ნიკოლოზ ვაშაყმაძე სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ის არ იშურებდა დროსა და ენერგიას, რათა საკუთარი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც 1993 წელს ჩააბარა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 2000 წელს წარმატებით დაასრულა საუნივერსიტეტო განათლება. სწავლის დასრულების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას გაემგზავროს გერმანიაში, რათა საფუძვლიანი სამედიცინო განათლება მიიღოს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი გერმანიაში სრულად აღიარებული დღესაც არაა, ნიკოლოზ ვაშაყმაძეს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. ორი გზა არსებობდა, პირველი საუნივერსიტეტო განათლება და მეორე გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სტუმარ ექიმად დარჩენა. მან პირველი გზა აირჩია.
„2003 წელს წარმატებით დავასრულე სამედიცინო განათლება კოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სახელმწიფო გამოცდით და კარდიოქირურგიის მიმრთულებით კვალიფიკაციის მოპოვებას შევუდექი, გერმანიაში წარმატების მიღწევა რთულ დაბრკოლებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც შრომისმოყვარე ადამიანი ვერ გადალახავს და მით უფრო როცა ერთადერთი ბარიერი საკუთარი თავია“ - ნიკოლოზ ვაშაყმაძე.
გერმანიაში წარმატების მიღწევას საკუთარ თავზე გამარჯვებას უწოდებს. ქართული და გერმანული განათლების სისტემა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც თვითონ ამბობს: “საქართველოში სამედიცინო განათლება ჯერ კიდევ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების სისტემაა, რომლის ეფექტურობაში დარწმუნება ძალიან მიჭირს. გერმანიაში ყველა სტუდენტის საუნივერსიტეტო განათლებას გერმანიის მთავრობა აფინანსებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს მოქალაქეობას, წარმომავლობას, კანის ფერს და ა.შ. დამატებით გეძლევათ მუშაობის უფლება, რომ ბინის ქირის, დაზღვევისა და ჯიბის ფული გამოიმუშავოთ. ამით სტუდენტები მშობლებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას ეჩვევიან და ზრდასრულ პიროვნებებად ყალიბდებიან. 26 წლის ასაკში მეც მომიწია დამოუკიდებელ პიროვნებად ვქცეულიყავი, ამიტომ ჩემი სტუდენტური თეთრი ხალათი შაბათ-კვირა pizza hut-ის ფორმით იცვლებოდა და ასე გაგრძელდა ბოლო სახელმწიფო გამოცდამდე“.
უნივერსიტეტის დამთავრების, კარდიოქირურგიაში კვალიფიკაციის მოპოვების და გერმანიაში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე მაინც თავის პატარა სამშობლოში, საქართველოში ბრუნდება.
რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება? პასუხად ამბობს, რომ: „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდოდა, მის აღმშენებლობაში ერთი აგური მაინც დამედო“. დღეს ნიკოლოზ ვაშაყმაძე სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელთან თანამშრომლობს და ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მუშაობს, კარდიოქირურგად. ნიკოლოზი გვიყვება თავისი პროფესიისა და კლინიკის შესახებ: „კარდიოქირურგია ქირურგიის დარგია, რომელიც გულის და მასთან ახლომდებარე მსხვილი სისხლძარღვების თანდაყოლოლ ან შეძენილ დაავადებების ოპერაციულ მკურნალობას გულისხმობს. ჩვენი კლინიკა ევროპაში შეძენილი გამოცდილების მიხედვით არის სტრუქტურირებული და გუნდურობის პრინციპზეა აგებული. აქ მოსულ პაციენტზე არამხოლოდ ერთი კომპეტენტური ექიმი ზრუნავს, არამედ ექიმების და ექთნების კვალიფიცირებული გუნდი, ისინი უწყვეტ რეჟიმში გადიან სტაჟირებას ევროპულ კლინიკებში, კარდიოქირურგიაში ასეთი 15-მდე ექიმი და მედდა მუშაობს და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. ევექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კადრების გადამზადებას და საზღვარგარეთ სტაჟირებას, რისთვისაც ხელმძღვანელობას დამსახურებული მადლობა ეკუთვნის. ჩვენი კლინიკა მრავალპროფილურია. მოგეხსენებათ, გულით დაავადებულ პაციენტებს თითქმის ყოველთვის აქვთ თანმხლები დაავადებები, რომლებმაც ქირურგიული მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამწვავება განიცადონ, ამიტომ მრავალპროფილურ კლინიკაში რისკები გაცილებით ნაკლებია. ექიმების სხვადასხვა გუნდის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა ასევე საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა ჩვენს კლინიკაში ხარისხიანი მკურნალობის გარანტია“.
კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე დამწყებ მედიკოსებს ურჩევს არასოდეს დაკმაყოფილნენ მიღწეული შედეგებით, განავითარონ საკუთარი გონებრივი მონაცემები, გააღრმაონ ცოდნა, იყვნენ შრომისმოყავრენი და ეს თვისებები აუცილებლად მოუტანთ წარმატებას.
მასალის გამოყენების პირობები