- ამის შესახებ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძის აღიარებით ჩვენებაშია ნათქვამი.
"2011 წლის შემოდგომაზე, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ჩემთან მოვიდა თბილისის განვითარების ფონდის თამჯდომარე გიორგი საბანაძე, რომელმაც მითხრა, რომ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოსაფიქრებელი და მოსაძიებელი იყო სერიოზული თანხები 2012 წელს ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელთა გამოყენებითაც დამატებით დაფინანსდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". კონკურენციის პირობებში ლეგალური შემოსავლებით შეუძლებელი იყო "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხება. ამ შეხვედრიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მე და საბანაძე შევხვდით ადეიშვილს, სადაც გადაწყდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების სახელზე თბილისის განვითარების ფონდიდან დამზადდებოდა პლასტიკური სახელფასო ბარათები.
იმავე შეხვედრაზე ადეიშვილის მოთხოვნით აღნიშნული ბარათების შესახებ უნდა სცოდნოდა პირთა ვიწრო წრეს, რათა არ გამჟღავნებულიყო ინფორმაცია პარტიის ალტერნატიული დაფინანსების შესახებ. 2011 წლის ნოემბერში საბანაძის ორგანიზებით დამზადდა "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათები, რაც გადაეცა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საორგანიზაციო მდივანს, რომელმაც გადასცა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონულ ხელმძღვანელებს, რომელთაც განემარტათ, რომ ბარათზე ჩაირიცხებოდა პარტიის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრები, რაც მიზნობრივად უნდა გახარჯულიყო პარტიის საჭიროებებისთვის.
გარდა აღნიშნულისა, ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებით 2012 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში ფონდის სახსრებით დაფინანსებული იქნა წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეხვედრები ამომრჩევლებთან, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კლუბებში მასობრივი შეკრებისას ამომრჩეველთა ფურშეტით გამასპინძლებას.
2012 წლის ზაფხულში შეწყდა თანხების ჩარიცხვა, რის შემდეგაც მე და საბანაძეს ნაღდი ფულის სახით გამოგვქონდა ბანკიდან რამდენიმე მილიონი. ჩემი სამსახურეობრივი მანქანით გამოტანილ იქნა რამდენიმე ათეული მლნ ლარი, რაც გამოყენებული იყო საპარლამენტო არჩევნების მზადების პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ხარჯების დასაფარად. სრულიად ვაღიარებ და ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია ალავიძის ჩვენებაში.
ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღესვე თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ავალიანის და თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის, ალექსი თაბუაშვილის ჩვენებებიც გამოაქვეყნა. მათ ჩვენებებში აღწერილი ფაქტები ასევე ემთხვევა ალავიძის ჩვენებას. თაბუაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის 10 რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე 700-ზე მეტი პლასტიკური ბარათი გადაანაწილა. მერიის სამივე მაღალჩინოსანი საკუთარ ჩვენებაში დანაშაულს აღიარებს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 26 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ აიპ "თბილისის განვითარების ფონდი"-დან საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულებს, თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს, დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, რასაც საფუძვლად დაედო ბრალდებულების მხრიდან ბრალის სრულად აღიარება და გამოძიებასთან მათი თანამშრომლობა.
მასალის გამოყენების პირობები






