_ ბატონო გიორგი,სანამ ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ორიენტირებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა ძველ ხელისუფლებაზე გკითხოთ. ერთი შეხედვით, პრობლემები მნიშვნელოვან პოლიტიკურ სეგმენტებში თითქოს მოგვარდა. მაგრამ არსებობს პროექტები, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში შეწყდა და გასაგრძელებელია. რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რამდენად შეიძლება ეს გათვლები გადახალისებული და გამოყენებული იყოს ახალი ხელისუფლების მიერ?
–პირველ რიგში ძველი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა უნდა დავყოთ რამდენიმე ნაწილად. პირველი ნაწილი იყო მცდელობა იმისა, რომ საქართველოში ყოფილიყო ლიბერალური ეკონომიკა. ვგულისხმობ ბატონი ბენდუქიძის მთავრობაში ყოფნის პერიოდს, როცა მართლაც იყო გარკვეული ტიპის რეფორმები ლიბერალური ეკონომიკის მიმართულებით.ეს რეფორმები იყო წარმატებული და თავისი შედეგიც გამოიღო. შესაძლოა, ეს არ იყო ასახული ძალიან ბევრ ადამიანზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ რეფორმების შედეგად მიღებულმა ეკონომიკამ გარკვეულ გამოცდას გაუძლო. გამოცდის გაძლებაში ვგულისხმობ 2008 წლის ომის პერიოდს, რასაც თან ერთვოდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რის ფონზეც საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა. ამის მაგალითად შეიძლება სამშენებლო სფერო მოვიყვანოთ. არანაკლები პრობლემები იყო საბანკო სექტორშიც. ჩემი აზრით, კრიზისი მშვიდად გადავიტანეთ იმის გამო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობდა ეფექტურად და მეორე მხრივ, კერძო სექტორი იყო მოქნილი. ომის პერიოდში საბანკო სექტორი თითქმის არ დაზარალებულა, თუმცა სამშენებლო სექტორს ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები იმის გამო,რომ საბანკო სექტორში ამ პერიოდში წარმოიქნა პრობლემა დაუბრუნებელ სესხებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ადამიანი (ძირითადად ისინი, ვისაც განვადება ჰქონდა) ვეღარ იხდიდა თანხას, იმიტომ რომ დაკარგა სამსახური ამ კრიზისის პერიოდში. ამ დროს საბანკო სექტორი რთული გამოწვევების წინაშე იდგა, მაგრამ მას მხსნელად მოევლინა საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტები, რომლებიც დაეხმარნენ მათ იმ კუთხით, რომ მათი აქტიურობა არ შენელებულიყო , არ გაკოტრებულიყვნენ და არ შეჩერებულიყო მათი საქმიანობა. სხვათაშორის, ამ პერიოდში ხელისუფლებამაც მისცა საბანკო სექტორს ამოსუნთვის საშუალება. თუ გავიხსენებთ ომის პერიოდს, ის ცნობილი ხუთი დღე გასული იყო, პრეზიდენტმა ერთი დღე გამოაცხადა ისეთ დღედ, როცა ბანკები არ იმუშავებდნენ. ამან საშუალება მისცა კომერციულ ბანკებს, შეეხედათ საკუთარი სიტუაციისთვის. ძნელია, სამშენებლო სექტორმა ვინმეს დააბრალოს წარუმატებლობა, რადგან სამშენებლო სექტორი თავის პოლიტიკას არასწორად წარმართავდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პირამიდებს, ანუ ერთ კომპანიას რამოდენიმე მშენებლობა ჰქონდა დაწყებული ისე, რომ ბოლო მშენებლობაში ბინები საერთოდ არ ჰქონდა გაყიდული. გაყიდული ჰქონდა წინა მშენებლობებში, რომელიც ასევე არ იყო დასრულებული . საბოლო ჯამში, როდესაც დადგა კრიზისის პერიოდი და გადახდისუნარიანობა შემცირდა, ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ბინები ან დაუმთავრებელი იყო , ან საერთოდ არ იყო აშენებული.ეს ხომ პირამიდაა, როცა ერთი მშენებლობიდან თანხა მეორე მშენებლობაში მიდიოდა, მეორედან მესამეში და ა. შ. ყველა ერთად შენდებოდა, მაგრამ არცერთი არ იყო დამთავრებული.
_ ,,ლიბერალური ეკონომიკა“- ეს არის ბენდუქიძის დეკლარირებული ფრაზა და დამკვიდრებული ეკონომიკური ტენდენცია, მაგრამ რამდენად ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ?
– ლიბერალური ეკონომიკა, რამდენადაც ხელისუფლების ერთი ნაწილის მიერ იყო დეკლარირებული, იმდენად პოპულარული ვერ იყო მთლანად ხელისუფლებაში.ერთია დეკლარირებული ლიბერალიზმი, მეორეა ის, თუ რა სრულდება ამ კუთხით. პრობლემები ყოველთვის იყო ამ ნაწილში. ძალიან ხშირად იყო საუბარი მონოპოლიის თემაზეც . საქართველოში შეინიშნებოდა სექტორები, რომლებიც კარგ ენას პოულობდა ხელისუფლებასთან და ამით ის იქმნიდა უპირატესობას.
_ ამ გაგებით ახალი ხელისუფლების ახალი ორიენტირი ძველის თითქმის იდენტურია, რატომ მოითხოვს ამჯერად უმცირესობა, რომ ეს ორიენტირები გაწერილი იყოს ციფრებში?
_ სულ ამბობდნენ, რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდა კავშირი ბენზინის ბიზნესთან და ამ სფეროში ამიტომ იყო ძვირი ფასები. ახლა მე მაინტერესებს ძველი ხელისუფლება რომ შეიცვალა, რა მოუვა ფასებს.?! ხომ ამბობდნენ, რომ ესენი არიან ბიზნესის წილში და მოგებიდან იღებენ 20 თეთრს..ახლა ხომ ის ხელისუფლება აღარ არის და ლოგიკურად ეს თანხები ახალი ხელისუფლების პირობებში ხომ უნდა გამოთავისუფლდეს? შესაბამიდად, ხომ უნდა დაიწიოს ბენზინის ფასმა? გაფაციცებით ველოდები ბენზინის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს.
_ სიტყვა, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, არის ,, მარჯა“ ანუ ზედმეტი გადასახადი, რომელსაც იხდიდა მოსახლეობა. კომპანია იაფ ფასად იღებდა ნედლეულს და შემდგომ ჰყიდდა დიდ ფასად. ამ შემთვევეაში ეს ზედმეტი თანხა თუ გამოთავისუფლდა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომუნალური გადასახადი დაიკლებს?
_ ახლა სწორედ ამას ველოდებით.ეს არის სწორედ ახალი ხელისუფლების გამოწვევაც. რა თქმა უნდა თუ ფასები შემცირდება, თითოეული ჩვენგანისთვის იქნება კარგი, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური დანახარჯი იქნება ნაკლები. სულ იყო ელექტროენერგიაზე საუბარი, რომ იყო ძალიან გაბერილი გადასახადი. თუ ეს ასე იყო, მაშინ ელექტროენერგიის გადასახადი საგრძნობლად უნდა შემცირდეს და თუ შემცირდა საბიუჯეტო განაკვეთის გარეშე, სახელმწიფომ თუ ამაში ფული არ ჩადო, ეს იმას დაგვანახებს, რომ მართლაც ძალიან დიდი მოგების მარჯა არსებობდა. თუ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით ელექტროენერგიაში თანხა ჩადო, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დენი მაინც ძვირი რჩება.
_ იმ შემთხვევაში, თუ დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე, ხომ არ ჩავბნელდებით?
_ ჩემთვის რომ დამაჯერებელი იყოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, მან ისე უნდა მოახერხოს კომუნალური გადასახადების შემცირება, რომ არ მოახდინოს ბიუჯეტიდან სუბსიდირება, ანუ ისევ მოქალაქეებისგან ირიბად არ წაიღოს ეს თანხა. მეორე საკითხი ისაა, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი არ შეიქმნას ქვეყანაში. თუ ეს ხელისუფლება ამ ყველაფერს შეასრულებს, მაშინ ვიტყვით, რომ წინა ხელისუფლება ძალიან ცუდად მართავდა ეკონომიკურ პოლიტიკას.
–ჯერ ახალ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით, ამით ის პოლიტიკური კეკლუცობის ფაზას ხომ არ დაადგა და დამატებით ქულებს ხომ არ იწერს საზოგადოებაში?
–საზოგადოების მოთხოვნები ამ მომენტისთვის ძალიან გაზრდილია. ქართულ საზოგადოებას ყოველთვის უნდა ყველაფერი ძალიან სწრაფად. 2003 წელს მათი მოლოდინი იყო, ჰქონოდათ ელექტროენერგია და განათებული უბანი.მათ უკვე აქვთ დენიც, გაზიც, მაგრამ შედარებით ძვირ ფასებში. ახლა მათი მოლოდინია, რომ გადასახადებზე ფასები შემცირდეს. ქართული საზოგადოების ძირითადი მოთხოვნა ახლა ის არის, როგორ მიიღოს მეტი სარგებელი. ჯერ კიდევ ჟვანიამ თქვა ასეთი ფრაზა, რომ ეკონომიკურ ზრდას თითოეული ადამიანი მაშინ იგრძნობს, როცაისინი გააღებს საკუთარი მაცივრის კარებს. ეს არის აბსოლიტურად ლოგიკური.
