქართველოში დარჩა 3 მილიონი ადამიანი და აქედან ყოველმა მეხუთემ მიმართა ლომბარდს - ეს არის ნამდვილი ეკონომიკური კატასტროფა. ჩვენ ამ მაფიას, მე მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები"- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს განცხადებითვე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოში მინიმალური პენხის 400 ლარი იქნება.
„ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და ეს არის ძალიან ადვილი...“- აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი მასწავლებლებსა და პოლიციელებსაც ჰპირდება ანაზღაურების გაზრდას.
"პოლიციელები დღეს არიან ყველაზე გაუბედურებულ მდგომარეობაში. კრიმინალმა იმატა, უფროსობა უქმნის პრობლემებს და აძლევს უკანონო დავალებებს. ნეპოტიზმი, კორუფცია, ხელის დაფარება დამნაშავეებზე არის ჩვენი ყოველდღიურობა. პოლიციელის მინიმალური ხელფასი ეგრევე გახდება 2000 ლარი"- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, „ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოდან ხალხის გადინების ტენდენციას გააჩერებს.
"საქართველოს მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა არ იცლება, ეს არის რეალური საფრთხე. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის შემობრუნებით და ცხოვრების დონის სწრაფი ამაღლებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საუბრის ბოლოს სააკაშვილმა დაანონსა, რომ ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ მიმართულებით მუშაობას.
„მე ვაპირებ ამით დავკავდე მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით,“- აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






