აკიურეკი რამდენიმე კინოჯილდოს მფლობელია და არაერთხელ იქნა აღიარებული ყველაზე მომხიბვლელ თურქ მსახიობ მამაკაცად.
ენგინ აკიურეკი დაიბადა და გაიზარდა ანკარაში. მომავალი მსახიობის მამა სახელმწიფო ჩინოვნიკი, დედა კი დიასახლისი იყო.
სკოლის წლებში ენგინს მუდმივად ეცვლებოდა ინტერესები ისეთი ფართო სპექტრით, როგორიცაა სპორტი, მუსიკა, სოციალური სამსახური. ის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, სწავლობდა გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრას, ოცნებობდა ადვოკატობაზე. როგორც აკიურეკმა მოგვიანებით აღიარა, ერთადერთი რაზეც მას არ უფიქრია კინომსახიობის კარიერა იყო.
სკოლის წარმატებულად დამთავრების შემდეგ ენგინ აკიურეკმა ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ის ერთდროულად ორ სპეციალობაზე სწავლობდა - ისტორიის და ლინგვისტიკის ფაკულტეტებზე. სწორედ სტუდენტურ წლებში დაიწყო მან დრამატულ სტუდიებში სიარული და სამოყვარულო სპექტაკლებში მონაწილეობა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ენგინმა პოპულარულ შოუში „თურქეთის ვარსკვლავებში“ მონაწილეობა გადაწყვიტა და გამარჯვებაც მოიპოვა კატეგორიაში „სამსახიობო ოსტატობა“. ასეთმა წარმატების გამო ნიჭიერმა ახალგაზრდამ კინორეჟისორების ყურადღება მიიპყრო და აკიურეკს ტელესერიალში გადაღება შესთავაზეს.
ენგინმა მიიღო როლი სერიალში „უცხოელი სასიძო“, შემდეგ ამას მოჰყვა როლები ფილმში „ბედი“, „შავი გველი“ და „ნეტავ ღრუბელი ვიყო“ და დრამა “მშვიდობით რუმელია“,
„ბედში“ შესრულებული როლისთვის მან „წლის ყველაზე პერსპექტიული მსახიობის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
ენგინს დიდი წარმატება მოუტანა მელოდრამატულ სერიალ „უდანაშაულო დამნაშავე ფატმანგულში“ შესრულებულმა ქერიმ ილგაზის როლმა. სერიალში მას პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი ბერენ საათი უწევდა. სერიალი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს, რითაც აკიურეკის პოპულარობა თურქეთი საზღვრებს გასცდა.


2014 წელს თაყვანისმცემლებმა საყვარელი მსახიობი ერთბაშად ორ პროექტში იხილეს ეს იყო რომანტიული დეტექტივი „ეილულის პატარა პრობლემა“ და მძაფრსიუჟეტიანი სერიალი „შავი ფული და სიყვარული“.



სერიალ „შავი ფული და სიყვარულში“ შესრულებულმა კომისარ ომერ დემირის როლმა ენგინ აკიურეკის პოპულარობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. მისი და ტუბა ბუიუკუსტუნის ეკრანული წყვილი თურქულმა არხმა „ATV“-მ წლის საუკეთესო წყვილად დაასახელა. ამ როლით 2015 წელს აკიურეკმა სეულში მოიპოვა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული. ასევე 2015 წელს აკიურეკი სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული იყო ემის საერთაშორისო დაჯილდოებაზეც (International Emmy Awards).

აკიურეკს ნაცნობები გონიერ და ნაკითხ პიროვნებად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ის ძალიან კარგი თანამოსაუბრეა. ცოტა ხნის წინ ენგინმა თავი მწერლის ამპლუაშიც გამოსცადა და გამომცემლობებს თავისი მოთხრობების კრებული შესთავაზა.
ასევე აღსანიშნავია ენგინ აკიურეკის საქველმოქმედო მოღვაწეობაც. თურქეთის სამხრეთ -დასავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ენგინ აკიურეკი უსასყიდლოდ ეხმარებოდა დაზარალებულ თანამემამულეებს და მხარდაჭერის ფონდში მნიშვნელოვანი თანხაც გადარიცხა.
მსახიობი სტამბოლის წყნარ რაიონში ცხოვრობს. ის ჩაკეტილი ცხოვრების წესს ეწევა და პირადის გამომზეურებას ერიდება. მისი ასეთი საქციელი მრავალი სპეკულაციის და ჭორების საფუძველი ხდება. ყვითელ მედიას არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენგინ აკიურეკს რომანი მის ეკრანულ პარტნიორებთან ქონდა, თუმცა საბოლოოდ ეს ცნობები არ დადასტურდა. ერთადერთი ამბავი, რომელიც რეალური აღმოჩნდა იყო ის, რომ აკიურეკს რომანი ჰქონდა „შავი ფული და სიყვარულის“ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ტუვან ტურკაისთან. თუმცა მათი რომანი ქორწინებით არ დასრულებულა და აკიურეკი კვლავ სასურველი სასიძოების სიაში რჩება. 2018 წლის იანვარში კი თურქულმა ყვითელმა მედიამ საუბარი დაიწყო ენგინ აკიურეკის და ჯანსუ დერეს რომანზეც , თუმცა ჯერჯერობით არც ამ ამბავს ქონია ოფიციალური დადასტურება.


2017 წელს მსახიობმა მიიღო მთავარი როლი კრიმინალურ სერიალში „სიკვდილამდე“ . მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე ფაჰრიე ევჯენი გახდა.


როგორც Cnnturk.com წერდა ფაჰრიე ევჯენის მეუღლე პოპულარული მსახიობი ბურაკ ოზჩივიტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სასიყვარულო სცენების შესრულება ფაჰრიე ევჯენს ენგინ აკიურეკთან ერთად უწევდა , სადაც ისინი შეყვარებულებს თამაშობდნენ.








მასალის გამოყენების პირობები






