დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ყოფილ რუს ორმაგ აგენტზე ქიმიურ თავდასხმას გმობენ.
„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ვგმობთ სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს.
ეს არის დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა. სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება კი საერთაშორისო სამართლოსა და ქიმიური იარაღის კონვენციის აშკარა დარღვევაა. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ემუქრება“ - ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი სახელმწიფო მოუწოდებს რუსეთს, სერგეი სკრიპალის მოწამვლის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დამზადების პროგრამის დეტალები გაასაჯაროოს.
შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის დასატოვებლად მათ პრემიერმა ერთი კვირა მისცა. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.
რაც შეეხება რუსეთის პასუხს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტროს სერგეი ლავროვის თქმით, ლონდონის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ, თანაც "მალე." მისივე თქმით, საპასუხო ქმედებები ამით არ შემოიფარგლება და ამის შესახებ უახლოეს მომავალაში ბრიტანელებს აცნობებენ.
მასალის გამოყენების პირობები






