უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და უკრაინიდან პოლონეთში დაბრუნების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ქმედება სასაზღვრო სამსახურმა "კომპეტენტური ორგანოს" გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელა.
განცხადებას სრულად გთავაზობთ.
"დღეს 12 თებერვალს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა, საიმიგრაციო სამსახურისა და ნაციონალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს გააცნეს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება მისი იმ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, სადაც იგი ადრე იმყოფებოდა. მაგრამ აღნიშნული პროცედურის შესრულების დროს, სამართალდამცავ ორგანოებს თავს დაესხნენ უცნობი პირები სააკაშვილის გარემოცვიდან, რის გამოც მესაზღვრეები იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ და ძალისმიერი მახრადჭერა გამოეყენებინათ.
2017 წლის 22 სექტემბერს, ლვოვის ოლქის მოსტიკის სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეში. 2018 წლის იანვრის შემდეგ, შემდეგ კიევის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს სარჩელზე, რომლითაც იგი სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს დევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა. 6 თებერვალს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ განმეორებით არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან უარი უთხრა მას დევნილის, ან განსაკუთრებული დაცვის სტატუსის მქონე პირის საბუთების გაფორმებაზე.
ზემოთ მოყვანილი სასამართლო გადაწყვეტილებების თანახმად, აღნიშნული პირი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფორმალობის დაცვით, იგი დაბრუნებულ იქნა იმ ქვეყანაში, საიდანაც უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩამოვიდა," - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






