ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი, რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს.
მაშ ასე, ვინ იყო სკრიპალი, რომლის გამოც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
სერგეი სკრიპალი საბჭოთა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი აგენტია. 1999 წლამდე ის „გრუ-ს“ პოლკოვნიკი იყო. 2006 წელს, დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალადებით რუსეთში დააკავეს და სამხედრო წოდება ჩამოართვეს.
ახლა კი დეტალურად:
ბიოგრაფია და საქმიანობა
სკრიპალი 1951 წლის 23 ივნისს კიევში დაიბადა. 1972 წელს დაამთავრა სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელი კალინინგრადში განაღმვით-მედესანტეს სპეციალობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კუიბიშევის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში სადესანტო მიმართულებით. სწორედ აქედან მოხვდა რუსეთის დაზვერვაში. 1999 წელს მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ამავე წელს დატოვა რუსული დაზვერვა.
2001 წლამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს საქმეებით იყო დაკავებული, შემდეგ კი მოსკოვის ოლქში განათლების სამინისტროს წარმომადგენლობაში მუშაობდა. ასწავლიდა სამხედრო-დიპლომატიურ აკადემიაში. ამავდროულად, სკრიპალი ბიზნესში ჩაერთო - 2000 წლის დასაწყისში ის კომპანია UniExpl-ის თანამფლობელი იყო. აღნიშნულო კომპანია განსაკუთრებულ ოპერაციებში იყო ჩართული და ატარებდა სპეციალურ „ასაფეთქებელ“ ოპერაციებს და ახდენდა საბრძოლოო მასალისა და სამხედრო ტექნიკის უტილიზაციას. კომპანია 2016 წლის აგვისტოში დაიხურა.
გადაბირება
როგორც ცნობილია, სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ 90-იან წლებში გადაიბირა. ის დიდ ბრიტანეთს მათთვის სასარგებლო ინფორმაციას აწვდიდა. სავარაუდოდ, ეს 1995 წელს მოხდა, როდესაც ესპანეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშედ იყო მივლენილი. მის წინააღმდეგ სავარაუდოდ, ე.წ. თაფლის ხაფანგი იქნა გამოყენებული, რაც ჯაშუშური ჟარგონია და ინტიმური კავშირით ობიექტის გამოჭერას გულისხმობს. სხვა წყაროების მიხედვით, მისი გადაბირება ფულთან არის დაკავშირებული.
მუშაობა დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ
ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, სკრიპალი გრუ-ს კადრების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, კარგად იცნობდა რუსული დაზვერვის ოფიცრებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანებში მუშაობდნენ. სწორედ მისგან მიიღო დიდმა ბრიტანეთმა ინფორმაცია რამდენიმე ათეული რუსი აგენტის შესახებ, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდნენ.
1999 წელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სკრიპალმა ბრიტანულ დაზვერვასთან თანამშრომლობა განაგრძო. მის ბრიტანელ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მოგზაურობისას - ესპანეთში, მალტასა და დიდ ბრიტანეთში ახერხებდა.
გავრცელებული ცნობით, მან მიაწოდა ბრიტანეთს ინფორმაცია რუსული სამხედრო ობიექტების, მათ შორის არხანგელსკში არსებული სამხედრო კოსმოდრომის შესახებ. მთლიანობაში იყო დაახლოებით 20 000 საიდუმლო დოკუმენტი.
დაპატიმრება
2004 წლის 15 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით აღიძრა.
დაკითხვისას მან თავისი საქმიანობის შესახებ ბრალდება აღიარა.
სასამართლომ, განაჩენის გამოტანისას მისი აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა.
2006 წლის 9 აგვისტოს მოსკოვის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გაახმოვანა. მას ჩამოერთვა ყველა სამხედრო წოდება და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მისთვის რუსეთის მოქალაქეობა არ ჩამოურთმევიათ.
"ჯაშუშების გაცვლა" - გათავისუფლება
2010 წლის 9 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის 4 მოქალაქე შეიწყალა, მათ შორის დაკმაყოფილდა სკრიპალის თხოვნა შეწყალების შესახებ, რაც „ჯაშუშების გაცვლასთან“ იყო დაკავშირებული. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის „ჯაშუშების გაცვლის“ დროს, 2010 წელს, სკრიპალი აშშ-ში დაკავებულ რუს ჯაშუშებზე გაცვალეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ცნობილი ანა ჩეპმენი. გავრცელებული ცნობით, გაცვლის სია აშშ-მა შეადგინა. სიაში სკრიპალის შეყვანა იმის მანიშნებელია, რამდენად ღირებული აგენტი იყო დიდი ბრიტანეთისთვის.
ცხოვრება და საქმიანობა დიდ ბრიტანეთში
2010 წელსვე დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალს ბრიტანეთის მოქალაქეობა მიანიჭა, მისცა საცხოვრებელი სოლსბერიში, რომელიც 35 000 ფუნტად არის შეფასებული , დაუნიშნა პენსია.
დიდ ბრიტანეთში სკრიპალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ის კითხულობდა ლექციებს კადეტთა სამხედრო აკადემიაში, როგორც სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის გამოცდილი თანამშრომელი. გავრცელებული ცნობით, ის რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის შესახებაც კითხულობდა ლექციებს, რომლის მიზანი რუსულ დაზვერვასთან ეფექტური ბრძოლა იყო. „ტელეგრაფის“ ცნობით, სკრიპალმა ბრიტანულ დაზვერვასთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა და სწორედ მანაც იმუშავა დონლად ტრამპის ცნობილ „რუსულ დოსიეზე“ , რომელიც MI-6-ის ყოფილმა თანამშრომელმა ქრისტოფერ სტილმა შეკრა.
სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლა
სკრიპალი და მისი შვილი იულია, 4 მარტს ნერვული აგენტით "ნოვიჩოკოთ" მოწამლეს, რომელიც რუსეთშია წარმოებული. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონებადაკარგეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მათ სისხლში მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.
სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 19 ადამიანი მოხვდა.
საავადმყოფოში მოხვდა პოლიციელიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე, სერგეი სკრიპალის დასახმარებლად პირველი მივიდა.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა. არგუმენტების არარსებობის შემთხვევაში კი სანქციებით დაიმუქრა. თუმცა, ლონდონმა მოსკოვისგან პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
რითი მოწამლეს
დიდი ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, ისინი ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით “ნოვიჩოკი,“ რომელსაც რუსეთი აწარმოებს.
ნერვული აგენტი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი, შლის ნერვულ და სუნთქვით სისტემას და სხეულის მუშაობის ფუნქციებს.
ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება, ძირითადაც პირის ღრუსა და ცხვირიდან აღწევს ორგანიზმში, შესაძლებელია თვალიდან და ასევე კანიდანაც მოხვდეს. ნერვულ აგენტს განეკუთვნება ცნობილი საწამლავი ზარინის გაზი, რომელიც ბოლო წლებში სირიაში არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
"ჯაშუშის მოწამვლის სკანდალი" - ლონდონის სანქციები მოსკოვს
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
ამავდროულად, დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს აძევებს. ქვეყნის დასატოვებლად მათ პრემიერმა ერთი კვირა მისცა. გაიყინება რუსული საბანკო ანგარიშები. დიდი ბრიტანეთი, რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზეც იწყებს ზრუნვას.
"ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა მეიმ პარლამენტში.
მასალის გამოყენების პირობები






