BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, მეცნიერების დასკვნის თანახმად, უცხოტომელებმა, 4500 წლის წინ, ბრიტანეთის იმდროინდელი მოსახლეობა მთლიანად ჩაანაცვლეს. შესაბამისად, თანამედროვე ბრიტანელებს გენეტიკურად ცოტა რამ აქვთ საერთო იმ ხალხთან, რომლებმაც სტოუნჰენჯი ააშენა.
ამ დასკვნემდე მეცნიერები ევროპის სხვადასხვა ადგილას, უძველესი სამარხებში აღმოჩენილი 400 გვამის დნმ-ის გენომის ანანალიზის შედეგად მივიდნენ,
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 4500 წლის წინ ბრიტანეთის კუნძულებზე გადმოსახლებულმა ადამიანებმა, რომელთაც მეცნიერები "თასების ხალხს" უწოდებენ, რამდენიმე ასეული წლის მანძილზე 90%-ით შეცვალეს "ბრიტანული გენოფონდი".
"ერთი მოსახლეობის მეორეთი ჩანაცვლების მასშტაბები და დრო მოულოდნელი და შთამბეჭდავია," - აცხადებს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი დევიდ რეიკი.
უცხოტომელთა ჩამოსვლისა და ადგილობრივთა თითქმის უკვალოდ გაქრობის მიზეზები ჯერჯერობით საიდუმლოებითაა მოცული, თუმცა, ეკოლოგიურ კატასტროფას, კლიმატურ ცვლილებებს და ავადმყოფობას ამ პროცესისთვის შეიძლება ხელი შეეწყო.
ბრიტანეთის უძველესი მოსახლეობა ნადირობითა და შეგროვებით ირჩენდა თავს, სანამ 6000 წლის წინ ცენრალური ევროპიდან ბრიტანეთში სოფლის მეურნეობისა და მიწის დამუშავების კულტურა არ შევიდა.

სწორედ ამის შემდეგ, ნეოლითის ეპოქის ფერმერებმა, რომლებიც გენეტიკურად ანატოლიის ნახევარკუნძულიდან იყვნენ ააშენეს მეგალითური შენობები - სტოუნჰენჯი, გიგანტური ყორღანები, შოტლანდიის კუნძულ მეინლენდზე აშენებული ნაგებობა სკარა-ბრეი.
თუმცა, 4500 წლის წინ ბრიტანელთა ცხოვრების წესი შეიცვალა. იმ დროინდელ სამარხებში, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ჩამოსულ უცხოტომელებს ეკუთვნით, არქეოლოგები უკვე პოულობენ ზარის ფორმის თასებს, სპილენძის ხანჯლებს. ქვისბუნიკიან ისრებს, ღილებს.
ბარსელონას ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი კარლეს ლალუესა-ფოქსი თვლის, რომ ამგვარი ზარის ფორმის თასები ფართოდ იყო გავრცელებული პირინეის ნახევარკუნძულზე, დაახლოებით 5000 წლის წინ, ხოლო შმედეგ მოსახლეობის მიგრაციის შედეგად ისინი მთელი ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდა.

პროფესორი რეიკის აზრით, გენეტიკური კვლევები ცხადყოფენ, რომ "თასების ხალხი" რადიკალურად განსხვავდებიან ნეოლითის ეპოქის ბრიტანელებისაგან. ასევე, ეს კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჰიპოთეზას ევროპასა და მთელს მსოფლიოში ხალხთა ფართომასშტაბიანი მასიური მიგრაციის შესახებ.
რეიკის განცხადებით, მოსახლეობა, რომელიც "თასების ხალხს" დახვდა ბრიტანეთში, საკმაოდ მაღალგანვითარებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ ააშენებდნენ სტოუნჰენჯს და სხვა ზ.ა. გრანდიოზულ ნაგებობებს.
ბრიტანეთის კუნძულებზე ჩასული ხალხის გენები თანხვედრია კასპია-შავიზღვის აუზის რეგიონისა და შავი ზღვის ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარე ტომების გენებისა. ეს ტომები ნეოლითის ეპოქაში დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და ევროპის მოსახლეობას ერწყმოდნენ. ისინი თავისი საზოგადოებრივი წყობით განსხვავდებოდნენ ნეოლითის ევროპისა და ბრიტანეთის მოსახლეობის წყობისგან. შესაბამისად, "თასების ხალხის" ჩასვლით, ბრიტანეთში აღმოსავლეთ ევროპელთა გენეტიკური კვალი გაჩნდა. მომთაბარეებისთვის უცხო იყო ისეთი გრანდიოზული ნაგებობის აშენება, როგორიცაა სტოუნჰენჯი. განსხვავდებოდა მათი სამარხებიც, ისინი მცირე ზომისა და მრგვალი ფორმის იყო. მათ ბრიტანეთში მეტალის დამუშავების ტექნოლოგიაც შემოიტანეს.
"ამ ხალხმა ბრიტანეთი ქვის ხანიდან გამოიყვანა. იქამდე, ბრიტანელები სრულიად იზოლირებულები იყვნენ, ეს ერთგვარი "ნეოლითის BREXIT"-ი იყო. "თასების ხალხის" ჩასვლის შემდეგ ბრიტანეთი ევროპის სრულფასოვანი ნაწილი გახდა. ამ დროისთვის ევროპის დიდი ნაწილი უკვე ახალ ეპოქაში იყო გადასული," - აცხადებს პროფესორი პარკერ პერსონი.
თუმცა, როგორ და რა მიზეზით გაქრნენ ძველი ბრიტანელები, მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, თუმცა ერთი მოსაზრებით, ადგილობრივთა შემცირება კლიმატურმა ცვლილებების შედეგად 5500 წლის წინ დაიწყო. მოსახლეობის რაოდენობა უკვე შესაძლო მაქსიმუმს მიუახლოვდა და შემედეგ მოხდა მისი შემცირების პროცესი და ჩვ. წელთაღრიცხვამდე 2500 წელს პოპულაციის რაოდენობა მინიმუმადე დაეცა. ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ კლიმატის ცვლილებამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირებაც გამოიწვია. ასევე არ გამოირიცხება სხვადასხვა დაავადებების გავრცელებაც, რომელიც მომთაბარეებს შეიძლება ჩამოეტანა. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ "თასების ხალხი".
ერთადერთი, რასაც გამორიცხავენ მეცნიერები - დაპყრობა და მოსახლეობის ამოწყვეტაა.
"ეს ხალხი არ მოსულა, როგორც "ურდო", ისინი შედარებით მცირე ჯგუფებად ჩამოდიოდნენ. ამასთან, არქეოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ მომთაბარეების ჩამოსვლამდე ძალადობრივი სიკვდილის პროცენტი უფრო მაღალი იყო (7%), ვიდრე "თასების ხალხის" ჩამოსვლის შემდეგ (1%).
კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრება "თასების ხალხის" გადაადგილების პარალელურად კელტური ენების გავრცელებასაც უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები კელტური ენების გავრცელებას უფრო გვიანდელ პერიოდს უკავშირებენ, დოქტორ ლალუეს-ფოქსის აზრით, ამ მასშტაბებით მოსახლეობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას არ შეიძლება არ გამოეწვია ენობრივი ცვლილებების.
მასალის გამოყენების პირობები






