სომხეთის პარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი 64 წლის არმენ სარქისიანი სომხეთის პრეზიდენტი გახდა.
ეს არის პირველი შემთხვევა სომხეთის ისტორიაში როდესაც პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩია.
მის კანდიდატურას 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 10, ერტი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. პრეზიდენტის ასარჩევად 105 დეპუტატიდან, 79-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.
არმენ სარქსიანი კომპანია Knightsbridge Group -ის მფლობელია, რომელიც ენეგროსფეროში მოღვაწეობს და მოიცავს 15 კომპანიას ევროპაში, რუსეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ყაზახეთში.
დიპლომატიურ სამსახურში მოსვლამდე კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1991-1995 წლებში იყო სომხეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. 1995-1996 წლებში - ბელგიაში, ვატიკანსა და ლუქსემბურგში, 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან დღემდე კვლავ სომხეთის ელჩია დიდ ბრიტანეთში.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბერში სომხეთში რეფერენდუმი ჩატარდა საკონსტიტუციო ცვილელებთან დაკავშირებით. რეფერენდუმის შედეგად, ქვეყანა ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერჟ სარქსიანს ძალაუფლების შენარჩუნება და პრემიერობა სურს.
მასალის გამოყენების პირობები






