რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოლსბერიში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის ფაქტი ლონდონმა პოლიტიკური პროვოკაციისათვის გამოიყენა. უწყება ასევე აცხდებს, რომ ბრიტანეთი ვერ იცავს მის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
"დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სისტემატიურად ახდენს იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ მას არ შეუძლია საკუთარ ტერტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ამის აღმაშფოტებელ მაგალითად გამოდგება რუსეთის ФСБ-ს ყოფილი თანამშრომლის ა. ლიტვინენკოს მოწამვლა, რუსი ბიზნესმენების ბადრი პატარკაციშვილისა და ა. პერეპილიჩენკოს დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალება, ბორის ბერეზოვსკის საიდუმლოებით მოცული "თვითმკვლელობა და მისი საქმიანი პარტნიორის ნ. გლუშკოვის დახრჩობა და ბოლოს, სერგეი სკრიპალისა და იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლონდონმა უგულებელვყო საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, ეთიკა და უბრალოდ საღი აზრი. არ წარმოადგინა რა არანაირი მტკიცებულება და არ წარმოადგინა მომხდარის კონკრეტული სურათი, ლონდონმა რუსეთი საკუთარი მოქალაქეების მოწამვლაში დადანაშაულა, შემოაგდო ქიმიური ნივთიერების სახელწოდება, რომელიც ჩვენთან გამოყენებული არასდროს ყოფილა და გააჩაღა მასშტაბური პოლიტიკური და მედია კამპანია. ინსპირირებულ იქნა მთელი რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევება, გამოცხადებულია სხვა სანქციური ზომების კომპლექსი. ჩვენი კანონიერი მოთხოვნა, გამოყენებული ნივთიერების ნიმუშის გადმოცემის თაობაზე იგნორირებულ იქნა," - ნათქვამია საგაერო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის მიერ, 2018 წლის 16 მარტს, სკრიპალების მოკვლის მცდელობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რის შესახებაც შესაბამისი შეტყობინება და მოთხოვნა ბრიტანეთს უკვე გაეგზავნა.
კრემლი ბრიტანეთს ბრალს სდებს, რომ სოლსბერისთან ახლოს, სადაც ინციდენტი მოხდა, მდებარეობს საიდუმლო ლაბორატორია, სადაც, როგორც ცნობილია ხდებოდა ქიმიური იარაღის წარმოება და ამ ლაბორატორიამ სამხედროებთან ერთად ჩაატარა სწავლება სახელწოდებით "ტოქსიკური ხანჯალი".
მოსკოვი დიდ ბრიტანეთს ასევე ბრალს სდებს, რომ ლონდონმა მთელს მსოფლიოში გააჩაღა მომხდარში რუსეთის დადანაშაულების კამპანია და იგი აწარმოებს შეგნებულ კონფრონტაციულ პოლიტიკას და რუსეთის საზღვრებთან ძალის დემონსტრირებას ახდენს.
„ამ გარემოების ერთობლიობის ანალიზი მეტყველებს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სოლსბერიში მომხდარი დანაშაულისა ნამდვილი მოტივების გარკვევითა და შემსრულებლების დადგენით, რაც გვაფიქრებინებს მომხდართან დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირზე. თუ რუსულ მხარეს საწინააღმდეგოს დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ წარუდგენენ, ჩავთვლით, რომ უმსხვილესი პოლიტიკური პროვოკაციის შედეგად საქმე გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე თავდასხმასთან. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ისტორიაში მტკიცებულების ტვირთი სწორედ ბრიტანულ მხარეს ეკისრება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






