ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ცნობით, 14-მა ევროპულმა ქვეყნამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ტუსკმა ტვიტერში დაწერა.
ცნობილია, რომ გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, მათთან ერთად ლატვია, ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს.
ლიტვაში აცხადებენ, რომ ისინი 3 რუს დიპლომატს აძევებენ , რუსეთის 44 მოქალაქეს კი ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.
ქვეყნიდან 13 რუს დიპლომტს აძევებს უკრაინაც.
ცნობილი გახდა, რომ 60 რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან აშშ-ც და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატი გაძევა. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.
რაც შეეხება რუსეთის პასუხს, დიდი ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ქვეყნიდან ბრიტანელი დიპლომატები გააძევეს და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






