მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ფეისბუქის" მეშვეობით დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ჟანა ასანიძემ გაავრცელა. მისი მეშვეობით "ნიუპოსტი" უფლებადამცველ როლანდ ხორავა დაუკავშირდა, რომელიც ბარის თანამშრომლებს, ინციდენტის უშუალო მონაწილეებსა და თვითმხილველებს ესაუბრა.
ხორავა მომხდარ ინციდენტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ინციდენტის გამომწვევი პირი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ბარის ხშირი სტუმარი იყო. მისივე განცხადებით, იმ 8 თვის განმავლობაში, რაც პოლიციელი ბარს სტუმრობს, დაცვამ არაერთხელ გააფრთხილა შეუფერებელი და უხეში საქციელის გამო, თუმცა, მის მიმართ მკვეთრი ზომების გატარებას ერიდებოდნენ.
გუშინ საღამოს პოლიციის თანამშრომელი "შერიფში", ჩვეულებისამებრ, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, იარაღი ამოიღო და ოფიციანტებს "რიგში ჩამწკრივება" უბრძანა, თანაც, დახოცვითა და გაუპატიურებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.
ხორავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა, ბარის დაცვამ მისი განიარაღება მოახერხა. მამაკაცი გაიქცა, თუმცა, ხორავა ვარაუდობს, რომ დაცვასთან შეხლაშემოხლის დროს პოლიციის თანამშრომელი დაშავდა და არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა, საავადმყოფოშიც იმყოფებოდეს.
უფლებადამცველის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ დრომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






