„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“ - საქართველოს განათლბისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. აღნიშნული ინიციატივა საკმაოდ რეზონანსული გამოდგა, საზოგადოება კი ორად არის გაყოფილი - ერთი ნაწილი სკეპტიკურად აფასებს, მეორე კი დადებითად არის განწყოვილი სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების მიმართ.
აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტი“ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ესაუბრა:
- მამა თეიმურაზ, რა განსხვავებაა რელიგიისა და რელიგიის ისტორიის სწავლებას შორის? რა მნიშვნელობას ატარებს რელიგიის ისტორიის, როგორც საგნის სკოლებში შეტანა?
- რა თქმა უნდა განსხვავებულია, რელიგია, როგორც საგანი, რომელიც ხშირად ასოცირდება ამა თუ იმ რელიგიის კონკრეტულ თეოლოგიურ, საღვთისმეტყველო ასპექტებთან და რელიგიის ისტორია, როგორც მეცნიერული მიმართულება, რომელიც უკლებლივ ყველა, ძველი თუ ახალი რელიგიის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას გვამცნობს.
ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც, იქაც, სადაც განათლების სისტემას გაცილებით უფრო მდიდარი და უხვი გამოცდილება აქვს, თუნდაც ჩვენთვის ავტორიტეტულ დასავლეთის ქვეყნებში, შეიძლება მიდგომა ამ საგნისადმი ამა თუ იმ ევროკავშირის ქვეყანაში განსხვავებული იყოს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დაფიქრება გვმართებს, რათა არ აღმოვჩნდეთ რაიმე სავალალო სიტუაციაში.
მე მივიჩნევ, რა თქმა უნდა რელიგიის ისტორია ძალიან საინტერესო საგანია, რომელსაც შეუძლია კულტურის ისტორიის კუთხითაც ბავშვებს ბევრი რამ დაანახოს და ბევრ რამეზე აუხილოს თვალი, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი სალექციო კურსია, რომელიც შეიძლება იყოს წაკითხული ბავშვების წინაშე. თუმცა, მე როგორც ამ საგნის ლექტორი უმაღლეს სასწავლებლებში, მივიჩნევ, რომ ჩვენ შესაძლოა სასურველი შედეგი ვერ მივიღოთ, რადგან ბაკალავრიატის საფეხურზეც კი ბავშვები ზოგჯერ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ, ან შესაძლოა სათანადო ცოდნას ვერ ეუფლებიან. რამდენად შეიძლება, რომ სასკოლო ასაკის ბავშვმა მოახერხოს ათვისება ამ ცოდნისა?! შესაძლოა გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდეს, ასე რომ ბევრი კუთხით სჭირდება ამ საკითხს დაფიქრება.
- იმისათვის, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე უკეთ იქნას აღქმული სტუდენტისთვის ამ საგნის არსი, ხომ არ არის საჭირო ერთგვარი წინაპირობა სკოლის ბაზაზე?
- მე ვფიქრობ, რომ არა, იმიტომ, რომ მაგალითად რელიგიის ისტორიის ასათვისებლად სრულიად ბრწყინვალე წინაპირობებს ქმნის ისეთი საგანი, როგორიც არის საკუთრივ ისტორია. ბავშვი, რომელიც სწავლობს მსოფლიო ისტორიას, მას ყოველთვის აქვს შეხება ასეთ საკითხებთან, ვთქვათ რომის იმპერიაში როდის გახდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია, როდის წარმოიშვა ქრისტიანობა, როდის დაიწყო ჯვაროსნული ომები, გარკვეული ტიპის ფაქტები, რომელიც გადაჯაჭვულია ზოგადად პოლიტიკურ მღელვარებებთან და ისტორიაში არსებულ ძლიერ ძვრებთან, როდის წარმოიშვა ისლამი, არაბთა სახალიფო, ისტორიას რომ სწავლობს ბავშვი, მას ავტომატურად გარკვეული კუთხით უხდება შეხება რელიგიის ისტორიასთანაც.
როდესაც უნივერსიტეტში პირველ კურსზე ბავშვი ირჩევს საგანს რელიგიების ისტორიას, მისთვის წინაპირობად საკმაოდ ნორმალურია საკუთრივ ისტორია. მეტსაც ვიტყვი, ისეთი საგანიც კი, როგორიც არის გეოგრაფია, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს წინაპირობაში. ხშირად ვხსნით მსოფლიო რელიგიების კლასიფიკაციას და ადამიანმა უნდა იცოდეს სად მდებარეობს ესა თუ ის ქვეყანა, სად როგორი სიტუაცია არის, თუ ადამიანი იღებს ცოდნას და ვეუბნებით, რომ ბუდიზმი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და ამ დროს ბავშვს არ ესმის გეოგრაფიულ დონეზე ეს მცნება რას გულისხმობს, ის ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება. ასე რომ მთელი რიგი საგნები არსებობს, განსაკუთრებით ისტორიისა და გეოგრაფიის სახით, რომელიც საუნივერსიტეტო ბაზისთვის შესაძლოა წინაპირობად ჩაითვალოს.
- სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რომ სკოლაში და სკოლის სახელმძღვანელოებში, ამ კუთხით გარკვეული ხარვეზები არსებობს, თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ დაინერგა, კონკრეტულად რა კუთხით უნდა ხდებოდეს ამ საგნის სწავლება?
- გლობალური პრობლემა არის საგანმანათლებლო სისტემისთვის - მოგეხსენებათ, რომ სწრაფად იცვლება სახელმძღვანელოები, ბევრი სხვადასხვა სახელმძღვანელო არსებობს, რამდენადაც ვიცი, ერთმა სკოლამ შესაძლოა ერთი სახელმძღვანელო აირჩიოს, მეორემ მეორე. ძალიან მიყვარდა ლიტერატურა ბავშვობიდან, რამდენიმე წლის წინ ჩემი მე-12-ე კლასელი სტიქაროსნის სახელმძღვანელო ვნახე, კარგი გაგებით შემშურდა, ჩემ დროს რომ მსგავსი სახელმძღვანელო ყოფილიყო, გაცილებით მეტი მეცოდინებოდა, შემოტანილი იყო მასალები მსოფლიო ლიტერატურიდან, ლიტერატურათმცოდნეობის შესახებ საინტერესო და საკვანძო საკითხები, თუმცა, ეს საბაკალავრო წიგნად უფრო მომეჩვენა, ჩვენ და სისტემა თავს ვიტყუებთ. სახელმძღვანელოები შესასწორებელია, იმდენი გეოგრაფიის და იმდენი ისტორიის სახელმძღვანელო არსებობს, რომელიც დიდი სისწრაფით იცვლება, რომ გასაოგნებელია. რთულია მივანიჭოთ უფლება გარკვეული ტიპის ავტორთა ჯგუფს, რომ მან ავტორიტეტული ტიპის სახელმძღვანელო გააკეთოს, სადაც ხარვეზები შევსებული იქნება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ძველი მსოფლიოს ისტორიას, იგი ძველ რელიგიებზე საუბარს აუცილებლად საჭიროებს. თუნდაც 20-ე საუკუნის ისტორია, ბავშვებს უნდა დავანახოთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური კონფლიქტის თუ ძალიან ბევრი გლობალური პრობლემის უკან დგას რელიგიური პრობლემატიკა, ვთქვათ ყბადაღებული თემა, ტერორიზმი, როგორც შავი ჭირი, ისე მივიღეთ ჩვენ ეს პრობლემა და მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც ჩართულია გარკვეულწილად ამ პრობლემაში, ჩვენ ვერ ავუქციეთ გვერდი ამ ყოველივეს. როდესაც გვეცოდინება ჩვენ ტერორისტები რა იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ და როდესაც მივხვდებით იმას, რომ ეს თუნდაც ისლამის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, ჩვენ ვაწყდებით აუცილებელ საჭიროებას იმისას, რომ თუნდაც წმინდა პოლიტიკური, ისტორიული, სოციალური ტიპის შესახებ გაკვეთილები თუ ლექციები უკან მალავენ რელიგიის ცოდნის აუცილებლობას. ესეც ხარვეზია და ესეც, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია!
- მამა თეიმურაზ, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ამ საგნის შეტანა სკოლებში, ვინ უნდა ასწავლოს იგი?
- პირდაპირ ვამბობ ჩემს გამოკვეთილ პოზიციას, მხოლოდ იმ სასულიერო პირების ჩართვა უნდა მოხდეს, რომელთაც აქვთ აკადემიური ცოდნა და გამოცდილება, არა საკუთრივ იმ რელიგიაში, რომელსაც ისინი ემსახურებიან, არამედ ზოგადად მსოფლიო რელიგიების ცოდნაში და ობიექტურად წაიკითხავენ გაკვეთილებს. მე როდესაც ვკითხულობ უნივერსიტეტში რელიგიების ისტორიას, ქრისტიანობას ორი საათი ეთმობა, ისევე, როგორც ორი საათი ეთმობა ისლამსაც და ბუდიზმსაც. ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიას, მე იქ ვლაპარაკობ არა როგორც მღვდელმსახური კარგი გაგებით, თუმცა ეს შესაძლოა შესამჩნევი იყოს ჩემი სიმპათიით ჩემი რელიგიის მიმართ გაცილებით მეტად, არამედ მე იქ ვსაუბრობ როგორც მეცნიერი, როგორც მკვლევარი და ანალიტიკოსი. პირდაპირ ვიტყვი, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოპტიმისტი ვერ ვიქნები, რომ გვყავს ბევრი ისეთი სასულიერო პირი, რომელიც შეძლებს რელიგიის ისტორიის წაკითხვას და არ გადაიზრდება შემდეგ ეს საკითხი კატეხიზმოსა და საღმრთო სჯულში.
- რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ამ ინიციატივისა და გეგმის წარმატებით განხორციელება?
- ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის სახელმძღვანელოს შევთავაზებთ ბავშვებს, რა ხალხი იქნება ჩართული ამ პროცესში. არავის არ უნდა ეწყინოს, 90-იან წლებში სხვადასხვა სახელი ერქვა ამ საგანს, ზოგან საღმრთო სჯული, ზოგან რელიგიის ისტორია, ძალიან დიდი ნაწილი მათგან, ვინც ამ საგნებს ასწავლიდა, თავად იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგალითად ჩვენს სკოლაში, რელიგიას ასწავლიდა რელიგიურად ფანატი ადამიანი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პიროვნება, რომელიც თავადაც არ იყო რელიგიის აზრზე, არც ცოდნა ჰქონდა და ამავდროულად ის იყო რაღაც გამოცხადებებზე, სასწაულებსა და სიზმრებზე აღმოცენებული ყალბი რელიგიური ცოდნის მქონე ადამიანი, რომელიც ბავშვებს ლოცვის დაზუთხვასა და რელიგიის გარეგნულ ფომებზე ამახვილებინებდა ყურადღებას. ამიტომ მაქვს კითხვა, ვის ვუშვებთ ამ საგანზე ბავშვებთან სკოლებში? ამას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ ამ საგანს დავნერგავთ, მომავალში აუცილებლად უნდა აღდგდეს წამყვან უნივერსიტეტებში თეოლოგიის პროგრამა, აუცილებლად უნდა მოვამზადოთ კადრები, რელიგიის ისტორიის ბაკალავრები, რომლებიც შემდეგში შეძლებენ ამ საგნის სწავლებას, ამით არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ წამყვანი უნივერსიტეტებიც უნდა დაინტერესდნენ, ამ საკითხშიც ახალ პრობლემას წავაწყდებით, ვინ უნდა შექმნას ეს პროგრამა? ვინ უნდა იყვნენ ლექტორები, მაგრამ ალბათ ეს ბაზა ჩამოყალიბდება და ბუნებრივია, მშობელს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის შვილს ან რაიმეს თავზე ახვევენ, ან რაიმეს არასწორად აგებინებენ. მას უნდა გაუჩნდეს ამ საგნის მიმართ იგივე ტიპის პრეტენზია, რაც შეიძლება გაუჩნდეს მათემატიკის, გეოგრაფიის ან ფიზიკის საგნისა თუ მისი პედაგოგის მიმართ, არ უნდა გაჩნდეს იდეოლოგიური ტიპის პრობლემა.
წმინდა ტერმინოლოგიური კუთხით რომ ვიმსჯელოთ, გადამზადება კიდევ სხვა საკითხია, მაგისტრატურა მოგეხსენებათ ეს არის ბაკალავრიატის შემდგომი და დოქტორანტურის წინარე საფეხური, რომელიც ორწლიანია მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, სადაც უკვე ვიწრო სპეციალიზაციით ხდება ადამიანის გაწაფვა ამა თუ იმ სფეროში და პირდაპირ ვიტყვი თუ თეოლოგიას აღვადგენთ და საერთოდ, რელიგიათმცოდნეობას, როგორც კომპლექსურ სამეცნიერო დარგს აღვადგენთ წამყვან უნივერსიტეტებში, ამაზე უნივერსიტეტების ხარისხის მართვის სამსახურები და თავად ლექტორატი იმსჯელებს, რამდენად აწყობთ მათ ეს ყველაფერი, კომერციულ უნივერსიტეტებს აქცენტი აქვთ გაკეთებული თუ რამდენად მიიზიდავენ პროგრამით სტუდენტებს, ბუნებრივია გარკვეული ფინანსური მომენტებიც დევს შიგნით, შესაძლოა ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უნივერსიტეტებში აუცილებელი მომენტია, თუ ბაკალავრიატი აღდგება, მაგისტრატურაც და დოქტორანტურაც აღდგება. დღეისათვის მხოლოდ თბილისის სასულიერო აკადემიაში ხდება თეოლოგიის დოქტორების გამოშვება, პირველი დოქტორანტი ჩვენ წელს მივიღეთ და ალბათ მომავალში გაგრძელდება ეს ტენდენცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც დაძლევადი არ არის.
- რა მიმართულება უნდა აირჩიოს განათლების სამინისტრომ ამ საკმაოდ მგრძნობიარე საკითხის დაგეგმვისა და განხორციელებისას?
- ჩართონ ამ პროცესში მხოლოდ ის ადამიანები, როგორც ერის კაცები, ასევე სასულიერო პირები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ამ საგნის სწავლებაში, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებში და რომლებსაც აქვთ გამოქვეყნებული შესაბამისი წერილები ან სახელმძღვანელოები აღნიშნულ საკითხებში. მოიძებნებიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჩახედულნი არიან ამ საკითხებში, რომელთა გამოცდილების გაზიარების გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები






