ექსპერტი ლევან ალაფიშვილი „ნიუპოსტთან“ საკითხის შეფასებისას ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრის დანიშვნა, უწყების მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტს უკავშირდება. მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ყველაზე მხარჯველი უწყებაა“.
"დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება ალბათ იმ მოცემულობის გამო იქნა მიღებული, რომელიც თვითონ სამინისტროსთანაა დაკავშირებული - ეს არის ერთ-ერთი მსხვილი მხარჯველი დაწესებულების ფაქტორი. სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, 2 მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ უწყების მიმართ, აღნიშნული თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვები იყო, არის და იქნება, სანამ არსებითად არ შეიცვლება ის სისტემა, რომელიც სამინისტროში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა - გაუმჭვირვალე ხარჯვა, გნებავთ, არსებული კითხვის ნიშნები შესყიდვებთან დაკავშირებით და სხვა.
როგორც აღვნიშნე, ჯანდაცვის სფეროს შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდი მხარჯველია. ამდენად, სამინისტროს ბიუჯეტის ამხელა ზრდას, რომ ყოფილი პრემიერი უყურადღებოდ არ დატოვებდა, ეს მეორე გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომელიც მაია ცქიტიშვილის გამინისტრებაში გამოიხატა“- განაცხადა ექსპერტმა და იქვე დასძინა, რომ ცქიტიშვილის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, ახალი მინისტრი პროფესიონალი და გამოცდილი კადრია.
„ყოველგვარი პოლიტიკური შეფერილობის გარეშე ის უდაოდ პროფესიონალია, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცქიტიშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის კადრია, ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ქალბატონი მაია იქნება „მთავარ ლიდერთა ჯგუფში“, რომლებთანაც ბიუჯეტის ხარჯვაზე, ფორმალურად თუ არაფორმალურად ყოფილი პრემიერი აიღებს პასუხისმგებლობას.
ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო პრემიერების სუსტი წერტილი და ის ადგილი, სადაც „აცურდებოდნენ ხოლმე“, როგორ განვითარდა მოვლენები ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, როგორ მოულოდნელად დაამთავრა მან პოლიტიკური კარიერა და რა მოხდა ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებით ყველას კარგად გვახსოვს. დღევანდელი გადაწყვეტილებას შესაძლებელია კვირიკაშვილის ერთგვარ გაფრთხილებად ჩავთვალოთ. მოქმედი პრემიერი უშუალოდ, საკუთარი კადრით ვეღარ გააკონტროლებს ამხელა მნიშვნელობის თანხებს, ეს ბუნებრივია ნიშნავს კვირიკაშვილის გავლენის შესუსტებას. გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო წელია და როგორც ჩანს, გარკვეული კითხვები გაჩნდა, რომელიც შეიძლება ხვალ საჯაროც კი გახდეს“- თქვა ალაფიშვილმა.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სამთავრობო კარუსელი კვლავ გაგრძელდება. მისივე შეფასებით, „კვირიკაშვილის დროებითი პრემიერობის ვადა დაახლოებით ერთ წელწადს გასტანს“.
„ვინ ვინ და, კვირიკაშვილმა ყველაზე კარგად იცის მისი წონა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მისი პოზიციები ძალიან შესუსტებულია, ამიტომ მას მმართველ ძალაში გადაწყვეტილებების მიმღებებთან ჭიდილი კარგს არაფერს მოუტანს. სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არევნებზე, კვირიკაშვილის კანდიატურა კვლავ განიხილება, თუკი მან რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების მსგავსად, კვლავ არ გაიუარესა მდგომარეობა“- აღნიშნა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






