როგორც აღმოჩნდა, 2017 წლის 22 მაისს, „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტისას, პარკერი დაშავებულებს კი არ ეხმარებოდა, არამედ მათ ძარცვავდა. ეს დასკვნა არენაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერების შესწავლის შემდეგ დაიდო.
მანჩესტერის სასამართლოში, პარკერმა აღიარა, რომ ტერაქტის ორი მსხვერპლის ტელეფონი და საფულე მოიპარა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მსხვერპლისთვის მოპარული საკრედიტო ბარათითაც საარგებლობდა.
მოსამართლე დევიდ ჰერნანდესმა მარკერს 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ კი მანჩესტერის ცენტრში 10 წლით გამოჩენა აეკრძალა.
„თქვენ საერთოდ არ ხართ გმირი, თქვენ ჩვეულებრივი ქურდი ხართ. თქვენ გაქურდეთ ადამიანები, რომლებიც დაშავებულები ან გარდაცვლილები იყვნენ. ამაზე საშინელი გარემოებები რთულად წარმოსადგენია“ - განაცხადა მოსამართლემ.
შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩანს, პარკერი მძიმედ დაშავებულ ქალს პოლინ ჰილს უახლოვდება და ჩანთიდან მის საფულეს იღებს. ამ დროს პოლინის გვერდით, მისი 14 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა.
შემდეგ პარკერი , 14 წლის გოგონას ტელეფონს იღებს.
პროკურორის თქმით, იმ საღამოს გოგონას მშობლები ურეკავდნენ, პარკერი კი ზარებზე არ პასუხობდა და მათ შაბლონური ტექსტი გაუგზავნა - „ ბოდიში, ახლა არ შემიძლია პასუხი.“
სასამართლოზე ასევე განაცხადეს, რომ პარკერი ტერაქტის მსხვერპლებს ფოტოებს უღებდა, რომელიც შემდეგ 140 დოლარად გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ ტერაქტის შემდეგ, უსახლკარო პარკერის „გმირობის“ შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობისთანავე, ფონდმა GoFundMe მის დასახმარებლად 73 500 დოლარი შეაგროვა. ფონდის ცნობით, პარკერი ამ თანხას ვერ მიიღებს და შემომწირველებს დაუბრუნდება.
„მანჩესტერ არენაზე“ ტერაქტი 2017 წლის 22 მაისს, პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც იყვნენ. კონცერტზე დამსწრეთა უმრავლესობას სწორედ ბავშვები შეადგენდნენ.
თავდამსხმელი, რომელმაც წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედი იყო. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა , რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






