ჭიჭიაშვილი ფიქრობს, რომ სანაიას მკვლელობა შევარდნაძეს მაშინ დააბრალეს: "მათ სურდათ, შევარდნაძისთვის ძირი გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ ზიზღი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს", - ამბობს ჭიჭიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჭიჭიაშვილი მუხროვანის ამბოხისა და პეტრე ცისკარიშვილის გატაცების დეტალებზეც საუბრობს.
მისი თქმით, 2001 წელს მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აიღო: "მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილსა და კობა ოთანაძეს გადავეცი. ისინი ვაჟკაცი და პატრიოტი ქართველები იყვნენ. მათთან მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მერე შევარდნაძე კრიალაშვილსა და ოთანაძეს მოელაპარაკა - კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი", - აცხადებს ჭიჭიაშვილი.
ჭიჭიაშვილი პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას შემთხვევითობას აწერს და ჰყვება, რომ პოლიტიკოსის გატაცება მხოლოდ იმან განაპირობა რომ ცისკარიშვილმა საკუთარი ავტომობილი არ დათმო.
"იმ დროს სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით და ჩვენი საქმისთვის მანქანა გვჭირდებოდა. კოტე ციხისთავმა, რომელიც ძალოვანებმა შემომიგდეს, მაინცდამაინც პეტრეს არ მიგვაყენა?! პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომ მისი წაყვანა მოგვიწია", - აცხადებს შოთა ჭიჭიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






