2008 წლის აგვისტოს რა დამავიწყებს, ეს დრო ხომ საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული ფურცელია.
მე და ჩემი ოჯახი ჩვეულებრისამებრს გორის რაიონ სოფელ ძევერაში ვიმყოფებოდით დასასვენებლად. 5 აგვისტო იყო, როდესაც ძმაკაცთან ერთად სათევზაოდ წავედი , დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა, რომ ცხინვალის მხრიდან სროლების ხმა გავიგეთ, ამას ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან ეს ყოველი წლის ზაფხულის თითქმის ყოველ დღეს ხდებოდა. სათევზაოდ მეორე დღესაც წავედით და ანალოგიური განმეორდა, მაგრამ განსხვავებით წინა დღისგან, ამ დღეს სროლებიდან დაახლოებით ნახევარ საათში საბრძოლო აღჭურვილობა "დანა"-მ გაიარა ცხინვალისკენ და მივხვდით, რომ ეს შეიარაღება ქართველების იყო. იმავე ღამეს 00:30 საათზე სამი ძალიან ხმაურიანი გასროლა იყო, მკვდარი ძილი მაქვს, მაგრამ ეს ისეთი ძლიერი ხმაური იყო გამოვფხიზლდი, ამ დროს ჩამესმა მამაჩემის ხმა, ბავშვები გააღვიძე და სარდაფში ჩავიდეთო. მთელი ოჯახი სარდაფში ჩავედით.
იმ ღამეს მეტი არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ მეორე დღეს სოფელი დაიცალა, ჩვენ არ წამოვედით. მეორე ღამე კი კოშმარი იყო 23:30 საათი იქნებოდა სროლები რომ დაიწყო და აღარ გაჩერდა. როგორც იქნა ჩამეძინა და მეორე დილით 06:30 საათი იქნებოდა სოფელი რომ დავტოვეთ ტაქსით. არ დამავიწყდება ტაქსისტის სიტყვები, უკანასკნელი 2 კვირაა ამ ოსებმა შეგვჭამესო, ღამე არ გვაძინებენ ამ სროლებითო და დროა პასუხი გაგვეცაო, როგორც აღმოჩნდა ცხინვალთან უფრო ახლოს ჰქონდა სოფელი, ვიდრე ძევერაა.
ომი დაიწყო. ომი, რომელშიც ბევრი ვაჟკაცი დაიღუპა, რომელშიც ბევრმა სახლ-კარი დაკარგა, რომელშიც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
არა! ამ დღეებს რა დამავიწყებს?! ან როგორ შეიძლება დავიწყება?! ამ დღეს ხომ "დიდი დათვი" ჩემს ქვეყანას თავს დაესხა, მოახდინა მისი ნაწილის ოკუპაცია! მე ვამაყობ იმ ქართველებით, რომლებიც გმირულად იბრძონდნენ ბოლო წუთამდე და რომლებიც ბრძოლის ველზე სახელმწიფოს სიყვარულში დაეცნენ. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
უბრალოდ არ მინდა ამ ყველაფრის პოლიტიკათან დაკავშირება, მაგრამ გული მტკივა როცა ქართველი კაცი გამოდის და ამბობს ომი საქართველომ დაიწყოო. მომკალი და ამას ვერ დავიჯერებ. მარტო იმიტომ, რომ რამდენიმე კაცისგან ვიცი თუ რა სიტუაცია ჰქონდათ ცხინვალთან მდებარე სოფლებში (ეს ხალხი იქ ცხოვრობდა). ნუთუ შეიძლება რომ მტერმა შეგაწუხოს, სახლში შემოგივარდეს, შენ ამაზე პასუხი გასცე და მერე ხალხმა ილაპარაკოს რომ შენი ბრალიაო, ძლიერ მტერს როგორ გაუბედე შეწინააღმდეგებაო.
ჩემი არცერთი პოსტი პოლიტიკაზე არაა და არც ამ პოსტს აქვს პოლიტიკური დატვირთვა. უბრალოდ ჩემი სურვილია ხალხს შევახსენო 2008 წლის აგვისტო და ის გმირები, რომლებმაც სამშობლოსათვის თავი გაწირეს, რომლებმაც ჩვენს გამო გმირულად იბრძოლეს. არ მინდა ხალხი ლაპარაკობდეს, რომ მათ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეაკლეს თავი. მათ სამშობლოს გამო გაწირეს თავები და სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალულები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.
დაე, ყველას გვახსოვდეს ის ტრაგიკული დღეები და ის გმირები, რომლებმაც, სამშობლოს გამო თავი გაწირეს და სისხლი დაღვარეს . . .
http://blogger.ge/post/3008
მასალის გამოყენების პირობები






