„თუკი შეძლო ოპოზიციამ პრაიმერისის ჩატარება, ეს იქნება სერიოზული განაცხადი“ - აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
,,არ არის გამორიცხული, სერიოზული ბრძოლა გამოუცხადონ „ოცნების“ კანდიდატს, რადგან საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს. ეს იქნება ერთი კანდიდატის ირგვლივ მობილიზება და არ ჭირდება დიდი ფინანსების დახარჯვა, განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისგან, სადაც მმართველ პარტიას დიდი უპირატესობა აქვს მაჟორიტარების წყალობით. აქ ეს არ ფიგურირებს, ანუ საპრეზიდენტოს მოგება ოპოზიციისთვის უფრო იოლია. გარდა ამისა თუ გაიმართა პრაიმერი, ძალიან დიდ ლეგიტიმაციას მატებს ოპოზიციის კანდიდატს. მაგრამ მთავარი შეკითხვა არის - თუ მოხერხდება. ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც თავიანთ მოღვაწეობას აგებენ ნაციონალური მოძრაობის ლანძღვაზე და გარდა ამისა, ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის შერიგება მე ამ ეტაპზე გამოვრიცხავ“ - აცხადებს შარაშენიძე
ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება, იქნება თუ არა ტესტი ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიისთვის, შარაშენიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახდენს საზოგადოება რეაგირებას.
,,დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჩათვლის საზოგადოება - ის, ვინც განზე გადგა ოპოზიციური გაერთიანებისგან არის ოცნებასთან გარიგებული. ფაქტია, საზოგადოება ნაკლბად არის ჩართული ამ პოლიტიკურ პროცესებში და ნაკლებად რეაგირებს მსგავს რაღაცეებზე და სწორედ ეს არის მთავარი უპირატესობა მმართველი პარტიისა, რომ საზოგადოება მიძინებულია და ხშირად პასიურად არის განწყობილი პოლიტიკის მიმართ“ - აცხადებს შარაშენიძე.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენო კანდიდატად შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაასახელოს, შარაშენიძე ,,შემოგდებულ ტყუილს“ უწოდებს. ,,ეგ ისეთივე თემაა, როგორც კობა კობალაძის კანდიდატურა შემოაგდეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე და შემდეგ ლევან იზორია დაასახელეს. ეს ჩვეული მეთოდია - გააჟღერებენ საჩოთირო კანდიდატს, მერე დაიწყება საიუბრები, რომ ოღონდ ეგ არა და ვინც გინდა იყოს... და ამის შემდეგ დააყენებენ ნაკლებად საკამათო კანდიდატს. მემგონი ესეც ბატონი ბიძინას კარგად გათვლილი ხეხრია“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






