სამი მსხვილი არხის ერთი ფრთის ქვეშ გაერთიანებისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით დაკომპლექტების შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებას მადა გაეხსნა და სატელევიზიო სივრცეზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს.
კონკრეტულად: მას შემდეგ, რაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ტელეკომპანია “რუსთავი 2” ვერ მიიტაცა, მმართველი გუნდი, შედარებით პატარა ტელევიზიებით დაინტერესდა და მათ ერთ ტონალობაში ამღერებას ცდილობს, როგორც მაგალითად, „ტელეკომპანია პირველისა“ და „იბერიას“ შემთხვევაში მოხდა.
წინა კვირას სკანდალი, „ტვ პირველის“ გარშემო ატყდა და გაირკვა, რომ ტელეკომპანიის მფლობელმა, ვატო წერეთლმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დიპლომატებსა და არასამთავრობო სექტორს დახურულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებისგან მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ზეწოლის და მუქარის მცდელობის სიგნალები მიიღო.
შეხვედრაზე მყოფი მედიაექსპერტმი ნინია კაკაბაძე საჯაროდ ადასტურებს, რომ წერეთლის თქმით, მოლაპარაკებებში მოქმედი და ყოფილი ვიცე-პრემიერები - ალექსანდრე ჯეჯელავა და დიმიტრი ქუმსიშვილი იყვნენ ჩართულები.
დახურულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ვატო წერეთლის კუთვნილ ბიზნესს პრობლემები ხელოვნურად შეექმნა, საიდანაც „ტვ პირველი“ ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ არხის მენეჯმენტს მაყურებლისთვის ზეწოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ტელეკომპანიას არც ის განუმარტავს, კონკრეტულად როგორ მოაგვარა ან მოაგვარა თუ არა პრობლემა, რომელიც, ტელეარხის სარედაქციო საფრთხეს უქმნიდა.
თუმცა, “ნეტგაზეთმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობოებთან პრობლემებზე საუბრისას და საჯარო განცხადების დაანონსებიდან 2 დღეში, 10 თებერვალს, საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბიზნესმენ თემურ უგულავასა და “პირველის” მფლობელ ვახტანგ წერეთელს შორის.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თემურ უგულავამ სწორედ 10 თებერვალს, ვახტანგ წერეთლისგან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა შპს “სინვესტის” წილის 50%. რის შემდეგაც, აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელად ოფიციალურად დარეგისტრირდა თემურ უგულავა. დანარჩენი 50% წილის მფლობელი კი უცვლელი დარჩა - ის ბიზნესმენი თენგიზ ფერაძეა.

„ნეტგაზეთი“ წერს, რომ თენგიზ ფერაძეს ნათესაური კავშირი აქვს როგორც თემურ უგულავასთან, ისე – ვახტანგ წერეთელთან და მის მამასთან, ავთანდილ (ჭუტა) წერეთელთან.
რაც შეეხება „იბერიას“, „ტვ. პირველის“ მსგავსად, ხელისუფლება არხის მფლობელებთან, ბიზნესის საკითხზე ვაჭრობით ცდილობს შედეგის მიღწევას.
ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ არხის სახელით განცხადება საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გუშინ, ღია ეთერში გააკეთა. ვახო ხუზმიაშვილის თქმით, იბერიას ფინანსური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბრითიშ-ამერიქან თობაქოს მხრიდან დაწესებული დემპინგური ფასების გამო, ომეგა ჯგუფს ზარალი მიადგა. საუბარია 100 მილიონ დოლარზე. აღნიშნული კომპანია არხის ძირითადი დამფინანსებელია.
ტელეკომპანია „იბერიისა“ და „TV პირველის“ თანამშრომლებს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა: „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს".
მმართველი გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი უფრო შორს წავიდა - დეპუტატი „ქართული ოცენებიდან "იბერიას" შანტაჟში ადანაშაულებს და აფრთხილებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებით, „ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ როდესაც ჩართავს ტელევიზორს ივანიშვილი, ის არ გავიდეს კომფორტის ზონიდან” (ავტ. ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“).
მედიაექსპერტების შეფასებით კი ხელისუფლება სახიფათო ველში შევიდა. მათი შეფასებით მედიასთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია.
„დღევანდელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ცდილობს აკონტროლოს ტელევიზიები, მაგრამ ეს ძალიან უხარისხოდ გამოსდის და ვერც ვერაფერს ახერხებს. ამის მიზეზი, სიბრიყვე, არაპროფესიონალიზმი, წინდაუხედაობა, თუ ის რომ უფრო ჰუმანურები არიან, ამის ანალიზს არ დავიწყებ. კვირიკაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა სახეზეა, და ამ ჰოლდინგში ჩვენი დაფინანსებული ტელევიზიაც შეიყვანეს. თუ „საზმაუს“ არ ჩავთვლით, დანარჩენ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან ეს არ გამოსდით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხელისუფლება მას სტერილური პროპაგანდის რეჟიმში ამუშავებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ასეთი ბრიყვული პროპაგანდა ყოველთვის უკუღმა მუშაობს, პაროდიის სახეს ატარებს და შედეგის მომტანი არასდროს არ არის. საბოლოოდ ზეწოლის მცდელობა, ოცნების ხელისუფლებისთვის ტრაგიკულად დასრულდება“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ გია ხუხაშვილმა.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, „TV პირველთან” მიმართებით პრობლემა „გადაგორდა“.
„თუ ხელისუფლებას აქვს ჩანაფიქრი, მან შეიძლება მომავალში შეუტიოს „პირველის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ის პროსახელისუფლებო გახადოს. რაც შეეხება „იბერიას“ მე პირადად მისი საინფორმაციო პოლიტიკა არ მხიბლავს, არ მხიბლავს მისი მფლობელების პოლიტიკური გემოვნება, და თუ ცალკეულ ტელე პროდუქტებს ეს არ ეტყობათ, ეს შესამჩნევია საინფორმაციო გამოშვებებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არსებობის უფლება არ აქვთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას აქვს ცდუნება, პირდაპირ თუ ირიბად ჩაერიოს ამ პროცესში.
რაც შეეხება სტრატეგიას, მოქმედსა და წინა ხელისუფლებას შორის არსებითი განსხვავებაა. როცა მედიაზე ვსაუბრობდით, წინა ხელისუფლება უფრო ხისტი იყო, ამის თვალსაჩინოებაა „მაესტრო“, „იმედი“ 2007 წლის მოვლენები, „იბერია“ 2004 წლის მოვლენები.
დღევანდელ ხელისუფლებას რაც შეეხება, „ტვ პირველის“ მაგალითი ცხადყოფს, რომ ბატონი ქუმსიშვილის SMS გზავნილები ადასტურებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არხზე საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვალოს და საერთოდ, ნაკლები კრიტიკული მედია საშუალება არსებობდეს. მათი მსჯელობით: ერთი „რუსთავი 2“-იც კმარა, რომელიც გვაკრიტიკებს და რა საჭიროა დამატებითი თავის ტკივილი“- აცხადებს ტაბლიაშვილი და ვარაუდობს, რომ მედიის კუთხით მიმდინარე პროცესები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში აუცილებლად მოხდება.
„თუ ამ თემას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უცნაურად გაუჩინარებასაც მივაბამთ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მედიის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მივიღოთ, რომლებიც აგროვებენ და აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“- განმარტა ჟურნალისტმა.
ირაკლი ტაბლიაშვილმა „ნიუპოსტთან“ პრემიერის განცხადებაც შეაფასა. მისი თქმით, როცა კვირიკაშვილი საკუთარ თავს ადარებს წინა ხელისუფლებას, მას აქვს ამგვარი აზრის გამოხატვის ამბიცია.
„თუმცა შემიძლია კვირიკაშვილთან მიმართებით ვთქვა: „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“. შეიძლება ხელისუფლება მედია საქმიანობაში ხშირ შემთხვევაში ხისტად არ ერევა, თუმცა მისი მოხელთების მცდელობა აქვს, ამის ნათელ მაგალითად „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გამოდგება. ამ ერთპროცენტიანი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა, კრიტიკულობის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და ეს განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არხის დღევანდელი მენეჯმენტის დაკომპლექტება არაობიექტურად მოხდა და ბორდმა მათი შერჩევისას გაითვალისწინა, მენეჯერების ლოიალური დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კვირიკაშვილის განცხადება მესმის, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ხელისუფლებას ან გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს საერთოდ არ აქვს ინტერესი მედიის საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ ან არ აღელვებს რამდენად კრიტიკული იქნება მედია“- თქვა მედიაექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






