როგორც გამოცემა „სანი“ წყაროზე წერს, პოლიციამ დაკითხა ქალი, რომელმაც სკრიპალებს რუსეთიდან წიწიბურა ჩამოუტანა. განიხილება ვერსიაც, რომ წიწიბურა მოწამლული იყო და სწორედ ის შეიცავდა ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკს“.
გამოცემის ცნობით, სერგეიმ ქალიშვილს სთხოვა, მოსკოვიდან მისი საყვარელი საუზმე - წიწიბურა, დაფნის ფოთლები და სანელებლები ჩაეტანა. მოწამვლამდე ერთი დღით ადრე, იულია ბრიტანეთში ჩაფრინდა. მაგრამ მას წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.
წყაროს ცნობით, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ „ნოვიჩოკი“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე სწორედ წიწიბურას მეშვეობით მოხვდა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
ცნობილი გახდა ისიც, რომ სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება სკრიპალების სახლში აღმოაჩინეს.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ბრიტანეთის მხარდასაჭერად რუსი დიპლომატები 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.
მასალის გამოყენების პირობები






