მომავალი 6 წლის განმავლობაში რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს, დღევანდელ დაძაბულ დონეზე დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ არ გაუმჯობესდება, აცხადებენ ექსპერტები, ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით არჩევის შეფასებისას. ამ პოზიციას იზიარებენ ისინიც კი, ვინც რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ან მათი გაუმჯობესება სურს.
მართალია, რუსეთის არჩევნებით არაფერი შეიცვალა, მაგრამ იგი იმის საბაბს იძლევა, რომ მომავლის პერსპექტივები განისაზღვროს.
ბევრი ექსპერტი თვლის, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია არამარტო პუტინისა და მისი გარემოცვისთვისაა პოლიტიკურად ხელსაყრელი, არამედ ამ პოლიტიკას რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობაც ემხრობა, რადგან ეს კონფრონტაცია მათთვის რუსეთის ველიკოდერჟავული სახელმწიფოს სტატუსის აღდგენად აღიქმება. არჩევნებში მონაწილეთა 2/3-ზე მეტმა მხარი დაუჭირა კონფრონტაციის გაგრძელებას.
ამაზე პუტინის სამხედრო-აგრესიული რიტორიკით გამსჭვალული წინასაარჩევნო გამოსვლაც მეტყველებს, რომელმაც პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. შესაბამისად, რუსეთი ან გააგრძელებს თავის ამჟამინდელ პოლიტიკას დასავლეთის ქვეყნებისა და მისი უშუალო მეზობლების მიმართებაში, ან კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას - მას ამის მანდატი საკუთარმა მოსახლეობამ მისცა.
მეორეს მხრივ, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებსაც გაუჭირდებათ ურთიერთობის გაუმჯობესების გზების ძებნა - მოსკოვისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯები, კრემლის მხრიდან პოლიტიკის, რიტორიკისა და ქმედებების შეცვლის გარეშე დასავლეთის საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, ოპოზიციაში და მედიაში სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლს გამოიწვევს. ეს ყველაზე მეტად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშ ეხება, ოდნავ ნაკლებად - გერმანისა და საფრანგეთს.
გარდა ამისა, არის რამდენიმე ხმაურიანი თემა, რომელზეც დასავლეთს რეაგირება დასჭირდება, თუ რუსეთის მხრიდან რეაქცია ადექვატური არ იქნება.
პირველ რიგში, ყველაზე "ცხელი თემა" ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტია - დიდი ბრიტანეთის მკაცრი რეაქცია რუსეთის მხრიდან სრულ უგულებელყოფას შეხვდა და წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-ს ჩათვლით უკვე დაიკავეს ბიტანეთის მხარე.
უახლოეს მომავალში გაიმართება სასამართლო 2014 წელს ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმეზე, რაზედაც რუსეთს ასევე ჯიუტად შეუვალი პოზიცია უკავია.
რუსეთი არ ცვლის და არც შეცვლის თავის პოზიციას ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხებში, რასაც აგრეთვე ითხოვს დასავლეთი. ამის საპასუხოდ, აშშ-ში მიღებული სანქციების კანონიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ტრამპი გაამკაცრებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რასაც ალბათ, მისი ნატოელი პარტნიორებიც გააკეთებენ. ამასთან, უნდა გავიხსენოთ დღეს აშშ-სთვის ყველაზე პრიორიტეტული ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებიც, რომლებიც ასევე რუსეთთან ასოცირდება.
სხვა საკითხია, გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ამ ველიკოდერჟავულ პოლიტიკას - სანქციების გარდა, მას მოუწევს კიდევ უფრო გაზარდოს სამხედრო ხარჯები, ბიუჯეტის ფული მიმართოს სირიის, უკრაინის, ან სხვა მიმართულებით, სადაც იგი თავისი გავლენის შენარჩუნებასა და გაძლიერებას ცდილობს. ამას თავად კრემლში უნდა მიხვდნენ, რა უკეთესია, დღესვე გამოვიდეს ამ პატური მდგომარეობიდან, თუ გააგრძელოს ამ მიმართულებით სიარული? მუშაობს კი დრო რუსეთის სასარგებლოდ?
მასალის გამოყენების პირობები






