ამ განწყობის საწინააღმდეგო ვარაუდის გამომთქმას ვაპირებ და ერთუცბად ქოქოლას ნუ დამაყრით. კობა დავითაშვილი,,ოცნებიდან" არ გასულა, ის უფრო საჭირო ფრონტზე გადაანაცვლეს და მას ივანიშვილთან კავშირი არ გაუწყვეტია.
პირიქით, გაცილებით ღირებული გახდა მისთვის, ვიდრე ადრე იყო ამ უფერულ და ამოფულ პოლიტიკურ მასაში. საქმე მარტო ის არ არის, რომ თავისი მორიგი გასვლა–გამოსვლის წარმოდგენაში დავითაშვილი ხაზგასმულ მადლობებს ეუბნებოდა მარჩენალს. არც ის, რომ ყველამ და პირველ რიგში თვითონაც, კარგად უწყის, რომ დასახელებული მიზეზი – ახალაიას საქმე ბლუკუნა პროკურორებით, ტყეში გაწვრთნილი თუ შპარგალკიანი მოწმეებით და სხვა კიდევ ბევრი ამდაგვარი სამარცხვინო ამბით, უკვე დიდი ხნის გაბითურებული იყო, ლოგიკურად დამთავრდა და მხოლოდ უსუსური საბაბია.
საქმე ის გახლავთ, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთს სასწრაფოდ ჰაერივით სჭირდება ფიგურა, რომელიც რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე იქნება, ანუ ივანიშვილზე მეტი ,,ქორი". ასეთ ფუნქციას დიდი ხანია რუსეთის კარზე ასრულებს პუტინის სეხნია ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი, რომელიც ყოველთვის აჟღერებს ხელისუფლების ყველაზე სასურველ ბნელ და უკუღმართ აზრებს, რაც გონებაში უდევთ, ღიად ვერ ამბობენ, მაგრამ რისი მიღწევაც სისხლხორცეულად სურთ. ის კრემლის რუპორია. ამისათვის უხვად უხდიან და დიდ განცხრომაშიც ჰყავთ. ჩვენი ,,ნონ–კონფორმისტი" კი საქართველოს პოლიტიკურ კაბადონზე ახალ, ისეთივე ნიშას უმიზნებს, რომელსაც პირობითად ,,ქართული ოცნება–ჟირინოვსკი" შეიძლება ვუწოდოთ.
დავითაშვილი პირველად 1995 წელს ვნახე. ის ცესკოში შევარდნაძეს წარმოადგენდა. მე – აკაკი ბაქრაძეს. ბოლო სხდომაზე იყო ერთი ალიაქოთი პრეზიდენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამო. ოპოზიცია ოქმის ხელმოწერას არ აპირებდა, რადგან არჩევნები გაყალბებულად მიაჩნდა. ბოლოს სიტყვა დავითაშვილმა ითხოვა. ბუნდოვნად მახსოვს მისი ნათქვამი. დიდი დრო გავიდა და თანაც ორატორობით არასოდეს გამოირჩეოდა. ალბათ ამტკიცებდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი სწორი იყო და ა.შ.
მაგრამ კარგად მახსოვს მისი ბოლო სიტყვები: ,,ვინც არ აწერს ხელს ამ ოქმს, ის ხელს აწერს ომს!" ამ უტიფარმა ფრაზამ ოპოზიცია გარინდა. შემდეგ კი თოთო–თითოდ იწყეს საკუთარი ავტოგრაფების დასმა ოქმზე. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო შევარდნაძის შემონათვალი. ის ქვეყანას ახალი უბედურებით ემუქრებოდა, თუ მის ძალაუფლებას რაიმე საფრთხე შეუქმნიდნენ. დავითაშვილი მხოლოდ ახმოვანებდა მას, ქვეყნის მაოხრებელს, ჯალათსა და მტერს. მცირე გამონაკლისის გარდა, არავინ ისურვა უსიამოვნენებები. ჩათვალეს, რომ შემომთვლელი მუქარის შემსრულებელიც იყო დამორჩილად დაჰყვნენ უძლეველი პატრონის შიკრიკს.
