14 თებერვალს, ვალენტინობისთვის, წნორში, სოციალური საწარმო „ცოდნის კაფეში“ ხანდაზმულ წყვილებს უმასპინძლეს. ამის შესახებ "ცოდნის კაფეს" ფეისბუკის გვერდი იტყობინება.
"ზღვა ემოციებით სავსე ვალენტინობა იყო დღეს ცოდნის კაფე/Knowledge Cafe-ში.
ის ადამიანები გვყავდა სტუმრად, ნამდვილი სიყვარული რომ იციან, ერთად უკვე 50 წელზე მეტი რომ არის ტკბილად ცხოვრობენ.
ნიკოლოზ და ეთერ ხუციშვილები 67 წელია ცოლ-ქმარი არიან. გამოხედვაშიც ეტყობათ სიყვარული.
- ეს მყავდეს კარგად და მეტი არაფერი მინდა, ჩემი სულის ხმაა, ბაზრიდან ისე არ მოვა შოკოლადი არ მომიტანოსო - გვითხრა ეთერი ბებომ.
საკუთარი გაცნობის და დაოჯახების ისტორიები გვიამბეს, ახალგაზრდობის ამბები გაიხსენეს, იცეკვეს და იმხიარულეს.
ძალიან მოეწონათ ჩვენი სიურპრიზი - ღვინის ბოთლებზე დატანებული მათი ახალგაზრდობის ფოტოები და მათივე სურათებით აწყობილი სლაიდშოუ.
მხოლოდ სიყვარულის დღე კი არ იყო დღეს, გოგია პაპას იუბილეც აღვნიშნეთ, 81 წლის გახდა. "ცოდნის კაფეს" მშენებლობას რომ დაიწყებთ, მითხარით, მეც დაგეხმარებითო.
მომდევნო დაბადების დღეებზე ჩვენთან მოდით ხოლმეო, ვთხოვეთ. იმედია გვესტუმრებიან.
ვალენტინობა ცოდნის კაფეში საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემოს“ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა" - ნათქვამია პოსტში.














მასალის გამოყენების პირობები






