როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პედაგოგებს არ გაუვლიათ გადამზადების კურსები, პრობლემასთან დაკავსირებით კი არ ხდება მასწავლებელთა აზრის გათვალისწინება და პედაგოგები დარჩენილნი არიან მხრდაჭერის გარეშე.
"მოვითხოვთ, "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა" და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" მშრალი ციფრებით მანიპულირების ნაცვლად გააკეთოს ანალიზი და საზოგადოებას მიაწოდოს შემდეგი, დეტალური ინფორმაცია: ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენია მოქმედი მასწავლებელი და რამდენი მასწავლებლობის მაძიებელი (საგნების მიხედვით); თითოეული საგნის მიხედვით, ჩაჭრილი პედაგოგებიდან რამდენი არის ამ საგნის საუნივერსიტეტო განათლების მქონე მოქმედი მასწავლებელი და რამდენი სხვა საგნის მოქმედი პედაგოგი თუ მაძიებელი;
სერტიფიცირება გულისხმობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას, მისი პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტის ამაღლებას. მიზანი ვერ იქნა მიღწეული. წლების განმავლობაში სერტიფიცირება გადაიქცა პედაგოგთა სადამსჯელო ღონისძიებად და ნაცვლად ავტორიტეტის ამაღლებისა, ემსახურება მასწავლებელთა დისკრედიტაციას. თუ გვყავს არაპროფესიონალი პედაგოგები, მაშინ ისმის კითხვა, როგორ ვაღწევთ წარმატებებს ეროვნულ გამოცდებზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეპეტიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო სკოლების მოქმედი მასწავლებლები არიან. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნა იმ ღრმა კრიზისზე, რაც არსებობს პედაგოგების პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების არსებულ სისტემაში. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ის, რომ მასწავლებლებს არ გაუვლიათ სისტემატური კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ბოლო ათი წლის განმავლობაში პედაგოგები არიან საგნობრივი, პროფესიული საგამოცდო გადამზადების გარეშე დარჩენილნი.
"მასწავლებელთა სახლის" მიერ ჩატარებული ერთჯერადი, ეპიზოდური და ფრაგმენტული ტრენინგები, რომელიც მიმდინარეობს გამოცდების წინა პერიოდში, არ აღმოჩნდა საკმარისი და ვერ მოგვცა კუმულაციური ეფექტი.
სასერტიფიკაციო გადამზადების დაბალი ხარისხის და არაეფექტურობის გარდა პედაგოგებს შეზღუდული აქვთ თვითმომზადების შესაძლებლობაც. შექმნილია ხარისხიანი, მაგრამ ძალიან მცირე პაკეტი, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ მისი დაბეჭდვის შემთხვევაში ტომეულები შეიქმნება.
შესაბამისად, არც ტრენერების მუშაობა არის სრულყოფილი დიდი მოცულობის მასალის მცირე დროში სწავლების აუცილებლობის გამო.
პრობლემებია მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისითაც. საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებს არ გაუვლიათ ტრენინგები. შეუსაბამობაშია ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები, სასერტიფიკაციო საგამოცდო პროგრამები, გამოცდების ფორმატი, ქულებისა თუ კრედიტების მინიჭების სისტემა და წახალისების ნორმები. საგამოცდო ტესტებში იმდენია საფიქრალი და ამოსახსნელი, რომ მართლაც მომზადებულ მასწავლებელს, გამოცდაზე ხუთსაათიანი თავაუღებელი მუშაობა უწევს, ყოველგვარი გადათეთრების შანსის გარეშე. წლების განმავლობაში მიმდინარეობს რეფორმა ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური კუთხიდან დანახული, წარმართული და შეფასებული, საზოგადოების რეალურად ჩართვის გარეშე. არ არის შესწავლილი მასწავლებლის აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათი გვერდის ავლით იგეგმება ყველაფერი. პედაგოგები აღმოჩდნენ იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






