„ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა. ეს შესაძლოა, ხელსაყრელი ყოფილიყო ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც აშკარად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ამომრჩევლების წინაშე ვერ შეძლო იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც Brexit-ითაა უზრუნველყოფილი“ - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
ცნობილი გახდა ისიც, რომ სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება სკრიპალების სახლში აღმოაჩინეს.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ბრიტანეთის მხარდასაჭერად მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევს.
მასალის გამოყენების პირობები






