ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 59,9% მიიღო.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებისთვის 400 უბანი საზღვარგარეთ იყო გახსნილი. მათ შორის ანექსირებული ყირიმში, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთში.
წინასწარი მონაცემებით ვლადიმერ პუტინი კვლავ პრეზიდენტია, რომელიც დღეის ჩათვლით უკვე მე-18-ე წელია მართავს ქვეყანას.
უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დიპწარმომადგენლობებში შესვლისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული მორიგ უკანონო ნაბიჯი უწოდა.
საარჩევნო უბანი ანტარქტიდაზეც იყო გახსნილი, სადაც რუსეთის 375 მოქალაქე იმყოფება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა კოსმონავტმა ანტონ შკაპლეროვმა.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლებას ხალხი ძალით მიჰყავდა საარჩევნო უბნებზე.
საერთაშორისო დამკვირვებლები, "ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის" წარმომადგენლები რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, ყველაზე მასშტაბურია ამომრჩევლის უბნებთან ავტობუსებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მიყვანის ფაქტები. ასევე, რეგიონებში დაფიქსირებულია ერთი პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა, ხოლო მახაჩკალის ერთერთ უბანზე ჩხუბი ატყდა, რასაც დამკვირვებლების გაძევება და შემდეგ ყუთში ბიულეტინების ჩაყრა მოჰყვა.
"იაბლოკოსა" და ქსენია სობჩაკის დამკვირვებლებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ხმა ორ-ორჯერ მისცეს.
არჩევნებზე დაშვებული კანდიდატებიდან არჩევნებში 8 კანდიდატი იბრძოდა. უალტერნატივო ვლადიმერ პუტინის გარდა მათ შორის იყვნენ: რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, "იაბლოკოს" დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, "სამოქალაქო ინიციტივის" კანდიდატი ქსენია სობჩაკი, "ზრდის პარტიის" ლიდერი ბორის ტიტოვი, "რუსეთის კომუნისტების" ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და "რუსეთის საერთო სახალხო კავშირის" კანდიდატი" სერგეი ბაბურინი.
მასალის გამოყენების პირობები






