ვლადიმერ პუტინმა გუშინდელი გამოსვლით "გამალებული შეიარაღების" (гонка вооружений) ახალი ეტაპი დაიწყო, - აცხადებენ პოლიტოლოგები და ათწლეულების წინ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის სამხედრო შეიარაღების სფეროში მიმდინარე შეჯიბრს იხსენებენ - ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილმა სსრკ-მ ამ "რბოლას" ვერ გაუძლო და დაიშალა.
პუტინის მიერ ახალი სტრატეგიული იარაღის პრეზენტაცია, ექსპერტების მოსაზრებით, NATO-ს წევრ ქვეყნებში ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს და მათი მხრიდანაც მოსალოდნელია შეიარაღების სრულყოფის მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. მით უფრო, რომ ზოგიერთი სახეობის იარაღი, რომელზეც პუტინმა ისაუბრა, აშშ-ში უკვე გამოცდის ბოლო სტადიაშია - მაგალითად ზებგერითი იარაღი.
პუტინის მიერ მიმართვის არჩევის დრო საკმაოდ ნიშანდობლივია - მალე მას პრეზიდენტად ახალი, ექვსწლიანი ვადით აირჩევენ და იგი მსოფლიო საზოგადოებისა და საკუთარი მოქალაქეების გასაგონად ხმამაღლა აცხადებს, რომ კვლავ გააგრძელებს დასავლეთთან დაპირისპირების კურსს.
მალკოლმ ჩალმერსი, ბრიტანული Royal United Services Institute-ის ანალიტიკოსი, საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი უახლოეს მომავალში პუტინის პრეზენტაციის რეალობად ქცევის მიმართ."ეს ცხადი სიგნალია, რომ რუსეთი შეეცდება აშშ-სთან ბირთვული პარტიტეტი შეინარჩუნოს. რუსეთში პუტინის პოპულარობა იმით არის განპირობებული, რომ მან მოახერხა რუსეთი კვლავ ზესახელმწიფოდ გადაექცია. ბირთვული არსენალის გაძლიერება მისი მხრიდან ამის მორიგი დადასტურება იქნება," - აცახდებს ექსპერტი და იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ აშშ-მ, იანვარში გამოქვეყნებულ ახალ სამხედრო სტრატეგიაში, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას ეხებოდა, უკვე განაცხადა თავისი ამბიციური გეგმმების შესახებ.
გაზეთი Times-ი სტატიაში "ახალი რაკეტები, ძველი მუქარები", წერს, რომ ყველა რუსი ლიდერი სტალინიდან მოყოლებული მსგავსი რიტორიკით გამოირჩეოდა.
"პუტინი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მან შეიძლება სამყარო გაანადგუროს, თუ მას წინ აღუდგებიან,"- წერს გაზეთი.
Times-ს მაგალითის სახით ის ფაქტიც მოჰყავს, რომ ვიდეოპრეზენტაციის ერთერთ კადრში ბირთვული ქობინები ფლორიდაში, ტრამპის კუთვნილ ვილას უახლოვდებოდა. გაზეთი აღნიშნავს, რომ მსოფლიო, რომელიც ფაქტობრივად უკვე იმყოფება "ახალი ცივი ომის" სტადიაში, "ახალი გამალებული შეიაღების" ეპოქაში გადადის.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინს ტრამპის მხრიდან დათმობებზე წასვლის იმედი ჰქონდეს. ექსპერტების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი გამოსვლა უფრო ევროპის გაფრთხილებაა, უარი თქვან აშშ-ისა და NATO-ს მეკავშირეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში "რუსული დათვი" გაბრაზდება, თანაც, რაზე გაბრაზდება იგი, ეს "დათვი" თავად გადაწყვეტს.
პუტინს, წესით, არც "ახალი ცივი ომისა" და "ახალი გამალებული შეიარაღების" კლასიკური ფორმებით წარმართვა უნდა სურდეს - წინა "რბოლა" ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ჩამორჩენილმა სსრკ-მ წააგო. რუსეთი ამ საკითხში წინამორბედის როლშია. რუსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ წინა ეტაპის შემდეგ მათი ქვეყანა ათი წელი ქაოსში ამყოფა და პარალელურად ახალი ბირთვული გიგანტი - ჩინეთი წარმოიშვა, რომელიც უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს რუსეთს ზესახელმწიფოთა შორის მეორე ადგილის დაკავების საკითხში.
ნიშანდობლივია დუმის დეპუტატის ალექსეი პუშკოვის განცხადება, რომ ახალი იარაღის დემონსტრაცია მსოფლიომ არ უნდა აღიქვას როგორც მუქარა, არამედ ახალი საფუძვლიანი მოლაპარაკებების დაწყების სტიმული.
ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და ფრანგული პრესა პუტინის გამოსვლას რუსეთის მოსახლეობის ახალი ექვსწლიანი საპრეზიდენტო ციკლისთვის ამზადებს, როგორც ყოველთვის, პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობს და სიღარიბის პირას მყოფ მოსახლეობას "მტრის ხატით" და მისი განადგურების ძალით "კვებავს".
ბრიტანული Guardian-ი წერს, რომ იგი დაუკავშირდა იმ ქალაქების მერებს, რომლებიც ვიდეოპრეზენტაციის კადრებში პუტინმა "ვირტუალურად დაბომბა". მერები სინანულს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიზანში მათი ქალაქები ამოიღო, თუმცა, ამას მათზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.
"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიზანში ჩვენი შტატი ამოიღო. როგორც ჩანს, ეს ზედმეტად მგზნებარე რიტორიკა კრახისთვის განწირული სისტემის დრეიფის რეჟიმში შენარჩუნების მიზანს უნდა მივაწეროთ,"- აცხადებენ ტამპა-ბეის, სენტ-პიტერსბურგისა და კლიტუოტერის მერები.
მასალის გამოყენების პირობები






