ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება, სადაც სკოლადამთავრებულთა 80% უმაღლეს სასწავლებელში აბარებს და შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის მოძიებისას პრობლემებს აწყდება. პროფესიული განათლება პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკასა და სამუშაო ბაზარზე. ის, აკადემიურ განათლებასთან შედარებით, უფრო მოქნილია და ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს, მოკლე პერიოდში აითვისოს პროფესია და დასაქმდეს. ასევე, პროფესიული განათლება უმნიშვნელოვანესია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც სხვადასხვა მიზეზით კარგავს სამსახურს და ცდილობს საკუთარი თავის რეალიზაცია სხვა სფეროში მოახდინოს.
2011-2012 წლებში საქართველოში პროფესიული განათლების ფუნდამენტური რეფორმა გატარდა. მთავრობამ მოაწესრიგა პროფ.სასწავლებლების ინფრასტრუქტურის 80%, დაინერგა ევროკავშირის სტანდარტები და, რაც მთავარია, შეიცვალა დაფინანსების სისტემა.
Lump sum დაფინანსებიდან სისტემა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. მხოლოდ 2012 წლის 6 თვეში ჩვენმა 7000-მა მოქალაქემ მიიღო 1000 ლარიანი პროფესიული განათლების ვაუჩერი და დაიწყო ახალი პროფესიის ათვისება. ჩვენს 12 000 მოქალაქეს ერთდროულად შეეძლოთ ესწავლათ თანამედროვე პროფესიულ კოლეჯებში. სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 75% სამ თვეში საქმდებოდა.
სამწუხაროდ, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პროფესიული განათლების არცერთი ვაუჩერი არ გაცემულა. დაუტვირთავია გლდანის სუპერ-თანამედროვე კოლეჯი. მინიმალური დატვირთვა აქვთ ისეთ ცნობილ პროფესიულ სასწავლებლებს, როგორებიცაა "სპექტრი" და "მერმისი", ისიც მხოლოდ ფასიანი ჯგუფების მეშვეობით, ანუ ჩვენი მოქალაქეები სწავლობენ თავიანთი ხარჯებით და არა სახელმწიფოს დაფინანსებით. 18 პროფ.სასწავლებელი, ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალური წვლილი შეიტანონ უმუშევრობასთან ბრძოლაში, მოლოდინის რეჟიმშია და მხოლოდ 20%-ით იტვირთება.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა, უარი თქვას ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე და დაუბრუნდეს Lump sum-ებს. შესაბამისად, ფული მიმართული იქნება არა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტზე, არამედ თავად სასწავლებელზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მთელი სისტემა ვაუჩერულ დაფინანსებაზე დგას: ვაუჩერით ფინანსდებიან სკოლები, გრანტით-უმაღლესები.
მაშ ასე, რითაა ცუდი და საშიში პროფ.სასწავლებლების Lump sum დაფინანსება, ანუ რით არის ცუდი სისტემა, როდესაც ფული მიბმულია პროფ.სასწავლებლებზე და არა სტუდენტზე:
Lump sum დაფინანსება ნიშნავს, რომ 18 პროფ.სასწავლებელს ექნება განსაზღვრული ბიუჯეტი, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება რომელიღაც ჩინოვნიკზე განათლების სამინისტროში. ბუნებრივია, ეს სისტემა ახალისებს კორუფციას და ნეპოტიზმს. ჩვენი ახლო წარსულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის სასწავლებელი მიიღებს მეტ ფულს, რომლის დირექტორიც "გზას გაჭრის" სამინისტროს ბიუროკრატებთან. ვაუჩერული დაფინანსება საერთოდ გამორიცხავს ასეთ საშიშროებას.
Lump sum დაფინანსება ასევე ზრდის კორუფციის რისკებს 1000%-ით ფულის ათვისების პროცესში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული განათლება უკავშირდება არამარტო თეორიულ სწავლებას, არამედ პრაქტიკასაც. სასწავლო პროცესში პროფ.სასწავლებლებს უამრავი მასალის შესყიდვა უწევთ. არის სპეციალობები, სადაც სწავლის ბიუჯეტის 60% მასალის ხარჯია. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პროფ.სასწავლებლების ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი სპეცილობები ფასიან სექტორებში გადაიტანონ და უფასოდ ასწავლონ კონსულტანტ-გამყიდველობა, ბუღალტერია და თანაშემწეობა, ანუ ის, რისი სწავლების თვითღირებულებაც დაბალია. ეს არც ზღაპარია, არც ცუდი პროგნოზი. ეს ყველაფერი ჩვენ უკვე გავიარეთ, როდესაც, მაგალითად, გურიის პროფ.სასწავლებლებში მხოლოდ თანაშემწეების და კონსულტანტ-გამყიდველების ფაკულტეტები იყო.
Lump sum დაფინანსებაზე დაბრუნება მოკლავს კონკურენციას არამარტო სახელმწიფო სასწავლებლებს შორის, არამედ ამ ბაზარზე კარს დაუხურავს კერძო სასწავლებლებს. ვაუჩერული დაფინანსება სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიოს სახელმწიფო კოლეჯში სურს სწავლა თუ კერძოში. ეს ქმნის კონკურენციას. ხოლო იქ, სადაც კონკურენცია არ არის, არც პროგრესი და შედეგია.
Lump sum დაფინანსების შემთხვევაში, ბუნებრივია, კორუფციისა და კონკურენციის პრობლემები პირდაპირ აისახება ხარისხზე. სტუდენტები ვერ მიიღებენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მარტივად მოძებნონ სამსახური.
Lump sum დაფინანსება მოსპობს პროფ.სასწავლებლების მოქნილობას. ისინი ვერ შეძლებენ დროულად და სწრაფად უპასუხონ სამუშაო ბაზრის მოთხოვნილებებს, რადგან ნებისმიერი ახალი ფაკულტეტის გახსნა ან დახურვა დამოკიდებული იქნება ჩინოვნიკების ნებაზე და უამრავ საბიუჯეტო რეგულაციას დაუკავშირდება.
ჩვენ, "რეფორმატორთა კლუბი", მივიჩნევთ, რომ არ უნდა დაინგრეს წარმატებული, სტუდენტზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემა. პირიქით, ის უნდა გაფართოვდეს და ჩვენს მეტ მოქალაქეს მიეცეს საშუალება აითვისოს ახალი პროფესია და მარტივად დასაქმდეს.
დიმიტრი შაშკინი, ,,რეფორმატორთა კლუბი"
მასალის გამოყენების პირობები