_ რამდენად შესაძლებელია კომუნალური გადასახადების გაიაფებამ ზედმეტად არ აზარალოს ბიუჯეტი? აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ბიზნესმენები ბატონმა ბიძინამ თავისთან დაიბარა, ზუსტად მეორე დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიკამენტები გაიაფდა. გამოდის, რომ ფასები მედიკამენტებზე ხელოვნურად გაბერილი იყო.
_ თეორიულად გაიაფების ერთი საშუალება არსებობს- სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება.შეიძლება ახლა გაიფდეს ყველაფერი, თუ ამაში სახელწიფო, ბიუჯეტიდან თავის თანხას ჩადებს, მაგრამ ესაა ძალიან ცუდი გზა, რადგან ეს ისევ მოსახლეობიდან ირიბად გადახდილი თანხაა. მოსახლეობის ფული ბიუჯეტის ფულია და თუ ბიუჯეტიდან კომუნალურ გადასახადებში წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა რაღაცას მოაკლდა.
_ რატომ აღმოჩნდა ლიბერალური ეკონომიკის ფონზე მეტისმეტად გაძვირებული გადასახადები? გასაგებია, რომ მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად ფასებიც, მაგრამ ის, რასაც ვყიდულობდი 5 თეთრად, ახლა რატომ ვყიდულობ 50 თეთრად?
_ ფასების გაძვირებას ახლავს თავისი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. რაც შეეხება ობიეტურ ფაქტორს, მაგალითად, პურის ფასი თავისთავად დამოკიდებულია საწვავის ფასზე, საწვავის ფასი შეიძლება პურის ფასზე იყოს დამოკიდებული და ა.შ. ასე, რომ ეკონომიკაში არის ჯაჭვები , შესაბამისად, ჯაჭვური რეაქციით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირება იწვევს სხვა პროდუქციის გაძვირებას. ამის მიზეზი, შეიძლება იყოს მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები. ამ ფაქტორების გამომწვევი მიზეზების სია ძალიან გრძელია. რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, ესაა ფაქტორი, რომელსაც მონოპოლიას ვეძახით.შესაძლოა, ცალკეული ინტერესთა ჯგუფები მაღალი შემოსავლის მიღების მიზნით აძვირებდნენ გარკვეული ტიპის პროდუქციას, რომლის ერთადერთი შემომტანებიც თვითონ არიან.თუ კი სუბიექტური ფაქტორებით არის ბაზარზე პროდუქცია გაძვირებული, ეს პოლიტიკა სასწრაფოდ შესაცვლელია.
_ როდესაც ძველი ხელისუფლება ახალი ხელისუფლებისგან გარკვეულ ვადებს ითხოვს, რამდენად სწორი პოლიტიკაა? რა ვადაში და რამდენად ეფექტურად იგრძნობს ხელისუფლების სიკეთეებს საზოგადოება?
_ მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს მოხდება ძალიან სწრაფად. რაც შეეხება მოსახლეობის მოთმინების უნარს, არ არის მაღალი და შესაბამისად, ისინი ითხოვენ ყველაფერს სწრაფად, ამიტომ არ ვიცი მოსახლეობა რამდენად დააცდის ახალ ხელისუფლებას . ჯერ კიდევ ძველ ხელისუფლებას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, რა ხდება ქვეყანაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების კუთხით. ახალი ხელისუფლება ახლა ეცნობა ამ ყველაფერს.
_ როდესაც მე ვითხოვ- გამიზარდო პენსია, ამავე დროს გამიიაფდეს კომუნალური გადასახადები, მაქვს მოთხოვნა, რომ გააიაფო ბენზინი, მომცე კარგი სამსახური და ა.შ. მოკლედ, ძალიან მდიდარი ადამიანი უნდა ვიყო საქართველოში. აიტანს თუ არა ამ ყველაფერს ქართული ეკონომიკა?
_ ამ რეალობაში ქართული ეკონომიკისთვის არარეალურად მიმაჩნია, რომ ერთობლივად მოხდეს ყველა კომუნალური გადასახადის გაიაფება (მნიშვნელოვან გაიაფებაზე მაქვს ლაპარაკი), ეს მას ძალიან გაუჭირდება.
