კიევის პოლიცია ადასტურებს მომიტინგეთა დაკავების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კარვებში მყოფები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, ოპერატიული ინფორმაციის არსებობის საფუძველზე, კარვების ქალაქში დაგეგმილი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, მაგრამ მომიტინგეები სამართალდამცავებს არ დაემორჩილენ, წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, ესროლეს ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" და რკინის საგნები, რის შემდეგადაც სამართალდამცავები იძულებული იყვნენ ძალა გამოეყენებინათ. პოლიციის პრეს-სამსასახურის ცნობით, კარვებში, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 9 ერთეული ხელყუმბარა, მინები, და სხვადასხვა სახის რკინის ჯოხები. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულ ადამიანების გამოკითხვის პროცედურები.

კარვების ქალაქის დარბევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ახალ ძალთა მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ.
"ასრულდა მთავარსარდალ პოროშენკოს ოცნება: დილით, ასეულობით სპეცრაზმელმა უკრაინის რადასთან მდებარე მოხალისეთა კარვების ქალაქი დაარბია.
"ახალ ძალთა მოძრაობა" სრულ სოლიდარობას უცხადებს იმ აქტივისტებს, რომლებიც მხეცურად იყვნენ ნაცემი და დაკავებული. ახლა ჩვენ კიევის პეჩორის რაიონის პოლიციასთან ვიკრიბებით, სადაც უკვე იმყოფებიან ადვოკატები, რომლებიც დაკავებულების უფლებებს დაიცავენ.
პოროშენკოს არ ესმის: შეიძლება გაწმინდო კარვების ქალაქი, მაგრამ ხალხის შეგნებას ვერ გაწმენდ, ვერც მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, რომლის შეჩერებაც უკვე შეუძლებელია!" - წერს საყვარელიძე.

დარბეულ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს "ახალ ძალთა მოძრაობა" და მიაჩნია, რომ ამ ძალადობრივი აქციით პოროშენკოს და მის ხელისუფლებას სურს პროტესტის ტალღა ჩაახშოს. პოლიტიკური ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე დაკავებული მძიმედ არის დაჭრილი.
"მათ წინააღმდეგ მორიგ სისხლის სამართლის საქმეს "კერავენ" და აცხადებენ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე აპირებდნენ კარვების ქალაქის გაჩხრეკას. სხვა მეთოდი კარვების ქალაქის გასანადგურებლად მათ ვერ იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ "ახალ ძალთა მოძრაობამ", "განთავისუფლების მოძრაობასთან" ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა კარვების ქალაქი. ჩვენი აქტივისტები უკრაინის სხვადასხვა რაიონში გაემართნენ, ადგილობრივი საპროტესტო აქციების მომზადების მიზნით. ხოლო კარვებში ანტიტერორისტული ოპერაციის მებრძოლები და ვეტერანები დარჩნენ, რომლებიც პარლამენტისგან ხალხის მოთხოვნების შესრულებას ითხოვდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






