უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა სიონის ტაძარში აღავლინა. წირვის შემდეგ, ილია მეორემ კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
"მწუხარება და სიხარული თითქოს ტყუპი ძმებივით არიან, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას მოსდევს სიხარული. დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. განსაკუთრებით ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები ამ საშინელი სენისგან,"- ბრძანა ილია მეორემ.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი დღეიდან დაიწყება. პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით, უძღები შვილის მაგალითი მოიყვანა:
"იგავი წინასწარმატყველებაც არის და წინასწარმეტყველებს იმაზე, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან უძღები შვილი. წარსულში უფრო გვიჭირდა, უჭირდა ხალხს მაგრამ სიხარული მაინც იყო, სად დაიკარგა ეს სიხარული?! სად დაიკარგა ეს მშვიდობა?! მაგრამ მშვიდობა დაბრუნდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი. ღმერთმა ინებოს და ყოველი უძღები შვილი დაუბუნდეს თავის მამას," - ბრძანა მისმა უწმიდესობამ.
მასალის გამოყენების პირობები