გასულ კვირას ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველმა ლუკ კოფიმ დაწერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია. კოფი ასევე გამოდის იდეით საქართველო ალიანსში დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული. მის ხედვაზე კოფი "ამერიკის ხმას" ესაუბრა. კოფის თქმით ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება ნატოსთვის დიდი გამოწვევაა:
„ეს ნატოსთვის დიდი გამოწვევაა, და არა საქართველოსთვის. საქართველო ნატოსთან ყველაზე ახლოსაა. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ არასაკმარისი.
ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.
მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა. ცხინვალის და აფხაზეთის მთავრობა უკანონო და არალეგიტიმურია, ჩემი აზრით, ის არც არსებობს. ამ პროცესში მათ არავინ უსმენს. ეს ეხება ნატოს და ქართველ ხალხს, ეს არ არის მარიონეტების რეჟიმის გადასაწყვეტი“, - აღნიშნა კოფიმ.
რას ნიშნავს აღნიშნული მოსაზრება და კომპრომისული წინადადება საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების საკითხში? აღნიშნულის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ექსპერტებს ესაუბრა.
როგორც ჩვენთან საუბრისას სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, აღნიშნულ თემაზე საუბრისას ორი რამ უნდა აღინიშნოს - ის, რომ კომპრომისული წინადადება არ არის ნატო-ს წინადადება საქართველოსადმი, ის არის ლუკ კოფის მოსაზრება და ასევე, ის, რომ ამ წინადადების დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაშიც, ეს არ ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას:
„მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომპრომისულ ვარიანტად დაჩქარებული წესით საქართველომ შეიძლება წინასწარ დათქმა შეიტანოს წევრობის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი ნატო-ს ქარტიისა, არ გავრცელდება ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აქ ორი რამ უნდა აღინიშნოს.
პირველი - ეს არ არის ნატო-ს წინადადება საქართველოსადმი, ეს არის ბატონი ლუკ კოფის მოსაზრება და ეს მოსაზრება ეთანხმება იმას, რაზეც საქართველოს როგორც ხელისუფლების, ისე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები წლების განმავლობაში განიხილავდნენ ჩვენს ნატო-ს კოლეგებთან. პირადად ჩემი აზრით, ამგვარი დათქმის გარეშე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, იქ არსებული საოკუპაციო რეალობა, მუდმივად დარჩება ერთგვარ გარანტიად რუსეთისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ეს დათქმა არის ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საქართველო რეალისტურად გახდეს ნატო-ს წევრი.
მეორე- განსხვავებით იმისგან, რასაც ვაშა-პატრიოტები და სინამდვილეში პრორუსული ძალები ამტკიცებენ, ეს არანაირად არ ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტზე უარის თქმას, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომავალ პერსპექტივაზე უარის თქმას, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სამხედრო ძალით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, მითუმეტეს ნატო-ს დახმარებით არ მოხდება. ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს იურისდიქციაში უნდა დაბრუნდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ამას ხაზგასმით ამტკიცებს საქართველოს ყველა ხელისუფლება წლების განმავლობაში. ამაშიც არ არის ახალი არაფერი.
ანუ ეს არ გახლდათ ნატო-ს წინადადება, მითუმეტეს ნატო-ს მოთხოვნა, რომ საქართველომ თქვას უარი თავის კანონიერ იურისდიქციაზე, ამ ორ რეგიონზე, ეს არის ექსპერტის აზრი და არც ის გულისხმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას“, - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას გიორგი ბადრიძე.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი შეთავაზება არის საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი, გახდეს NATO-ს წევრი სახელმწიფო. შარაშენიძეც აღნიშნავს, რომ მიუხედავად პროვოკაციული განცხადებებისა, მსგვასი წინადადების მიღება არ ნიშნავს ოკუპირებულ რეგიონებზე უარის თქმას:
„არსებულ სიტუაციაში ეს ალბათ ერთადერთი გამოსავალია, იმიტომ, რომ ისმის სხვადასხვა მოსაზრებები, ზოგი პროვოკაციულად ავრცელებს, რომ ნატო-ში შესვლა აუცილებლად ნიშნავს ტერიტორიების დაკარგვას. თუმცა, ახლა დე ფაქტო ხომ დაკარგულია ეს ტერიტორიები? დე იურე არავინ აღიარებს, მაგრამ დე ფაქტო რუსეთს წაღებული აქვს ეს ტერიტორიები. კოფის მიერ ნათქვამი, მისი იდეაა და დიდი ხანია ეს იდეა არსებობს, არის ყველაზე რეალისტური ვარიანტი, მეხუთე მუხლი იცავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. ხოლო იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რუსეთი აკონტროლებს, ჯერჯერობით მეხუთე მუხლი მასზე არ ვრცელდება, სხვანაირად არც გამოვა. ნატო-ში შესვლისთანავე რუსები ასე მარტივად ხომ არ გაიქცევიან? თუმცა, ამ შემთხვევაში კვლავ არავინ აღიარებს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას, ყველა განიხილავს მათ ისევ საქართველოს ტერიტორიის ნაწილებად, მაგრამ ამ ტერიტორიებზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდება. თუმცა, რამდენიც არ უნდა ავხსნათ, მაინც გამოჩნდებიან პროვოკატორები, რომლებიც იტყვიან, რომ ნატო ტერიტორიებს გვაკარგვინებს.
ამ წინადადებაზე როგორც ვიცი სკეპტიკოსები არ მოდიან. ესენი არიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ჰოლანდია. ის, ვისაც ვერ გაუგია და წუხს, ტერიტორიებს ვკარგავთო, ან პროვოკაციებს ატეხს, ნუ ინერვიულებენ -რეალურად, სამწუხაროდ, არც ეს ვარიანტი მუშაობს ჯერჯერობით“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი საექსპერტო ანგარიშის განხილვა არც ერთ ოფიციალურ ფორმატში არ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს მოსაზრებები არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ სამუშაო მაგიდაზე:
„ეს არის ექსპერტის მოსაზრება და დღეისათვის ამ საკითხის განხილვა და მითუმეტეს ასე, ნამდვილად არ მიმდინარეობს არც ერთ უფიციალურ ფორმატში. არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს საკითხი დევს მაგიდაზე და გადაწყვეტილების მიღების რაღაც ოფიციალურ ვერსიებზე ვსაუბრობთ, ასე ნამდვილად არ არის, ეს არის ექსპერტის ვრცელი ანგარიში. ოფიციალურ ფორმატში ნამდვილად არ განიხილება ეს საკითხი და არც განხილულა.
საქართველოს ამოცანა არის ის, რომ წევრობის საკითხი რაც შეიძლება მალე იქნას განხილული. როგორ მივალთ ამ გზამდე, ბევრი მოსაზრებები არსებობს, მაგალითად არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს შეიძლება წევრობა მიენიჭოს მაპის გარეშეც და ასე შემდეგ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავის საუბარი მიმდინარეობს, ჩვენთვის მთავარია ის, რომ სასურველი გადაწყვეტილება იქნას დროზე მიღებული, მაგრამ ლაპარაკის ფორმებზე თეორიულად მრავალი მოსაზრება შეიძლება იქნას გამოთქმული. ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარეობს ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში, არსებითი პაკეტისა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, არც ერთ ფორმატში ეს მოსაზრებები, რაც არის დაფიქსირებული ანგარიშში, არ ფიგურირებს.
თუ საკითხი ხვალ დადგება წევრობაზე, ბუნებრივია, რომ ამის შესახებ ეცოდინება საქართველოს მოსახლეობას და ნებისმიერი მსგავსი საკითხი იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზოგადოების ინტერესები“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






