მიხეილ სააკაშვილმა კიევში, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, რომ ძალოვნები, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, მის "მოტაცებას" ცდილობენ.
"ჩემი დაკავება მათ ვერ შესძლეს, რადგან დაცვამ ისინი გარეთ გაყარა. აქ ჩვენ დაგვიბლოკეს სატელეფონო კავშირი, გათიშეს ვიდეოტრანსლირება. ახლა ერთი ჯგუფი მოშორებით, ავტობუსთან დგას, ხოლო მეორე გარშემო მოძრაობს. ის, რისი გაკეთებაც მათ სურთ სხვა არაფერია, თუ არა გატაცება," - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, პოროშენკოს მისი თავიდან მოშორება და საქართველოში გაგზავნა სურს.
"აქედან სახლში რომ წავიდე, მე დრო დამჭირდება და ისინი გზაში შეეცდებიან ჩვენ დაგვიჭირონ, თავზე ტომარა ჩამოგვაცვან, ხელები გადაგვიგრიხონ," აცხადებს სააკაშვილი.
მომხდარზე კომენტარი სააკაშვილის ადვოკატმა ჩერმოლუცკიმაც გააკეთა. მისი თქმით, პოროშენკოს სურს, რომ სააკაშვილი გაიტაცოს და უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანოს, რადგან, თვით იუსტიციის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ჯერ უნდა დამთავრდეს სასამართლოები და მერე დაიწყება დეპორტაციის ან ექსტრადაციის პროცესი. ეს გრძელი და ხანგრძლივი პროცედურაა და ხელისუფლებას არ აწყობს მისი გახანგრძლივება.
მასალის გამოყენების პირობები






