ე.წ. ვედრების ვიზიტების შესახებ მეუფე ზენონის მოსაზრება "ნიუპოსტმა" გამოაქვეყნა სათაურით: "მეუფე ზენონი პატრიარქის ვიზიტზე: კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები?", სადაც მთავარეპისკოპოსი აღნიშნავდა:
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა ანექსია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ინტენსიურად ჩადის რუსეთში. ყველა მიხვდება, რომ ეს განპირობებულია მცდელობით, იქნებ რუსეთთან დათბეს ურთიერთობები და უარყოს მის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სუვენერულ სახელწიფოებად აღიარება. ნეტავ, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ვედრების ვიზიტები და ეს ყოველივე რით დასრულდება?!."; "რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა, იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ - ღმერთს ვთხოვ, რომ ამჯერად მაინც არ დასრულდეს საბა-სულხანის მსგავსად, დღევანდელი ვედრება საქართველოს ეკლესიისა...";
"არცერთი ქვეყანა არ არის კარგი და არცერთი ქვეყანა არ არის ცუდი. სადაც ადამიანია, იქ იმყოფება ბოროტებაცა და სიკეთეც. საკითხი ასე დგას ვინ ვნებს დღეს საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვინ ამცირების ამ ხალხის ღირსებას, ვინ ართმევს საცხოვრისებს, ვინ აკნინებს და ვინ აცრემლებს...".
ზემოთხსენებულმა სტატიამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ფართო განხილვის საგანიც გახდა. როგორც მთავარეპისკოპოსი ზენონი წერს, საღამოს მას საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანმხლები პირი დაუკავშირდა და ამცნო, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა მთავარეპისკოპოსის წუხილი მართებულად აღიქვა:
"სულ ახლახანს დამიკავშირდა მისი უწმიდესობის თანმხლები პირი და დამიდასტურა, ეს ჩემი წუხილი, სწორედ ისეთივე მართებულობითაა გაგებული მისი უწმიდესობის მიერ, როგორადაც ეს ჩემმა გონებამ და გულმა აღმოთქვა. ასევე , მთხოვეს ჩემს გვერდზე გამომექვეყნებინა, რომ მისმა უწმიდესობამ კიდევ ერთხელ , სრულიად შეუვალმა სთხოვა რუსეთის მხარეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კვლავინდებური აღიარება რუსეთის მიერ, როგორადაც იგი აღიარებული იყო მის მიერ ცნობილი აგვისტოს მოვლენებამდე", – აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).
მასალის გამოყენების პირობები






