რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკას, მისი გამოსვლის კომენტირებისას, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმაც აუწყვეს ხმა.
თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეიარაღებამ მსოფლიოს ათწლეულით გაუსწრო, ხოლო NATO-სა და აშშ-ის "ანტისარაკეტო ქოლგა", რომელიც პოლონეთში, რუმინეთში, ალიასკაზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში უნდა განლაგდეს, "ნახვრეტებიანია".
რუსეთის დუმის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა შეიგნოს, რომ "რუსეთის შეკავების პოლიტიკა" უკუშედეგს მოიტანს, შეაფასოს ობიექტური რეალობა და შეწყვიტოს ჰეგემონიაზე ფიქრი.
კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა განაცხადა, რომ პუტინის გამოსვლამ მას მისცა შეგრძნება, რომ ის ამერიკისგან დაცულია, რომ რუსეთი თავის ღირებულებებსა და ტრადიციებს არ უღალატებს, ევროპისგან განსხვავებით.

პუტინის გამოსვლას პოლიტოლოგები და ექსპერტებიც აფასებენ.
ალექსეი ნავალნიმ ტვიტერში დაწერა, რომ ამ გამოსვლის დროს პუტინს სამხედრო კამუფლიაჟიანი ფორმა უნდა სცმოდა.
"პუტინმა რეალურად გაუბერა. კომპოზიტური მასალები, გვერდითი მანევრები, ცეცხლოვანი ბურთი. ერთი დეტალი აკლდა: ის კამუფლიაჟით და ხელში ხის ავტომატით უნდა გამოსულიყო," - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი ალექსეი მაკარინი აცხადებს, რომ პუტინის მიმართვას ორი ადრესატი ჰყავდა:
"პირველი - ეს რუსი ამომრჩეველია. ჩვენთან არჩევნებია და ამ მიმართვით პუტინმა აჩვენა, რომ მას "სვერხდერჟავას" აშენება სურს. ამავე დროს არის ექსპერტთა საზოგადოება, რომელიც აცხადებს, რომ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები: პირობითად რომ ვთქვათ, ან ქვემეხები, ან კარაქი, ან ჯანდაცვა, ან რაკეტები.
არის საგარეოპოლიტიკური ადრესატიც. ეს არა იმდენად აშშ-ია, იქ ყველაფერი გასაგებია, არამედ ევროკავშირია. ევროპული ქვეყნები წყნარ ცხოვრებას მიეჩვიენ, მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ.
მათ ეუბნებიან: კარგით, იცხოვრეთ, თქვენი ცხოვრებით, არ ჩაგერევით, ცხოვრების ეს წესი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ თუ თქვენ რადიკალური გეოპოლიტიკური კონკურენციის გზას დაადგებით, ჩვენ ამისთვის გვაქვს "სარმატები", "ხანჯლები" და კიდევ ბევრი რამ. თუ ამერიკას გაყვებით, თქვენი შესანიშნავი სამყარო დაინგრევა, თუ "დათვი" გაბრაზდება. ამასთან რაზე შეიძლება გაბრაზდეს ეს "დათვი", ის თავად გადაწყვეტს."
"იაბლოკოს" წევრი, ყოფილი დეპუტატი, ნიკოლაი ტრავკინი წერს, რომ გამოსვლის პირველი ნაწილი დამსწრე აუდიტორიისთვის მოსაწყენი იყო.
"მედიცინის, ბინათმშენებლობის, ადამიანური კაპიტალის შესახებ საუბარს დარბაზი ვერ აღიქვამდა, სიტყვას აპლოდისმენტებით არ აწყვეტინებდნენ.
მეორე ნაწილმა, რომელიც სამამულო წარმოების "ვარსკვლავური ომების" ახალი ეპიზოდების კინოჩვენებას წარმოადგენდა, უფრო მხიარულად ჩაიარა... ხალხი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს, სიტყვასაც აწყვეტინებდნენ..." - წერს ოპოზიციონერი.
"მერე რა? ახალგაზრდა ბრეჟნევია - ისიც გატაცებული იყო ტექნიკით, "ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობა, სახელმწიფოს თვითუზრუნველყოფის გაზრდა, ახალგაზრდობისთვის ყველა გზა გახსნილია, თუ ისინი პატიოსანი შრომისთვის მზად არიან...
ჟანრის მიხედვით, ეს კლასიკური სამამულო-წინასაარჩევნო მოხსენებაა," - წერს პოლიტოლოგი კირილ როგოვი.
მიხეილ ხოდორკოვსკი: "მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ პუტინი უფრო დაინტერესებით საუბრობს, ვიდრე რუსი ხალხის დანზოგებზე. ვიდეოს აჩვენებს, დროს არ ზოგავს... გონივრულად დაშინებული ამომრჩეველი კარგად გამოკვებულის ტოლფასია?"
"დიდ ეკრანზე რაკეტები ამერიკის მიმართულებით მიფრინავენ. ხანგრძლივი ტაში და აპლოდისმენტები. აქ უკვე ჩრდილოეთ კორეაა," - წერს ანონიმი ტვიტერში...
მასალის გამოყენების პირობები