ჩემი მეორე შთაბეჭდილება კობა დავითაშვილის შესახებ ისევ პატრონის თემასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ, ალბათ ბ-ნი კობას მოგზაურობა მოსკოვში. მაშინ კრემლში ქართველი ყმების ღია კასტინგი იყო გამოცხადებული და მის გარეშე როგორ ჩატარდებოდა. ჰოდა,რეკომენდაციისათვის არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ ჟირინოვსკის დაუდგა სმენაზე ამოდენა მუტრუკი. მაშინ, ვერც წყალობა მიიღო და ვერც ფული. ფსონი სხვაზე იყო გაკეთებული, მაგრამ დაიმახსოვრეს, ჩაინიშნეს, "ოცნების" კოალიციაშიც ადგილი მიუჩინეს. უბატონოდ ხმას ვინ გასცემდა ვოლფოვიჩის პროტეჟეს და ისე, რომ არჩევნებში თითი–თითზე არ გაუკრავს, დეპუტატობაც ლანგრით მიართვეს.
როგორ ჩანს, მოვიდა თამასუქების გასტუმრების დროც. ანტიდასავლური ფსიქოზმა, რომელსაც მთავრობა ამკვიდრებდა ყველა ხილული თუ უხილავი საშუალებით, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ოპოზიციის წინააღმდეგობის და ჩვენი დასავლელი მეგობრების ძლიერი წნეხის გამო. რუსებთან ლაქიობის ფერხულები პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში მაინცადამაინც პოპულარულივერ იქნა. იმავე მიზეზებით ვერც ოპოზიციის განადგურება მოხერხდა და ვერც ხალხის დაჩოქება გადადგომით დამუქრებული ბელადის წინაშე. სამართლიანობის ,,აღდგენის" ბრიყვულმა ლოზუნგმა ხომ საერთოდ ჩაილურის წყალი დალია, ოპერაცია ,,ბედუკაძე" გაიშიფრა, ეკონომიკა გაიყინა და მეტად უნიჭოდ დადგმული კასრების პარადიც უკვე მხოლოდ ძალიან ჭკუასუსტს თუ აუტოკებს აღშფოთების ძარღვს.
ასე, რომ შულავერელებს აშკარად ახალი სისხლის გადასხმა დასჭირდათ და აქ გაახსენდათ ალბათ ბ–ნი კობა – დიადი წინაპრის სეხნია. გაცვეთილი "ოცნებიდან"კოჰაბიტაციას თავდაღწეული "ქორი" ააფრინეს და აი ისიც, ისეთივე როგორც რუსეთში ვოლფოვიჩია. იმავე როლის, დატვირთვის და თუ გნებავთ, ისეთივე არლეკინის ფუნქციით, საკუთარი მთავრობისა და გადამთიელი დამპყრობლის ხმად. სულ მალე მას სხვებსაც მიუერთებენ. პარლამენტიდან უკვე ამ მიდრეკილებებს ოზურგეთელი დეპუტატი კვაჭანტირაძე ავლენს.
ქუჩიდან მათ მხარს აუბამს ქვებითა და კვერცხებით შეიარაღებული პიტალო კრემლოიდების ვაჩნაძე–გაბედავა–მიქაიას ,,პოლიტპატიმართა"დამტყმელი რაზმები. კიდევ ოინბაზი ესერი ირაკლი კაკაბაძე და რამდენიმე ივანიშვილის ნაწყალობევ–ნაკვები ინტელიგენტი თუ თბილისის "კოლორიტი", რომლებიც უკვე რაღაც აჯანყების მეტად სახიფათო თემებს უკირკიტებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე რუსოფილი მეუფე იაკობი მისი ჯგუფით, რომელსაც უკვე ახალი ცნობადი სახე ჰყავს–მეუფე სპირიდონი. ასე, რომ ყველა ამათთვის დავითაშვილი იქნება პოლიტიკური ლობი, გონი და დუღაბი, დამქოქავ-გენერატორი ქუჩის აქციებისა, რომლებიც მსუბუქი წონის პოლიტიკოსების კუკავა–ბაღათურიას ანაბარაა მიტოვებული და ძალიან ობლად, საწყლად გამოიყურება.
