6 პირიდან 2 არგენტინაში, 4 კი რუსეთში დააკავეს, ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, თუმცა არგენტინულმა მედიამ რუსულ-არგენტინული სპეცოპერაციის „12 მეფის“ შესახებ მხოლოდ 2018 წლის 22 თებერვალს შეიტყო.
არგენტინის უშიშროების მინისტრმა პატრისია ბულრიჩმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ რუსეთის საელჩოდან 2016 წელს ნამდვილად იქნა 389 კილოგრამი კოკაინი ამოღებული, რომელიც დიპლომატიურ ბარგში ინახებოდა. მინისტრის თქმით, ამ საქმეზე არგენტინაში დაკავებულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომელი და რუსი დიპლომატი. ამოღებული ნარკოტიკის საერთო ღირებულება კი დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს. ეჭვმიტანილების დაკავება არგენტინის ტერიტორიაზე 21 თებერვალს მოხდა.
2016 წლის 14 დეკემბერს ელჩმა ვიკტორ კორონელიმ არგენტინის უშიშროების სამინისტროს აცნობა, რომ სკოლაში რომელიც დიპმისიის ტერიტორიაზე მდებარეობდა, აღმოაჩინეს დიპლომატიური ბარგი - 12 ჩემოდანი საეჭვო შიგთავსით. მას შემდეგ რაც პოლიციამ დაადგინა, რომ ჩემოდნებში კოკაინი იყო, ისინი ფქვილით შეცვალეს. ჩემოდნები GPS-ებით აღჭურვეს და რუსეთში გადატანის ნებართვა მისცეს.
2017 წლის ბოლოს რუსეთში დააკავეს 4 ეჭვმიტანილი, რომლებმაც ამ ჩემოდნებს მიაკითხეს. ერთ-ერთი მათაგანი რუსეთის საელჩოს ყოფილი სამეურნეო მენეჯერი იყო, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლამდე იკავებდა, ის ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ სწორედ მან შეიტანა დიპმისიაში 12 ჩემოდანი 2016 წლის ივლისში, იმ მიზნით რომ დიპლომატიური ტვირთის საფარქვეშ ის რუსეთში გადაეტანათ.
არგენტინაში დაკავებული ერთ-ერთი პირი ბუენოს აირესის პოლიციის ინსპექტორის მოადგილე ივან ბლიზნიუკია. ის რუსული წარმოშობის არგენტინელია. არგენტინის საგამოძიებო უწყებამ დაკავების ორდერი გასცა კიდევ ერთ პირზე, რომელიც ამ დროსთვის სავარაუდოდ გერმანიაში იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები






