უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისათვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარის თქმა იქნება, მას მიენიჭება უფლება, თავად აირჩიოს ქვეყანა, სადაც ის გაემგზავრება, ან მისი იძულებითი დეპორტაცია მოხდება.
"წარმოიქმნება რამდენიმე შესაძლებლობა - ის ან თავად აირჩევს და გაემგზავრება ნებისმიერ მისთვის სასურველ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. როგორც ვიცი ჰოლანდიაში მზადყოფნა გამოთქვეს, ის მიიღონ ოჯახთან გაერთიანების პროცედურის ფარგლებში. მეორე გზა კი ასეთია – ნებაყოფლობით ან იძულებით დაბრუნება ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ანუ პოლონეთში. ასევე, საქართველოში ექსტრადიცია გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე”, – განაცხადა ლუცენკომ.
ლუცენკომ დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთან, რა დროსაც მას დაუდასტურეს, რომ საქართველოს პროკურატურას კვლავ სურს, რომ უკრაინამ სააკაშვილი ექსტრადაციის სახით გადასცეს.
"ეს უკანასკნელი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნება ჩემთვის, რადგან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ასი პროცენტით მის დაპატიმრებას ნიშნავს," - განაცხადა ლუცენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