ამ ახალი "ცოფიანების" მიზანი ანუ ინსტრუქციის პუნქტები, ჩემი აზრით, არც ისე ბევრია, მაგრამ ძალიან მკაფიო:
1. ანტიდასავლური აგიტაცია–პროპაგანდა, იზოლაციონალიზმი და რუსეთისაკენ შებრუნება. ეს ხაზი ძალიან კარგად ჩანს დავითაშვილის არაერთ საჯარო გამოსვლაში, რომლის უმთავრესი დებულება ნეიტრალიტეტის იდეაა, რაც რეალურად ნატოზე უარსა და რუსეთისათვის საქართველოში საბოლოოდ ხელ–ფეხის გახსნას ნიშნავს;
2. სოციალისტური იდეების მასობრივი შემოყრა, ნიანგის ცრემლების ღაპაღუპი დაჩაგრულ მშრომელებზე და ამით ხალხის აყოლიება;
3. ,,სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგის აგრესიული რეანიმაცია, ხმის ჩახლეჩამდე ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების, მათი დაჭერა–დაპატიმრებებისაკენ მიმართული ქმედითი ზომების მოთხოვნა, ვერბალური და, თუ საჭირო იქნა, ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციაზე და ყველა დასავლურ ძალაზე, ყველა საჯარო სივრცეში, მათ შორის განსაკუთრებით ინტერნეტში, სადაც უკვე მოქმედებს ,,ვაი-ფაი" ზონდერთა ბრიგადა, რომელიც უშვერი ბილწსიტვაობითა და საშინელი ლანძღვა–გინებით უმალ შეესევა ხოლმე განსხვავებულ აზრს;
4. საპრეზიდენტო მარათონში "ოცნების" ფავორიტის მარგველაშვილისათვის მძიმე არტილერიის სამუშაოს შესრულება გაცხადებული მხარდაჭერის გარეშე. სავარაუდოდ, ამით არის ნაკარნახევი დავითაშვილის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად, თორემ ერთკაციან პარტიას არავითარი შანსი რომ არა აქვს, ისედაც ცხადია. მისი მთავარი საქმე უნდა იყოს რეალური ოპოზიციონერი კონკურენტის ტოტალური პრესინგი. როგორც კი ბაქრაძე რაიმეს თქმას დააპირებს, უმალვე ისტერიულად უნდა აყვირდეს, "მგელი მოდის, მგელი მოდისო". წამდაუწუმ ანთხიოს მასზე სიძულვილი და ღვარძლი, პირში ბურთი ჩასჩაროს, ჩააჩუმოს და ამით გზა გაუკვალოს "ოცნების" უბადრუკ კანდიდატს თავისი ფილოსოფიური ფანტასმაგორიებით. უნდა ითქვას, რომ ამ როლით დავითაშვილი კიდევ ერთი რუსული პროექტის - ქ-ნ ბურჯანაძის მოკავშირეც იქნება. მათი რიტორიკა ერთი–ერთზე დაემთხვევა.
მმართველ გუნდთან ძიძგილაობა, ვითომ კრიჭაში ჩადგომა, ახალი "შეურიგებლებისათვის" ნებადართულია და სასარგებლოც იქნება. დავითაშვილის მუჯლუგუნები, ერთის მხრივ, მუდმივად საბრძოლო ფორმაში ამყოფებს მოშვებულ მეოცნებეებს. თუ არა და შეიძლება ადგილ–ადგილ კომპრომატებიც გადმოულაგოს, როგორც არც ისე დიდ ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრზე გამოსცადა. ხოლო მეორეს მხრივ, ერთგვარ დამოუკიდებელ იმიჯს შეუქმნის ,,ცოფიანებს". იმისათვის, რომ შემდეგ პრემიერმა თავი იმართლოს მათ აღვირახსნილობებზე:ეს ნორმალურია, დემოკრატიული პროცესია, რა ვქნათ, ჩვენც გვამუნათებენ და გაგებით მოვეკიდოთო. ამით მათგან დისტანცირებულიც იქნება დასავლეთის დასანახად და ერთდროულად მფარველობასაც გაუწევს, როგორც ეს 17 მაისის მარბიელთა შემთხვევაში იყო.
ბევრი გამომივიდა ამჯერად, წასაკითხადაც შეიძლება მოსაწყენი იყოს. თუმცა საფიქრალად ღირს. სამართალში ასლი დედნის სწორია. თანაბარი მნიშვნელობისა და ძალისაა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ასე არ არის, ასლი ორიგინალს ვერაფრით გაუსწორდება, საბოლოოდ მისი უდღეური პაროდია და კარიკატურა ხდება. ასე, რომ ამ გზაზე რუსეთიდან კალკირებულ ქართველ ,,ქორებს" უფრო მასხარის ადგილი და დასასრულ ისტორიის მრავალნახული სანაგვე ელოდებათ რუსეთუმე წინაპრების გვერდით. მაგრამ ძალიან არ მინდა ჩვენს საზოგადოებას იმ იმედით, რომ იქნებ ახლაც გამოგვივიდესო, ,,ასეტრინა ნა ვერტელეს" მომლოდინე მონა–ყმების პირით ყარაყორუმიდან და აქაური ,,გლასპალასიდან" ისევ თვალები უბრიალონ:,,თუ არ მოაწერთ ხელს იმას, რაც გვინდა, მიიღებთ ომს!"
მასალის გამოყენების პირობები






