მინისტრის ინფორმაციით, კორტავას საქმის გამოძიება საკმაოდ ეფექტიანად მიმდინარეობს. "გამოძიება დაადგენს ყველა ოფიციალური პირის, თუ კორტავას თანასაკნელის პასუხისმგებლობას ამ საქმეზე. რაც შეეხება ე.წ. კანონიერი ქურდების როლს, ამ საქმეში მათი მონაწილეობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პატიმრობაში მყოფი ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სადაც საუბარია, რომ ,,ციხის მაყურებლის" ინსტიტუტის დაბრუნება შეინიშნება.
"სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე.წ. მაყურებლები. აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.
მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






