ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის წინაშე დგას, მთავრობის, რომელმაც პირობა დადო, რომ ორივე ამ ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი მიზნის მიღწევას შეეცდება. მაგრამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას აზრით ეს ორი მიზანი ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და პერსპექტივების შესახებ ალასანიასთან ინტერვიუს თჰე Bუგ Pიტ აქვეყნებს.
ალასანია გამოცემასთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზეც საუბრობს, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას.
,,ნიუპოსტი" გთავაზობთ ჯოშუა კუცერას ანალიტიკური სტატიიდან ამონარიდებს:
,,ალასანიამ თქვა, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ნატოსთვის უფრო მიმზიდველი მოკავშირეა რამდენიმე თვალსაზრისით:
"პირველ რიგში, ჩვენ პოლიტიკურად უფრო მოწიფულები ვართ, და არ ვაპირებთ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმას."
მეორეც, სამინისტრო მთელ რიგ რეფორმებს ატარებს უწყების შიგნით გამჭვირვალობის ზრდის, ტენდერების გახსნის და საპარლამენტო და საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაფართოებისთვის.
" ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებთ რუსეთთან ურთიერთობას. ეს გვაძლევს სივრცეს აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან შეთანხმებისთვის, იმისთვის რომ ხელახლა წარმოვაჩინოთ თავი აფხაზებთან და ოსებთან. ეს არის მთავარი: თუკი აფხაზები და ოსები დაიწყებენ ფიქრს, რომ საქართველოსთან ერთად ისინი ევროპისკენ მიდიან და არ რჩებიან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ეს იქნება მთავარი ნიშანი მოკავშირეებისთვის, რომ მზად ვართ".
როგორც ჟურნალისტი წერს, მინისტრმა იმავდროულად ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება გრძელვადიანი ამოცანაა. "ჩვენი ურთიერთობა ოდნავ გაუმჯობესდა, სავაჭრო და კულტურულ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკურ დიალოგზეც გავრცელდება. მაგრამ ამ მხრივ არ გვაქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ისინი შეცვლიან პოზიციას ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ან ნატოში გაწვრიანებისკენ ჩვენს მისწრაფებასთან დაკავშირებით. ესეც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება მალე",-განაცხადა ალასანიამ.
"არავის აქვს იმის ილუზია, რომ უახლოეს ათ წელიწადში რაიმე შეიცვლება. ამგვარად ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ.
"როდესაც ვამბობ, რომ საკუთარი თავი უნდა მოვამზადოთ, ვგულისხმობ იმას, რომ ვაპირებთ მოცდას იმ ისტორიულ შესაძლებლობამდე, როდესაც ეს ფანჯარა ჩვენთვის გაიხსნება, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში, და შემდეგ გავაკეთებთ ნახტომს".-ამბობს ალასანია გამოცემასთან საუბრისას.
როგორც ჟურნალისტი წერს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსთან მიმართებაში მომავალ წელს გარკვეულ კონკრეტულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ჯერ გაურკვეველია რა ფორმით მოხდება ეს.
,,საბოლოო ჯამში რუსეთის ინტერესი ძლიერი საქართველოა. "გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს სჭირდება სტაბილური სამხრეთელი მეზობელი, რასაც წარმოადგენს გაერთიანებული და სტაბილური საქართველო. ის თუ როდის მოხდება ეს, ხუთ, შვიდ, ათ თუ თხუთმეტ წელიწადში… ბევრი თვალსაზრისით ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რისი კონტოლიც ჩვენ არ შეგვიძლია",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჟურნალისტი წერს: ,, ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც თბილისში ველაპარაკე, ჩიოდნენ იმაზე, რომ ნატომ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების გამო გააკრიტიკა, აცხადებდნენ რა, რომ ალიანსი ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით უდგება მოქმედ მთავრობას, ვიდრე ყოფილს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა.
მაგრამ ალასანიამ თქვა, რომ კრიტიკას მიესალმება.