_ ხშირად ჟღერს ფრაზა- ,,ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა“ . ამ პროგრამას ახალი ხელისუფლებაც გამოიყენებს?
_ ეკონომიკის სტიმულირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ გარკვეული თანხა უნდა ჩადოს ეკონომიკის ცალკეულ დარგებში. ხშირად იყო საუბარი სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა მუშაობდეს იმგვარად, რომ ერთი ადამიანის ფინანსებზე არ იყოს დამოკიდებული რომელიმე სეგმენტის წარმატება. მდიდარი თანამემამულე, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის მონაპოვარია, მაგრამ მოდი და ერთ დღესაც მას აღარ მოუნდეს რომელიმე სფეროს დაფინანსება, მერე რა მოხდება. თუ ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ გადასახადების შემცირება შესრულებადია 5–10 წლის განმავლობაში, ეს სწორია, მაგრამ თუ ამბობ, რომ ყველაფრის შესრულება დაიწყება დღეიდან, ეს ძალიან რთულად მიმაჩნია.
-ბოლო პერიოდის ივანიშვილის გამოსვლები ძალიან ჰგავს სააკაშვილის გამოსვლებს. ორივე საუბრობს ინვესტიციებზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე . რაიმე განსხვავება არსებობს ამ სფეროსადმი მიდგომებში,რაც უკეთეს პირობებს შექმნის ამ ქვეყანაში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად?
_ ინვესტიციციები საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას ყოველთვის სჭირდება რაიმე სახის საგარეო გარანტიები. ინვესტიცია კი არის იდეალური საშუალება- როდესაც შემოდის ბიზნესმენი, აბანდებს ფულს, ხსნის ახალ ობიექტებს, ასაქმებს ადამიანებს და იხდის გადასახადებს.საქართველოში ინვესტიციები საგრძნობლად შემცირდა 2008 წლის შემდეგ. ერთი რამ უნდა ავღნიშნოთ, გარდამავალ პერიოდში ინვესტორები ძალიან ფრთხილობენ, ეჭვი მეპარება იმაში, რომ 6–8 თვის განმავლობაში საქართველოში რაიმე მნიშვენელოვანი ინვესტიცია განხორციელდეს.
_ ეკონომიკურ ბლოკში დანიშნული არაპროფესიოანლი კადრები კიდევ უფრო ხომ არ დაასუსტებენ სფეროს?
_ არა პროფესიონალი მინისტრების ცნება არა უცხო ქართული პოლიტიკისთვის. შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს სპეციფიკური განათლება, მაგრამ მისი ხედვა იყოს დამაჯერებელი.არა აუცილებელი, რომ დიპლომში მას ეწეროს ის კატეგორია რაც მან ჩაიბარა, მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა იცოდეს იმ სფეროს შესახებ. წინა ხელისუფლების დროს პრობლემა იყო და ახლაც გაჩნდა ამ კუთით გარკვეული კითხვები. ახალ ხელისუფლებას აქვს ორმაგი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ერთის მხრივ, მას მოუწევს გარკვეული მიღწევების შენარჩუნება ( მინიმუმ საქართველოში შუქი არ უნდა ქრებოდეს და ფასი უნდა იყოს ძალიან მაღალი) .რაც შეეხება მინისტრების პროფესიონალობის თემას, არ გამოვრიცხავ, რომ კალაძე იყოს მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ენერგეტიკის მინისტრი და აღმოჩნდეს, რომ მას აქვს შესანიშნავი უნარები ამ სფეროში, უბრალოდ ცოტა დიდი რისკია. მისაღებია ასევე, რომ მინისტრი შეირჩეოდეს პოლიტიკური ნიშნით და მას ჰყავდეს შესანიშნავი მოადგილეები, რომლებიც დარგს კარგად უხელმძღვანელებენ.
– როგორც ექსპერტი, რა ვადას ითხოვთ იმისათვის, რომ საფუძვლიანად გაერკვეთ სიტუაციაში, თუ რა უნდა ახალ მთავრობას?
– ჩემი ვადა არის მარტივი და გამომდინარეობს ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტიდან- ესაა 2013 წლის საქართველოს ბიუჯეტი. როდესაც ამ ბიუჯეტს დაამტკიცებენ, ეს არის დეკემბრის თვე . მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ჩემთვის აბსოლიტურად ნათელი იქნება, მაგრამ ძალიან ბევრ კითხვაზე მექნება პასუხი ეკონომიკის მიმართულებით.
ესაუბრა ჟანა ასანიძე
მასალის გამოყენების პირობები






