დათო ტურაშვილი და "კვირის პალიტრის" ერთერთი რედაქტორი, ჟურნალისტი ბესო ხვედელიძე, რომელიც ასევე შეყვანილია არასასურველ პერსონათა სიაში, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების გარეშე იმყოფებოდნენ.
2012 წლის მარტში ვიდეოპორტალებსა და სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნდა ინტერვიუ თავად დათო ტურაშვილთან, სადაც ის ამბობს, რომ მაინც ჩავიდოდა მთიან ყარაბაღში, თუნდაც სცოდნოდა, ამის გამო აზრებაიჯანი არასასურველ პერსონად გამოაცხადებდა.
ამავე ინტერვიუში მწერალი მიუთითებს, რომ არ ჰგონია, მთიან ყარაბაღში ჩასვლის გამო აზერბაიჯანში შესვლა აუკრძალონ, თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და საქართველოს ორივე მოქალაქე არასასურველ პირებად უკვე გამოცხადდნენ.
ინტერვიუში დათო ტურაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ ერს, მათ შორის აფხაზებსაც თავად უნდა შეეძლოთ.
"თუ ისინი თვლიან, რომ საქართველოს გარეშე კარგად იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. მე როგორ უნდა გადავწყვიტო? მე მგონია, რომ საქართველოსთან ერთად უკეთ იქნებიან და სხვაგვარად ასიმილაცია ემუქრებათ, მაგრამ მე ვერ ვეტყვი, გინდათ თუ არა, საქართველოსთან იმეგობრეთ-მეთქი. თავად უნდა მიხვდნენ. ნებისმიერი ადამიანი, ქვეყანა, ერი - თავად წყვეტს, თავად ირჩევს, სად და ვისთან იყოს", - ამბობს დათო ტურაშვილი ამ ინტერვიუში.
"ნიუპოსტი" მთიან ყარაბაღში დათო ტურაშვილთან 2012 წლის მარტში ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტს გთავაზობთ:
"-თქვენ მთიან ყარაბაღში ჩამოხვედით. არ გაღელვებთ ის ფაქტორი, რომ ამის გამო, შესაძლოა, აზერბაიჯანის შავ სიაში მოხვდეთ?
-არა მგონია. ასე რატომ უნდა მოხდეს?
-ყველა უცხოელი სტუმარი, რომელიც მთაინ ყარაბაღში ჩადის, პერსონა ნონ გრატად ცხადდება.
-სერიოზულად? ეს მე არ ვიცოდი. მაგრამ რომც მცოდნოდა, მაინც ჩამოვიდოდი. ეს ვინ მოიფიქრა?
-მათ მოიფიქრეს...
-არა, არა, შესაძლოა, ეს ლეგენდაა? მე ჩავალ ბაქოში, იქ ჩემი წიგნი თარგმნეს აზერბაიჯანულად, პრეზენტაცია მექნება. მგონი, არ უნდა იყოს პრობლემა. მაგრამ ეს რომც მცოდნოდა, მაინც ჩამოვიდოდი. არა მგონია, აზერბაიჯანში არ შემიშვან იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში ვიყავი..."
მასალის გამოყენების პირობები






