ხელისუფლების ოპონენტები ევროპული სასამართლოსგან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს დღეს მედიის თვალწინ მოაწერეს ხელი და პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების გამო შედეგები უნდა გაუქმდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბიძა ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით ჩაატარა.
„დიამეტრალურად განსხვავებულები პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები დღეს ვართ ერთად. „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად მოახერხა სრული ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა იმ ასპექტში, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა. რეალურად, ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა - ძალაუფლების მონოპოლიზება.
მადლობას ვუხდი ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მთავარი ამოცანისთვის შეუძლია გვერდზე გადადოს საკუთარი განსხვავებები"- თქვა ენმ-ს წარმომადგენელმა.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ძალინ მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ეს სარჩელი კარგი სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ოპოზიციაში. ჩვენ არ ვწვავთ ხიდებს და შეგვიძლია თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას ეხება"- თქვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.
სარჩელის ხელმომწერთა შორისაა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიც. შალვა ნათელაშვილმა სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტს ისტორიული უწოდა.
„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ყველა პოლიტიკური პარტია ერთობლივად აწერს ხელს ვერდიქტს ჩატარებული არჩევნებისა და საუბრობს საარჩევნო სისტემის უკნონობაზე. ამ წუთიდან საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება არ არსებობს. მას დარჩა ერთადერთი გზა - წავიდეს სახლში. ჩვენ ბრძოლა უნდა დავიწყო, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ეს სანუკვარი მიზანი ასრულდეს“- თქვა ნათელაშვილმა.
„ეროვნული დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, კი „არსებული ხელისუფლება, ყველაზე მთავარ მონაპოვარს უსპობს ქვეყანას - ეს არს დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები“.
ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება თუ გონს არ მოეგო ქუჩის პროტესტს მიიღებს.
„ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. ვერც დემოკრატია და ვერც სახელმწიფო სისტემები ვერ იარსებებენ და ასეთი ქვეყანა სახლმწიფოდ ვერასდროს ჩამოყალიბდება. ქართველი ერის ამოცანაა საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო, ჩვენ ამ სარჩელს არამხოლოდ სამართლებრივ დატვირთვას, არამედ პოლიტიკურ დატვირთვასაც ვაძლევთ. ის, რაც მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პრობლემაცაა, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული განსხვავებისა ოპოზიციას არჩევნების დასაცავად ერთად დგომა შეუძლია. დღეს სარჩელი დავწერეთ და სტრასბურგში ვაგზავნით, ხვალ შეიძლება სხვაგვარად დავიცვათ ამომრჩევლის ხმები და ეს შეიძლება იყოს არა დოკუმენტების ფრიალი, არამედ პროტესტი ქუჩაში“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მანვე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა „შეეშვას სახელმწიფოს ნგრევას“.
„მისცენ ქართველ ხალხს 2018 წელს თავისუფლად აირჩიოს ქვეყნის მეთაური და მისცენ ხალხს იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება პრინციპი, როცა ხელისუფლებები იცვლება არჩევნების გზით“ - აღნიშნა მან.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის სარჩელს სტრასბურგის სასამართლო წარმოებაში მიიღებს.
„არჩებნებისას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებდა არჩევნების გაყალბბისთვის და მისი მთავარი მექანიზმი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისისაოლქო და საარჩევნო კომისიებით. ფაქტობრივად ყოველგვარი სამართლებრივი პრინციპების უგულვებელყოფით მოხდა ტოტალური გაყალბება. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ სარჩელს მოვიგებთ და ეს საქმე ქართული დემოკრატიის განვითარებაში თავის სათქმელს იტყვის“- განაცხადა ვაშაძემ.
ხელისუფლების ფართომასშტაბიანი აქციებით ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მისი ცვლილების საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას.
„პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალის გარდა, ყველა ერთობლივად აცხადებს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო და სერიოზული მანიპულირების შედეგით დასრულდა. ეს ძალიან სერიოზული ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნებს სვამს ხელისუფლებასთან მიმართებით.
ეს სარჩელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თუ ქვეყანაში არჩევნებმა საბოლოოდ დაკარგა აზრი, ასეთ შემთხვქვაში ქვეყანა კიდევ უფრო ღღმად ჩაერთვება იმჭაობში, სადაც უკვე ვართ ან კვლავ რევოლუციით დასრულდება ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ გვინდა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევს. ერთადერთი შანსია, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი არ დაკარგოს და ხმებს არ ყიდულობდეს ბიძინა ივანიშვილი და ამით არ ხდებოდეს პოლიტიკური პროცესების წარმართვა“- განაცხადა ბურჯანაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ კი ოპოზიციის გაერთიანებისთვის მადლობა ხელისუფლებას გადაუხადა:
„მან მოახერხა და ოპოზიციის მრავალფეროვანი სპექტრი ერთად შეკრიბა. სადაც არ არის დიალოგი იქ არის პროტესტი“- თქვა კაციტაძემ.
ოპოზიციის საერთო სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე კვირას გაიგზავნება.
მასალის გამოყენების პირობები