"მოწონს, როდესაც გვაკრიტიკებენ და გვაკვირდებიან. ეს გვაძლევს იმის სტიმულს, რომ უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიმოქმედოთ. და ეს ასევე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენზე ზრუნავენ, პარტნიორები და მეგობრები არიან და ამიტომ გვაკრიტიკებენ, სურთ, რომ წარმატებულები ვიყოთ. გვჭირდება ასევე უკეთესი კომუნიკაცია მათთან აქ მიმდინარე სასამართლო სისტემის გარდაქმნაზე"- უთხრა ალასანიამ ჟურნალისტს.
გამოცემასთან საქართველოს მთავარი საგარეო პარტნიორებად ალასანიამ ოთხი ქვეყანა დაასახელა: თურქეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი და ისრაელი.
"დროა სამმხრივი ურთიერთობისა აზერბაიჯანთან და თურქეთთან თავდაცვით წარმოებაზე", თქვა მან. კერძოდ, საქართველო ცდილობს აზერბაიჯანის ძალისხმევის შესწავლას ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარების მიმართულებით. "ეს ჩვენთვის საინტერესოა… დღემდე ეს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის დონეზეა, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ ვიპოვით საინტერესო ადგილებს ერთობლივი მუშაობისთვის", თქვა მან.
"საფრთხეების არსი (საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის) მსგავსია, პრიორიტეტებიც მსგავსია – ჩვენ ვიცავთ (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის) მილსადენს, ვიცავთ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების უსაფრთხოებას, ამიტომ ვფიქრობ თავდაცვითი თანამშრომლობა კარგი, მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ამ რეგიონული პროექტების უსაფრთხოებაში",-განაცხადა ალასანია,
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარკებები იარაღის მწარმოებლებთან ესტონეთიდან და თურქეთიდან საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნაზე სახელმწიფო საწარმოსთან "დელტა", თქვა ალასანიამ.
"ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ესტონელ პარტნიორებთან. მომავალში ვაპირებთ ასევე ურთიერთობის გაფართოებას ისრაელთან". ჟურნალისტი წერს: რუსეთი ტრადიციულად საკვანძო ფატორია საქართველო-ისრაელის სამხედრო კავშირებში,მაგრამ კითხვაზე, რატომ არ ბლოკავს დღეს რუსეთი ისრაელთან თბილისის უფრო ახლო კავშირებს, ალასანიამ თქვა, რომ მათი კომუნიკაციის შესახებ არაფერი იცის. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ერთ დროს იყო ყველაზე სასურველი იარაღის მიმწოდებელი საქართველოსთვის, ალასანიამ თქმით, არანაირ სერიოზულ ტრანსფერზე ლაპარაკი არ არის. "მთავარი, რასაც ამერიკისგან მოველით წრთვნა და სწავლებაა", განაცხადა მან.
"ცალკე საკითხია, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ ავღანეთში… სამხედრო და საბრძოლო ურთიერთობები, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში გვაქვს, ქართულ მხარეს უზარმაზარ გამოცდილებას აძლევს და შესანიშნავი ძმური ურთიერთობა გვაქვს ამერიკელ ქვეითებთან, ეს ავითარებს ჩვენს უნარ-ჩვევებს".
როგორც ჟურნალისტი წერს, მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაინც აშშ-ს მხრიდან გარკვეულ სამხედრო დახმარებაზე საქართველოსთვის. ალასანია გეგმავს ვაშინგტონში გამგზავრებას და თავის კოლეგა ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრას. "რაც შეეხება გარკვეულ აღჭურვილობას, არსებობდა შეთანხმება პრეზიდენტებს (ობამა და სააკაშვილი) შორის… სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების გაფართოებაზე… სატრანსპორტო საშუალებებზე ჯარისკაცებისთვის, ვერტმფრენების პარკზე. აქ წინსვლა გვაქვს და არ ვფიქრობთ კიდევ რამის შეძენაზე".
,,კითხვაზე, რა ტიპის და რაოდენობის ვერტმფრენებზეა ლაპარაკი, მან მოკრძალებულად გვიპასუხა "ჩვენ მხოლოდ ახლა ვმუშაობთ ამაზე, ვნახოთ". მაგრამ მან თქვა, რომ ამის უზრუნველყოფა მოხდება, როგორც ჩანს, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის და საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამების გარკვეული კომბინაციის გზით,- წერს კუცერა.
ჯოშუა კუცერა
მასალის გამოყენების პირობები






