ეს ინტერესი მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ რუსეთს ატომური იარაღი აქვს და დიდი ჯარი ჰყავს. რუსეთის როლი მსოფლიო ეკონომიკაში იზრდება, ევროპის დიდი ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რუსეთის ნავთობის ექსპორტი ახდენს ზეგავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე, 143 მილიონიანი მოსახლეობა ქმნის დიდი მოხმარების ბაზარს. ჩვენ ეს შეკითხვა, პირველ რიგში, იმიტომ გვაინტერესებს, რომ ჩვენს ამ მოუსვენარ მეზობელს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 18%.
რუსეთის შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია, რადგან, ხშირად, რუსეთის მთავრობის მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება, იმ ლოგიკას, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება. ამის ნაცვლად, რუსეთის მოქმედებები გარკვეულ იმპერიულ ზრახვებზეა დაფუძნებული.
ბოლო პერიოდში მკვლევარები და სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურები თანხმდებიან, რომ რუსეთის იმპერია კრახისკენ მიექანება. ის შესულია ე.წ. ისტორიული განვითარების სპირალში და მის მთავრობას არ აქვს უნარი გამოასწოროს სიტუაცია.
ვერ ვიტყვით, რომ პუტინს ეს არ ესმის და არ ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას. მისი ბევრი ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ ის ხედავს პრობლემას, მაგრამ მისი ავტორიტარული მენტალობა არ აძლევს შესაძლებლობას, ბოლომდე შეაფასოს პრობლემის არსი და მიზეზები. მაგალითად, პუტინი ხედავს, რომ რუსეთის ეკონომიკა ძლივს სუნთქავს და ის ცდილობს ეკონომიკაში მიმართოს ფული. სოჭის ოლიმპიადა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, მოსკოვი-ყაზანის ახალი რკინიგზა, ახალი ტრანსციმბირის სატრანსპორტო პროექტი - ეს ყველაფერი არის არა მარტო პუტინის ამბიციების დაკმაყოფილება, არამედ ფულის ჩასხმა ეკონომიკაში. ამ მეთოდს ბევრი ქვეყანა იყენებს. ამერიკასაც აქვს ასეთი გამოცდილება დიდი დეპრესიის დროს და საქართველოს 2009-2010 წლებში. თუ რატომ არის ეს მეთოდი განწირული რუსეთის შემთხვევაში ისაა, რომ ამ ფულს იპარავენ. რუსულმა კორუფციამ უკვე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ინსტიტუციურ რანგშია ასულია. ამ იმპერიის განვითარების ისტორიაც ამას უწყობს ხელს. რუსეთში ყოველთვის იპარავდნენ, მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორს მოახსენეს, რომ ხაზინის თანხებს იპარავდნენ, მან უპასუხა: ,,არაუშავს, ყველაფერს ვერ მოიპარავენ". როგორ დაამთავრა რომანოვების დინასტიამ მოღვაწეობა ყველამ ვიცით...
მეორე, რასაც პუტინი ცდილობს, ეს არის საერთო ეროვნული იდეის ჩამოყალიბება. დიდი რუსეთის იმიჯის განვითარებაზე მილიარდები იხარჯება და გარეგნულად შედეგებიც ჩანს. რუსეთის მოსახლეობას მოსწონს პუტინის იმპერიული ზრახვები, მაგრამ ამ იდეოლოგიის მდგრადობა არის არა რკინის, არამედ ბროლის. ის ლამაზად წკრიალებს, მაგრამ დარტყმას ვერ უძლებს. ხოლო ეს დარტყმები სულ უფრო და უფრო მატულობს. ამის მიზეზი ტოტალური უსამართლობაა.
სიმბოლურია, რომ ბოლო პრობლემები პუტინს ქალაქ პუგაჩოვში შეექმნა, სადაც მოსახლეობა აჯანყდა. რუსეთის მთავრობის რეაქცია ამ აჯანყებაზე აჩვენებს, რომ ზუსტად ამის ეშინიათ მათ ყველაზე მეტად. მათ ეშინიათ არა ინტელიგენციის დემონსტრაციების მოსკოვში, არამედი ჩვეულებრივი რუსული ეგრეთ წოდებული "გლუბინკის ობივატელების" აჯანყების.
მესამე, პუტინს უწევს პოლიტიკური ელიტის დაშოშმინება და დაბალანსება. თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვის მოხსნით და სისხლისსამართლებრივი დევნით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მმართველი ელიტა არ არის მონოლითური და მასში ბზარები უკვე თვალსაჩინოა. პუტინმა ქვეყნიდან გააძევა ან დაჩაგრა და დაიმორჩილა ბიზნეს ელიტა, მაგრამ მათ ადგილს ნელ-ნელა პოლიტიკური ელიტა იკავებს, რომელმაც ძალიან დიდი ფული იშოვა და ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ფული და გავლენა შეინარჩუნოს. მანამ სანამ პუტინი ამის გარანტი იქნება, ისინი მის მიმართ ლოიალობას შეინარჩუნებენ, მაგრამ როგორც კი ოდნავ დასუსტდება, ეს ხალხი საკუთარ ლიდერს წამებში გაწირავს, რადგან ისინი ერთად იდეის გამო არ არიან, მათ ფული, ძალაუფლება და კეთილდღეობა აერთიანებთ.
ამასთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების არარსებობა მოსახლეობას არ აძლევს შანსს, რომ არჩევნებზე "გამოუშვას ორთქლი" და გარდაუვალია, რომ დუღილი, რომელიც დღეს რუსეთშია, მომავალ ხუთ წელიწადში აფეთქდება.
ეს აფეთქება, ბუნებრივია, იქნება ჩვენთვის უნიკალური შანსი, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამის პერსპექტივა მაშინ გაჩნდება, როდესაც აფხაზები და ოსები დაინახავენ, რომ რუსეთს არ სცალია მათთვის და საკუთარი თავის გადარჩენით არის დაკავებული. ისტორიაში ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია, გერმანიის გაერთიანება არის ერთ-ერთი...
დიმიტრი შაშკინი
მასალის გამოყენების პირობები






