წარწერა კი ასეთი იყო: "ბ-ნ არნ. ჩიქობავას! - ნიჭიერ ქართველ ენათმეცნიერს დიდი პატივისცემით, ავტორისაგან. რ.შ."(ხელმოწერა მე შევამოკლე!- ლ.ღ.). ბატონმა არნოლდმა თვალი გადაავლო წარწერას, მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა, წიგნი თავის მაგიდაზე ისევ წინ დაიდო და სხდომა განაგრძო.
ჩვენ ყველამ ვიცოდით ამ წარწერის შინაარსი, სანამ ბატონი არნოლდი შემოვიდოდა, ერთმა დოქტორმა ის ხმამაღლა წაგვიკითხა. ბატონ არნოლდს კომენტარი არ გაუკეთებია.
მე დღემდე თვალწინ მიდგას მისი "ეშმაკური" ჩაღიმება, რომელიც ნებისმიერ კომენტარზე მეტყველი იყო - ლინგვისტურ წრეებშიც კი არცთუ გამორჩეულმა და ერთობ საშუალო დონის მეცნიერმა არნოლდ ჩიქობავას უთხრა: ნიჭიერი ხარო!!!.... მაგას რა ჯობია, როცა გაქებენ, მაგრამ ქებასაც, ეტყობა, მოზომვა უნდა.
რომელსამე თავის მოწაფეზე თუ იტყოდა ბატონი არნოლდი, "ნიჭიერიაო", ეს დიდად გასახარელი იქნებოდა, მაგრამ იმ დოცენტისგან დიდი არნოლდის მიმართ გამოყენებული ეს ეპითეტი ნამდვილად სასაცილოდ აღიქმებოდა... კიდევაც ამბობს რუსთაველი თინათინის შესახებ: "ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული"-ო.
ქება კარგია, მაგრამ მისი წონა მაქებარზეა დამოკიდებული!...არ ვიცი, რამდენად მისახვედრად ვთქვი, მაგრამ რიგით მოგონებდ მაინც თუ ჩამომართმევთ, ეგეც საკმარისი იქნება.
ლევან ღვინჯილია
მასალის გამოყენების პირობები






